ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება – „ქობულეთობა 2018“ პირველ ივლისს ჩატარდება

ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ის სამზადისშია. ფესტივალი წელს პირველ ივლისს უნდა ჩატარდეს, თუმცა უამინდობის შემთხვევაში შესაძლოა ეს თარიღი შეიცვალოს.

ღონისძიება ზღვის პირას, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი ორგანიზებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

მომსახურებას მუნიციპალიტეტი ტენდერით შეისყიდის. პირობების მიხედვით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • „ერთი წამყვანის დაქირავება. აუცილებელი მოთხოვნაა, ის იყოს ცნობადი სახე.
  • ტერიტორიის მოწყობა – პუფი სავარძლები, ჰამაკები, ნაჭრის შეზლონგები, ჩალის ქოლგები.
  • ანიმატორების მოწვევა – კოსტიუმირებული გმირები სხვადასხვა ცნობილი ფილმებიდან, მეკობრეები; რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ ვიზიტორების გართობას.
  • თანამედროვე, ცნობილი ჰიტების და ქავერების შემსრულებელი ბენდის მოწვევა, არანაკლებ 6-კაციანი [ცოცხალი შესრულებით]. კონცერტი გაიმართება საღამოს და გაგრძელდება 2 საათი.
  • ცნობილი დიზაინერის მოწვევა, 2018 წლის საზაფხულო კოსტიუმების, საზაფხულო აქსესუარების ჩვენება – მუსიკის თანხლებით, საღამოს საათებში, არანაკლებ 12 გოგოს მონაწილეობით.
  • ყვავილების ფესტივალის ორგანიზება – დამზადდება ყვავილების გვირგვინები თავზე გასაკეთებელი, სამაჯურები, საყურეები, მოეწყობა ყვავილების გაყიდვა მინიმალურ ფასად, რომელიც გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში“.

ფესტივალის პარალელურად, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას [ფერების ფესტივალი, ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალი და სხვა.], ქობულეთის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს:

„აქტივობებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული სხვადასხვა კომპანიები [პროდუქტი გაიყიდება მინიმალურ ფასად]. ასევე ზღვაზე სპეციალურად ამ დღისათვის იმოძრავებს სხვადასხვა სახეობის საზღვაო ტრანსპორტი. მთელი დღის განმავლობაში ნონ-სტოპის რეჟიმში სანაპიროზე იქნება მუსიკა დიჯეების მონაწილეობით“.

ღონისძიების დასასრულს იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი.

ტენდერის პირობებში წელს აღარ შედის ბანკეტი და „საზეიმო ვახშამი“.

ამ თემაზე:

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ზღვის სეზონი „ოფიციალურად“ ახლოვდება, ქობულეთში კი ნაპირსამაგრი თუ პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქობულეთში გასამაგრებელი სანაპირო ზოლის სიგრძე 1900 მეტრია. ბულვარის, სულ მცირე, 700- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა კი, 2018 წლის 15 ივნისამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ფონდის ადრინდელი გათვლებით, სანაპიროს სრული რეაბილიტაცია 2 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული.

ქობულეთის სანაპიროს ზღვის სეზონისთვის სანახევროდაც ვერ აღადგენენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com