მთავარი,სიახლეები

რატომ არ დასრულდა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

12.02.2018 • 1981
რატომ არ დასრულდა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევში ადგილობრივმა ხელისუფლებამ  გასულ წელს 161 393 ლარი  გამოყო.

შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 8 აგვისტოს  შპს „ლ გრუპ“ – მა გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 118 555 ლარზე გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით  კომპანიას შენობის რეაბილიტაცია 2017 წლის 3 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დღემდე არ დასრულებულა. უფრო მეტიც, პროექტში,  რომლითაც სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოეწყოს,  ცვლილებები ოთხ დეკემბერს შევიდა და  კომპანიას სახელშეკრულებო თანხა 10 986 ლარითა და 95 თეთრით შეუმცირდა.

შუახევის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება  მშენებლობის პროცესში გამოვლინდა.

„პროექტის მიხედვით, საქვაბე შენობის გარეთ უნდა მოწყობილიყო, ცვლილების შემდეგ კი საქვაბის მოწყობა შენობაში დაიგეგმა, რამაც თანხის შემცირება გამოიწვია,“- ამბობს ედნარ შარაშიძე. მისივე თქმით, სახელშეკრულებო თანხით შენობის ინვენტარით აღჭურვა არ არის გათვალისწინებული.

„ინვენტარის  შესაძენად თანხა ბიუჯეტშია გაწერილი. მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ინვენტარის შესაძენად ტენდერს გამოვაცხადებთ,“-ამბობს შარაშიძე.

შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა შუახევში 2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: