სასჯელი ქალს პირზე ხელის აფარებისთვის

მოსამართლე ლევან გელოვანმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა ჯ.ი.-ს ოჯახში ძალადობისთვის. მას გამოძიება ოჯახის წევრის – დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას ედავებოდა.

ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, მსჯავრდებულმა მხოლოდ პირზე ააფარა ხელი საკუთარ დას და მისი გაჩუმება ამ გზით სცადა. კონფლიქტი და-ძმას შორის დის ოჯახში მოხდა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„მსჯავრდებული ამბობს, რომ მას კარგი და-ძმობა აქვს და პირზე ხელის აფარებით დის გაჩუმება სცადა, მეტი არაფერი, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.  ქალი იყო განაწყენებული ხელოსნებზე და ამას მოჰყვა შელაპარაკება… მოგვიანებით ქალმა ინანა ის, რომ ამ შემთხვევის დროს პოლიციას დაურეკა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ძმის დაპატიმრება არ სურს,“ – ამბობს ადვოკატი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძმას დის გაჩუმებისთვის 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. მსჯავრდებული უმუშევარია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ პრობაციის ეროვნულმა ბიურომ უნდა გადაწყვიტოს, სად მოიხდის მსჯავრდებული სასჯელს.

ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულ ძმას ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი