ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ნაცვლად 4-ისა, რვა გახდა.

რვა ანტენატალური ვიზიტით პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ. პირველ თებერვლამდე დარეგისტრირებული ორსულებისთვის კი პროგრამით  4 ანტენატალური ვიზიტია გათვალისწინებული.

ვიზიტები მოიცავს როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს, კერძოდ:

პირველი ვიზიტით, რომელიც 13 კვირის ორსულობის ვადამდე ინიშნება, გათვალისწინებულია – მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია,  სისხლის საერთო ანალიზი, შარდის კულტურალური გამოკვლევა, სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში, სკრინინგული ტესტები, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი) და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მე-2 ვიზიტით (ორსულობის მე-18-20 კვირაზე)  გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მე-3 ვიზიტით (ორსულობის 26-ე კვირაზე) – მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, შარდში პროტეინურიის განსაზღვრა, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში და სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით.

მე-4 ვიზიტით (ორსულობის 30-ე კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

მე-5 ვიზიტით (ორსულობის 34-ე კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

მე-6 ვიზიტით (ორსულობის 36 კვირაზე) გათვალისწინებულია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია,  შარდში პროტეინურიის განსაზღვრა და ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

მე-7 ვიზიტით (ორსულობის 38-ე კვირაზე)  და მე-8 ვიზიტით (ორსულობის 40-ე კვირაზე) გათვალისწინებულია  მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული სერვისების მისაღებად, ორსულმა ორსულობის 13 კვირის ვადამდე უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიცემა მათზე ფოლიუმის მჟავა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატის მიღებას, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული რეცეპტის და პირადობის მოწმობის საფუძველზე, ორსული შეძლებს აფთიაქებიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან