მთავარი,სიახლეები

ქართული პროდუქცია ევროპაში – ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტს უჭირს

21.01.2018 • 3034
ქართული პროდუქცია ევროპაში – ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტს უჭირს

შემოდგომის ბოლოს, როცა ზღვისპირეთში მანდარინი შემოდის, ბიზნესმენი ნუგზარ სურმანიძე მორიგი ექსპორტისთვის ემზადება. მან ქართული ციტრუსი წელსაც რუსეთში გაყიდა. ნუგზარმა იცის, რომ ევროპის ბაზარი ღიაა და იქ მანდარინში კარგად იხდიან, მაგრამ მაინც ნაცნობი ბაზარი ურჩევნია. ორი წლის წინ ნუგზარ სურმანიძემ ციტრუსი ავსტრიაში გაყიდა, მაგრამ ამბობს, რომ ევროპული ბაზარი მისთვის მაინც უცხოა და კონტაქტის დამყარება უჭირს.

ნუგზარ სურმანიძე არ არის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელიც ქართული წარმოების ევროპაში ექსპორტისგან თავს იკავებს. პრობლემების ჯაჭვიდან ერთ-ერთი „ციფრული ეკონომიკაა“, რაც საქართველოში „უცხო ხილია“ და რაც სავაჭრო ურთიერთობების ინტერნეტპლატფორმაზე გადასვლას გულისხმობს. ექსპერტები განმარტავენ, რომ „ციფრული ეკონომიკის“ გარეშე, განსაკუთრებით ევროპის ბაზართან, კომუნიკაციის დამყარება შეუძლებელია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ქართველ ბიზნესმენებს რამდენად აქვთ წვდომა ინტერნეტრესურსებთან, შეუძლიათ თუ არა მათ პროდუქტის გაციფრულება, შესაბამისი ინტერნეტპორტალების პოვნა, ან ევროპაში ინტერნეტით საჭირო პარტნიორების მოძიება.

ჯემალ ართმელაძე: ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტს უჭირს…

ხულოში, სოფელ ბეღლეთიდან 17 კილომეტრის დაშორებით მესამე წელია ჯემალ ართმელაძეს ნიორი მოჰყავს. ამბობს, დაახლოებით 2 ტონამდეა მოსავალი და უფრო მეტი მექნებოდა, მთავრობას რომ ნივრის სათესლე პროგრამა არ ჩავარდნოდაო [ნივრის სათესლე მასალაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი 2017 წელს ჩაიშალა].

„ლოდიძირის მთაზე ვთესავ ნიორს. იქ ჯერ კარტოფილი მოდის, მერე ნიორი. ყინვაგამძლეა და კარგად ხარობს… თავიდან არ მეგონა, თუ იხარებდა, მაგრამ გადარჩა,“ – გვიყვება ჯემალ ართმელაძე. – „მაშინ მთავრობამ მოგვცა საჩუქრად სათესლე მასალა და დავთესე. 210 დღე უნდა, ვიდრე მოსავალი მოვა… კილოს დაახლოებით 7-10 ლარად ვყიდი. გასულ წელს გერმანიაში გაიყიდა ჩემი ნიორი. კილოში 3 დოლარი გადამიხადეს… მე არ წავსულვარ არსად, უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები, იმათ იყიდეს და მერე გვითხრეს მთავრობიდან, გერმანიაში გაიყიდაო. მე თვითონ არ მიცდია ევროპაში ვინმესთან დაკავშირება, თაფლიც მაქვს და ბოსტნეულიც, მაგრამ არ ვიცი, რა როგორ უნდა…

ჯემალ ართმელაძე/ ფოტო ფეისბუქგვერდიდან

თავიდან ვფიქრობდი, უკეთესია, მოვიდეს ვინმე და წაიღოს ჩვენი ნიორი და თაფლიც-მეთქი, მაგრამ თუ ჩვენ ვაწარმოებთ, ჩვენვე გავიტანოთ, ეს ჯობია, ან ვინმე ისეთი ვიპოვოთ, რომ იმანაც ნახოს მოგება, მეც… ვიცით, რომ ევროპაში კარგი ფასია, მაგრამ ხომ გესმით, მარტო ვერ იზამ ამას. კოოპერატივი არ გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ შექმნას. მეთაფლეებს გვაქვს კოოპერატივი, მაგრამ თურქეთში გაგვაქვს, ევროპა არ გვიცდია. რა ვიცი, რთულიაო, ამბობენ, ბევრი სერტიფიკატი უნდა და ასე შემდეგ…

კარგი იქნება, ევროპის ბაზარზე გასვლა, მაგრამ აქედან აბა როგორ?… ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტი არა, სუსტია ძალიან, ძირითადად სოციალური ქსელებით ვსარგებლობ… ენაც კარგად უნდა იცოდე, რომ რამე დაიწყო. ინგლისური ვიცი, მაგრამ კარგად არა.“

ჯემალ ართმელაძეს ვკითხეთ, ესწრება თუ არა მთავრობის ან დონორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ტრენინგებს და აქვს თუ არა ეფექტი ამას. გვითხრა, რომ ტრენინგებს სისტემატურად ესწრება, ეს კარგია, მაგრამ „მობილურის ინტერნეტით რა ეფექტი უნდა მქონდეს?“ – გვეკითხება ის.

როდის მოაგვარებს მთავრობა ინტერნეტთან წვდომის პრობლემას

„ციფრული ეკონომიკის“ პირობებში შეუძლებელია კონკრეტული ქმედება განახორციელო ინტერნეტის და ციფრული უნარების გარეშე,“ – ამბობს ავთანდილ კასრაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე. მას ვკითხეთ, რატომ გაჭიანურდა ინტერნეტიზაციის პროცესი.

„წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა კერძო სექტორთან, რათა გვქონოდა ზუსტი მონაცემები,თუ სად არიან უკვე წარმოდგენილი ინტერნეტ ოპერატორები ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით და სად გეგმავენმომავალში შეყვანას, რათა სახელმწიფო კერძო სექტორთან არ შესულიყო კონკურენციაში. სახელმწიფო ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს გაიყვანს მხოლოდ იმ სოფლებში,სადაც კერძო ოპერატორებს კომერციული დაინტერესება არ გააჩნიათ.საქართველოს მთავრობას მიაჩნია ინტერნეტთან წვდომა თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად და სწორედ ამას გულისხმობს ეს პროექტი, რომ სახელმწიფო გაიყვანს იმ სოფლებში ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს, სადაც 200-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და კერძო სექტორის კომერციულ ინტერესს არ წარმოადგენს.უახლოესმომავალში დაიწყება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა მშენებლობაზე ოთხი მიმართულებით. ესენია: სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთის მაგისტრალი, ზუგდიდი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის და ქუთაისი-ცაგერის მაგისტრალები,“ – განმარტავს ავთანდილ კასრაძე.

მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტთან? – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 99 პროცენტს მიუწვდება ხელი ინტერნეტთან „მაგრამ ეს არის ძირითადად მობილური ინტერნეტის ხარჯზე, რაც არ ნიშნავს ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან და უწყვეტ ინტერნეტს, რითაც სოფლების დიდი ნაწილი არ არის დაფარული,“ – დასძენს ავთანდილ კასრაძე.

ჯობია თუ არა რუსეთის ბაზარი ევროპულს?

ნუგზარ სურმანიძეს, ბიზნესმენს, რომელსაც მანდარინი რუსეთში გააქვს, ვკითხეთ, რატომ ჯობია რუსეთის ბაზარი ევროპულს და უცდია თუ არა მანდარინის ევროპის რომელიმე ქვეყანაში გატანა.

„კი მიცდია, ერთხელ ავსტრიაში გავიტანე, ორი წლის წინ იყო ეს,“ – გვიყვება ნუგზარ სურმანიძე, შპს „აგროექსპორტის“ დირექტორი. – „კარგად გაიყიდა ავსტრიაში, მაგრამ ცოტა მქონდა შეტანილი. სულ ერთი მანქანა იყო, ანუ 20 ტონა… უბრალოდ, ბაზრის დაპყრობაა საჭირო, სისტემატურად უნდა მიაწოდო. ერთხელ რომ მიაწვდი, მერე კიდევ უნდა სცადო. მოლოდინი იყო, რომ ბევრს გავიტანდით, მაგრამ რთულია. სახელმწიფოსგან ყველანაირი ხელშეწყობა არის, მაგრამ ბევრი რამეა საფიქრალი. ავსტრიელ ბიზნესმენს ვწერდით დიდხანს და ბოლოს, როგორც იქნა, დაგვთანხმდა. როგორ გითხრათ, უკეთესი სიტუაციაა რუსეთში. თვითონ ჩამოდიან და მიაქვთ. ევროპა ითხოვს ხარისხიან საქონელს, რუსეთს ასეთი მოთხოვნები ნაკლებად აქვს. როგორ ფიქრობთ, რომელი ჯობია? თანაც ციტრუსი მალფუჭებადი პროდუქტია. ევროპაში ბევრად ძვირად გაიყიდა მანდარინი, ვიდრე რუსეთში ვყიდი, ან უკრაინაში, მაგრამ იქ რთულია შეღწევა.“

„მეც ხშირად მიფიქრია, რატომ ურჩევნია მეწარმეს რუსეთი,“ – გვესაუბრება მიხეილ მირზიაშვილი, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორი.

„ცნობილია, რომ რუსეთის ბაზარი ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს და არ არის სტაბილური. იგივე ემბარგო, რაც რუსეთმა დაუწესა საქართველოს ღვინოზე, ნაკლებად იჯერებს ვინმე, რომ უკავშირდებოდა ხარისხს. რუსეთის ბაზარი ურჩევნიათ ალბათ იმიტომ, რომ ურიგდებიან ბაზრის მაკონტროლებლებს და შენ უკვე, როგორც ბიზნესმენს, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვარებული გაქვს სიტუაცია,“ – აღნიშნავს მიხეილ მირზიაშვილი.

მიხეილ მირზიაშვილი, ასევე სხვა ექსპერტები, მიიჩნევს, რომ ექსპორტის წილი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მაშინ გაიზრდება მნიშვნელოვნად, როცა, პირველ რიგში, ეფექტური კომუნიკაცია დამყარდება ევროპის ბაზრის სუბიექტებთან.

„პროდუქტის ხარისხზე აქცენტირება გადაჭარბებული მგონია. ევროპა, უბრალოდ, მოითხოვს იმას, რომ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს მის შინაარსს. რაც შეეხება ენის ფლობას და სხვა სირთულეს, ყველაფერი დაძლევადია, თუკი მეწარმე ურთიერთობის მოსალოდნელ შედეგებს იგრძნობს. ნებისმიერი ბიზნესმენი კი, მოგეხსენებათ, მოგებაზეა ორიენტირებული,“ – დასძენს მიხეილ მირზიაშვილი.

ხელისუფლების ნაბიჯები ევროპის ბაზრისკენ

თუკი ფერმერი Google-ს საძიებო სისტემაში ჩაწერს „ექსპორტს“, იქ მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის კომენტარს ნახავს, როგორ იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი საქართველოდან და რამდენად საგრძნობი წარმატება აქვს ქვეყანას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველადი მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ექსპორტის მაჩვენებელი 29.1 პროცენტით გაიზარდა და მან 2 439 733 ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ევროკავშირის ქვეყნებში – 579 751 მილიონი.

სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი პროდუქტი ექსპორტის სახით თურქეთში გააქვს, შემდეგ რუსეთსა და ჩინეთში. ამ ქვეყნების სიის ათეულში ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიაა [მე-7 ადგილი], ბულგარეთი [მე-9 ადგილი] იტალიაა [მე-10 ადგილი].

საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მხოლოდ ქართული ღვინოა. საქართველოდან ექსპორტის სახით ყველაზე მეტად სპილენძი და ფეროშენადნობები გადის, ასევე მსუბუქი ავტომანქანები [იგულისხმება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილების ექსპორტი].

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში [2015 წელი] ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზება თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრიორიტეტის შესასრულებლად?

ნაბიჯი 1. – საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოაყალიბა და ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯა. 60 სამსახური ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია და იქ ვეტერინარი, აგრონომი, ბიოლოგი და ტექნიკური პერსონალი მუშაობს. ამ სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის კვლევა გასულ წელს ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანამ“ აწარმოა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში. კვლევა სახელწოდებით – „ცოდნის მიღებისა და საინფორმაციო სისტემების განვითარების გზით მცირე ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბაზრის მისაწვდომობის გაუმჯობესება“ ასეთი დასკვნით სრულდება:

„მიუხედავად დონორების დახმარებისა და სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც მნიშვნელოვან აქცენტს ინფორმაციის გადაცემაზე აკეთებს, ამ საკითხების გადაჭრა ვერ მოხერხდა და ფერმერებსა და კოოპერატივებს მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე ხელი კვლავ არ მიუწვდებათ“.

კვლევაში ასევე წერია: „დაარსებიდან დღემდე სამსახურების საქმიანობა უფრო სპონტანურია და არ ეყრდნობა გრძელვადიან ხედვას…“

ნაბიჯი 2: ტექნოლოგიური პარკები

საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად და დამწყები ბიზნესის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ 2016 წელს ტექნო პარკები შექმნა თბილისსა და ზუგდიდში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილის, ავთანდილ კასრაძის თქმით, იგეგმება ტექნო პარკის ბათუმში გახსნაც.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები აჭარის მთავრობასთან, ასევე ბათუმის მერიასთან, რომ გამოიყოს შესაბამისი შენობა. იმედია, მალე დასრულდება ეს ეტაპი და ჩვენ უმოკლეს დროში ავამოქმედებთ ტექნოპარკს ბათუმში. ტექნოპარკი არის ციფრული საზოგადოების განვითარების საშუალება, ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს ცოდნა ახალი ტექნოლოგიების შესახებ. აქ არის ასევე ბიზნესინკუბატორი, რომ მოხდეს იდეის ფორმირება და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება…“

ავთანდილ კასრაძეს ვკითხეთ, დაეხმარება თუ არა ტექნოპარკი ბიზნესმენს, მაგალითად, ევროპაში მისთვის სასურველი ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში?

„ამ კუთხით ტექნოპარკი ვერ დაეხმარება, მაგრამ ბიზნესსაქმიანობის კონცეფციის შემუშავებაში დაეხმარებიან. მას ექნება ინფორმაცია, სად უნდა მოძებნოს შესაბამისი ბაზები. ეს არ არის ორგანო, რომელიც ბიზნესკომპანიას კონკრეტულ კვლევას გაუკეთებს ბაზრების შესახებ… ჩვენ გვაქვს ასევე ინოვაციის აგენტების პროექტი, როცა ექსპერტები მიდიან ტრადიციულ ბიზნეს ორგანიზაციაში და ატარებენ ტექნოლოგიურ აუდიტს. ისინი დადებენ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ის უფრო მომგებიანი გახდეს. ეს პროექტი არის პილოტირების რეჟიმში და ამის შემდეგ დაიწყება ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. დაგეგმილია 75 კომპანიის შესწავლა,“ – გვითხრა ავთანდილ კასრაძემ.

სამინისტრო: არაფერი ხელს არ უშლით იმაში, რომ ფეისბუქგვერდი მაინც შექმნან

„კერძო სექტორს ხომ არ დავავალებთ, მოწეული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გაყიდონ? ეს მათი გადასაწყვეტია, თავისუფალი ბაზრის პრინციპია. ჩემი ვარაუდით ხდება ის, რომ იქ მეტი მოთხოვნებია, სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ…“ – გვიპასუხა ლაშა ინაურმა, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მასთან ვცადეთ გარკვევა, სამინისტროს შეფასებით, რის გამო არ იმატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში და რა არის ხელშემშლელი გარემოებები.

„სახელმწიფოზე რაც არის დამოკიდებული, ვაკეთებთ: ბაზარი გახსნილია, კონტროლი ხორციელდება, ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცებულია, ბარიერები არ არსებობს… სახელმწიფოს რაც ხელეწიფება ხელშეწყობის კუთხით, ვაკეთებთ,“ – ამბობს ლაშა ინაური.

რატომ ურჩევნიათ, მაგალითად, ქართველ ფერმერებს, რომლებსაც თხილი მოჰყავთ, ევროპულ ბაზართან პირდაპირი კომუნიკაციის ნაცვლად, თხილი ადგილზე გაყიდონ და თურქეთის გავლით იგი მაინც ევროპულ ბაზარზე მოხვდეს?

„რატომ ურჩევნიათ, რა ვიცი, სახელმწიფო ხომ ვერ ჩაერევა ამაში. სახელმწიფო ხომ არ ეტყვის, არ მიყიდოთ თურქებს და ასე შემდეგ. შეუძლია არ მიყიდოს თურქს და თვითონ გაიტანოს… ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვიცი ის, რომ მეთხილეებს ძალიან კარგი კოოპერატივი გაუკეთეს და ერთ-ერთ კოოპერატივში, სამეგრელოში 100-მდე წევრია,“ – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.

ლაშა ინაურის შეფასებით, მთავარი პრობლემა არის არა კომუნიკაცია, არამედ არასაკმარისი საწარმოო სიმძლავრეები. მიიჩნევს, რომ დროდადრო მოცემულობა შეიცვლება და როცა სოფლის პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდება, ფერმერები კომუნიკაციის დამყარებასაც იოლად შეძლებენ.

ლაშა ინაური, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მეწარმეებს კომუნიკაციის კუთხით ეხმარება სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ასევე იმართება საერთაშორისო გამოფენები. გაციფრულებას რატომ არ ახდენენ პროდუქციის, ეს მე არ ვიცი. დღეს, ციფრულ ეპოქაში, არაფერი ხელს არ უშლით იმაში, რომ ფეისბუქგვერდი მაინც შექმნან“.

ამერიკელი მოხალისე: მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესს გარე ბაზრის მოძიებაშ

ამერიკელი ბიზნესმენი მერი ჩენდლერი 40 წლის განმავლობაში მართავდა ციფრულ კომპანიას – Great Big Pictures. ახლა იგი მშვიდობის კორპუსის მოხალისეა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მუშაობს. მერი ჩენდლერი მიიცნევს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მთავარი – სტრატეგია, რომელიც ბიზნესს გაუადვილებს გარე ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

მერი ჩენდლერი

„გავიხსენებ ჩემი შტატის, ვისკონსინის მაგალითს,“ – გვიყვება მერი ჩენდლერი. -„ვისკონსინი ცნობილია რძის პროდუქტების წარმოებით. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა მოეძიებინა რძით, ყველით და მსგავსი პროდუქციის ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეები, ასევე შეისწავლა ყველა ის პროცედურა, რაც უნდა გაევლო პროდუქციას და რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ეს არის მთავრობის მხრიდან შემუშავებული ბიზნესის განვითარების სტრატეგია. ეს სტრატეგია უადვილებს ადგილობრივ მეწარმეს გარე ბაზარზე დაამკვიდროს თავისი პროდუქცია. ადგილობრივი მეწარმეების მიერ უცხოურ ბაზარზე ექსპორტის შედეგად საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტში შემოტანილი თანხა არის უზარმაზარი სარგებელი ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესს გარე ბაზრის მოძიებაში. არის ასევე იმპორტით დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო ადვილად აკავშირებს ადგილობრივ მეწარმეებს გარე ბაზართან. არ ვარ მომხრე ამისთვის მთავრობაში რაიმე დამატებითი სამსახური, სააგენტო ან რაიმე მსგავსი შეიქმნას. აღნიშნული საქმიანობა შეუძლია შეითავსოს ეკონომიკის ან სავაჭრო დეპარტამენტმა.“

რა ფორმით იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებს კომპანია, სადაც მერი ჩენდლერი მუშაობდა?

მერი ჩენდლერი:ჩემს ბიზნეს კომპანიაში ინტერნეტ რესურსებს აქტიურად ვიყენებდით. გვყავდა მთავარი ბიზნეს მომხმარებლები, რომლებთანაც ექსკლუზიურ ელექტრონულ მიმოწერას ვახორციელებდით. ჩვენ კომპანიაში გვქონდა „R & D“ კვლევის (მოძიების) და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც მომხმარებლის დაკვეთის შესაბამისად ეძებდა ბაზარზე პროდუქციას, ვსწავლობდით როგორც ადგილობრივი, ასევე გარე ბაზრებს. ამ პროცესში იყო აქტიურად ჩართული ასევე შესყიდვების დეპარტამენტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ბიზნესი ცოტა სპეციფიკური იყო, კომპანიის რეკლამირებისთვის სოციალური მედიის არხებს გარკვეული დოზით ვიყენებდით, ისე, რომ არ გაღიზიანებულიყო მომხმარებელი კომპანიის საქმიანობის მუდმივი შეხსენებით. არსებობს მომხმარებელთან კომუნიკაციის სხვა ეფექტიანი ინტერნეტ რესურსები და აპლიკაციები, ერთ-ერთი ასეთია – Salesforce.“

მოლოდინი

„ციფრული ეკონომიკა: ახალი შესაძლებლობა ევროკავშირში მეტი ინტეგრაციისთვის“, – ამ სახელწოდებით კვლევა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მოამზადა. კვლევაში აღნიშნულია:

„ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვა და ფუნქციონირება საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები მოსახლეობასა და ბიზნესს სხვადასხვა სახის ელექტრონულ მომსახურებას აწვდიან, თუმცა, გაეროს 2016 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული ჩართულობის მხრივ საქართველოს პოზიციები 193 ქვეყანას შორის გაუარესდა: ელექტრონული მმართველობის მხრივ საქართველო 61-ე ადგილს იკავებს (2014 წლის ამავე კვლევაში 56-ე ადგილს იკავებდა), ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ – 76-ე ადგილზეა (2014 წელს 49-ე ადგილი ეკავა).

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება მიიღოს კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ. ამ კანონმა უნდა განსაზღვროს რეგულაციები და ერთიან ფორმატში მოაქციოს ისინი. ელექტროკომერციის კანონპროექტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს, თუმცა დღემდე მასზე მუშაობა და პარლამენტისთვის წარდგენა ვერ მოხერხდა.

მთავარი ფოტო: სააგენტო Farmeinguk.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: