ზაზა სარალიძე მოქალაქეებს მოუწოდებს აქციაზე მივიდნენ

ზაზა სარალიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დღეს 18:00 საათზე ისევ მივიდნენ აქციაზე. აქცია თბილისში უკვე მესამე დღეა იმართება.

„შოთაძე ციდან არ ჩამოვარდნილა ის ამ მთავრობამ დანიშნა ამ დეპუტატებმა ამ მინისტრებმა ამ გულგრილმა ჩინოვნიკებმა. მე მათ არ ვენდობი. მათ დანიშნულ არც ერთ პროკურორს აქ რუსთაველზე მოსული ხალხი არ გამოუცხადებს ნდობას.
დღეს საღამოს 6 საათზე, გელოდებით ყველას“, – ეს პოსტი თავის ფეისბუქგვერდზე ახლახანს გამოაქვეყნა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დღეს 2 ივნისს 4 საათზე ზაზა სარალიძეს საპატრიარქოში შეხვდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.


საპროტესტო აქციები 6 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.