ფეისბუქი შიშველი ვენერას წინააღმდეგ

ცენზურა 30 000 წლის ვილენდორფის ვენერას „პორნოგრაფიულ“ ქანდაკებასაც შეეხო. შიშველი  ქანდაკების ფოტო ფეისბუქმა სოცქსელისთვის შეუფერებელი პორნოგრაფიული შინაარსის გამო დაბლოკა.

გამოცემა „artnewspaper“-ის ცნობით, ხელოვნების ნიმუშებზე ფეისბუქცენზურა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. „პორნოგრაფიად“ მიჩნეული  „ვილენდორფის ვენერა“ ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმშია (Naturhistorisches Museum) დაცული. თერთმეტსანტიმეტრიანი ქანდაკება დაახლოებით 30 000 წლისაა.

ლორა გჰიანდას მიერ ატვირთული ქანდაკების ფოტო ფეისბუქცენზორებმა მალევე წაშალეს, როგორც მიუღებელი კონტენტი. ლორა გჰიანდას ფეისბუქზე არტისტის გვერდი ჰქონდა დარეგისტრირებული და სოცქსელის გადაწყვეტილება მან არაერთხელ გააპროტესტა, თუმცა ფოტოს გამოქვეყნების ნებართვა მაინც ვერ მიიღო.

                                                                                                              „ვილენდორფის ვენერა”

ადრეული ქვის ხანის პერიოდის ქანდაკება 1908 წელს  ავსტრიაში, ვილენდორფის მახლობლად აღმოაჩინეს გათხრებისას.

ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმი, სადაც ფეისბუქცენზორების მიერ დაბლოკილი ვილენდორფის ვენერას ქანდაკება ინახება, გამოეხმაურა გჰიანდას პოსტს და მოუწოდა ფეისბუქს, „სიშიშვლის ნება დართონ ვენერას“. (როგორც ცნობილია, შიშველი გამოსახულებების ფოტოები მხოლოდ იმ შემთხვევაში იტვირთება სოცქსელში, თუ გენიტალიები დაფარულია).

„მუზეუმის დამთვალიერებლებს არასდროს გაუპროტესტებიათ ვილენდორფელი ვენერას სიშიშვლე, არ არის საჭირო ეს სიშიშვლე სოციალურ ქსელში დაიფაროს, ისევე როგორც არ ვფარავთ ხელოვნების შიშველ ნიმუშებს მუზეუმებში“,- აცხადებს ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორი, კრისტიან კობერლი.

ხელოვნების ნიმუშების მიმართ ფეისბუქცენზურის საკითხი განიხილებოდა ამ წლის თებერვლის დასაწყისშიც. ფრანგმა მასწავლებელმა, ფრედერიკ დიურან-ბაისამ, საჩივარი შეიტანა სასამართლოში ფეისბუქის წინააღმდეგ. ფეისბუქმა 2011 წელს მასწავლებლის ანგარიში მას შემდეგ გააუქმა, როცა დიურან-ბაისამ გვერდზე განათავსა გუსტავ კურბეს რეალისტური ნახატი „L’Origine of the World“-ი, რომელზეც რეალისტურადაა ასახული ქალის გენიტალიები.

             „ვილენდორფელი ვენერა” ფეისბუქცენზურის შემდეგ

 

წყარო:  theartnewspaper

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან