ტატუნაშვილის საქმეზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 21 მარტს მიიღო. რეზოლუციას საბჭოს 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მიღებული რეზოლუციით აჭარის უმაღლესი საბჭო გმობს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია და შესაბამისად, არც რეზოლუციის მიღებისთვის დაუჭერია მხარი ოთხ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ რეზოლუციის მიღება, მაგრამ ეს საკითხი მიზანმიმართულად ჩასვეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად. გაცხადებული პოზიცია გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერთ. ამიტომაც არ დავესწარით დღევანდელ სხდომას ბოიკოტის ნიშნად. რეზოლუცია ცალკე რომ განხილულიყო, მხარს დავუჭერდით…  დღეს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თანახმაა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თვითაღიარებული ხელისუფლება ჩაერთოს, როგორც მხარე, ვფიქრობ, რომ ეს ცხინვალში დაღუპული ტატუნაშვილის და ოთხოზორიას შეურაცხყოფაა,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი დიასამიძემ.

პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება აჭარის უმაღლესმა საბჭომ დააგვიანა.

„ეს არ უნდა დარჩეს დოკუმენტი დოკუმენტად. რეზოლუცია უნდა ითარგმნოს და გაეგზავნოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ძალიან ცუდი იქნება,“ – აღნიშნავს პეტრე ზამბახიძემ.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საქართველოში გუშინ, 20 მარტს ჩამოასვენეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი