მთავარი,სიახლეები

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

15.01.2018 • 25134
როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან პოლონეთი არის გამონაკლისი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება აქვთ. საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. მსგავსი შეთანხმება არსებობს ესტონეთთანაც, თუმცა სქემა ჯერ პილოტირების ეტაპზეა და დასახვეწია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში დროებით შრომით მიგრაციას ეძღვნება. კვლევის დროს გამოკითხეს უშუალოდ ის მიგრანტები, ვისაც პოლონეთში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ასევე დამსაქმებელი და შუამავალი სააგენტოები. კვლევის მიხედვით, პოლონეთში დასასაქმებლად, ძირითადად, 20-45 წლამდე  ასაკის ადამიანები მიდიან, უმეტესად მამაკაცები. კვლევა ბევრ ასპექტს მოიცავს.

ერთ-ერთი ასპექტის მიხედვით, არ არსებობს სახელმწიფო ან კერძო სქემა, რომელიც პოლონეთში შრომით მიგრაციას ხელს შეუწყობდა, რასაც კარგად იყენებენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში ასაქმებენ. კვლევის მიხედვით, მოქალაქეებისთვის ყველაზე რთული პოლონეთის საელჩოში სავიზო განაცხადის დამოუკიდებლად დარეგისტრირებაა: საელჩოში გასაუბრებისთვის ხელმისაწვდომი თარიღების გამოცხადებისთანავე შუამავლები (სააგენტოები, რომლებიც შრომით მიგრანტებს პოლონეთში ასაქმებენ) იკავებენ. შედეგად მოქალაქე, რომელიც თვეების მანძილზე ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, იძულებულია შუამავალ კომპანიას დაუკავშირდეს.

საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მუშაობდა პილოტურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქვეყანაში (პოლონეთსა და ესტონეთში) ლეგალური მიგრაციის სქემების დანერგვის წინაპირობის მომზადებას. პროექტი 24 თვეს მოიცავდა.  24 თვის განმავლობაში, ანუ 2015-2017 წლებში სახელმწიფომ სულ 15 ადამიანის ლეგალურად დასაქმებას შეუწყო ხელი. ყველა დასაქმებული პროფესიით ელექტროშემდუღებელი იყო.

ეს 15 ადამიანი, worknet.gov.ge-ზე, დასაქმების სამთავრობო პორტალზე, დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან აარჩია შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა. დასაქმების საიტზე 70 ათასზე მეტი დასაქმების მსურველია დარეგისტრირებული. ადამიანები, ვინც სამუშაოს პოვნას საზღვარგარეთ ცდილობს, არ და ვერ ელოდებიან როდის მოხვდებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის სიაში. ისინი სამუშაოს საკუთარი ძალებით ეძებენ და ამ მიზნით ხშირად საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევთ შუამავალი კომპანიებისათვის.

რა გზას გადიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ მიდიან

გიორგის არ სურს მისი ვინაობა გავამჟღავნოთ. ის დეტალურად გვიყვება გზას, რომელიც უკანასკნელ წელიწად-ნახევარში გაიარა. არ მინდა სხვასაც ის დაემართოს, რაც მე გამოვიარეო, – გვითხრა.

პოლონეთში სამუშაოდ 2016 წლის აპრილში წავიდა. საქართველოში უმუშევარი იყო. დასაქმების შუამავალი სააგენტო თავისი ძალებით იპოვა. პოლონეთის სამუშაო ვიზაში, ჯამში, 1000 ევრო გადაუხადა სააგენტოს. პირობისამებრ, შუამავალ სააგენტოს უნდა ეპოვა სამსახურიც. გიორგის პირობა იყო, რომ მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, არ შეეძლო მშენებლობაზე ემუშავა, სხვა ნებისმიერ სამსახურზე იყო თანახმა. საბოლოოდ დასაქმების სააგენტომ მას პოლონეთ-გერმანიის საზღვართან ახლოს, მშენებლობაზე უშოვა სამსახური. გიორგი არ დათანხმდა. ვიზის ათვლა უკვე დაწყებული იყო.

გიორგი კიდევ ერთი კვირა ელოდა სააგენტოდან პასუხს. ბოლოს ადგა და პოლონეთში ისე წავიდა, არ იცოდა, იქ სად უნდა ემუშავა. გზა დასაქმებამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. მოუწია ავეჯის საამქროში მუშაობა – ავეჯს ღებავდა. უხელფასოდ. მერე ერთ-ერთ ეკლესიასთან არსებულ სათნოების სახლში მზარეულის დამხმარედ მუშაობდა. მოატყუა მღვდელმა, რომელმაც თავიდან სამსახურში აიყვანა და კარტა პობიტუს – სამუშაო ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ყოფნის ნებართვა ეწურებოდა, მოუწია სხვადასხვა მძიმე სამუშაოზე მუშაობა, საკმარისი ფული რომ მოეგროვებინა სამუშაო ნებართვის ასაღებად.

ხელფასი და საცხოვრებელი პირობები

გიორგი ამბობს, რომ ყველა ის ილუზია, რომელიც ქართველებს საზღვარგარეთ წასვლამდე აქვთ, დანიშნულების ქალაქში ჩასვლისთანავე ქრება. პირველი მოლოდინი – ხელფასი თითქმის არასდროსაა ისეთი, როგორსაც ელოდები. თუ დამსაქმებელი საათში 9 ზლოტს გიხდის, მაშინ გთავაზობს ჰოსტელის ტიპის საცხოვრებელს. ხოლო თუ თქვენი ანაზღაურება საათში 11 ზლოტია, მაშინ ღამის გასათევზე ზრუნვა თავად გიწევთ. საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 500 ევროა. თუმცა არსებობს მაღალანაზღაურებადი პროფესიებიც. 800 ევრო და უფრო მეტი აქვს პროფესიონალ შემდუღებელს, ტრაილერის მძღოლს, ელექტრიკოსს. ის მძიმეს უწოდებს საცხოვრებელ პირობებს, რომელშიც თავად ცხოვრობს. დაქირავებული ბინის გაზიარება უწევს სამ სხვა ადამიანთან, სადაც ყველაფერი საერთოა – სააბაზანო, სამზარეულო, მაცივარი.

გზას პოლონეთში ლეგალურად დასაქმებამდე

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მუშაობის ნებართვის გარეშე დასაქმდნენ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, არაუმეტეს ექვსი თვისა ერთი წლის განმავლობაში. პოლონელი დამქირავებელი, როდესაც აპირებს სამუშაოზე უცხოელის აყვანას, ვალდებულია ადგილობრივ [პოლონურ] შრომით სააგენტოს აცნობოს ამის შესახებ და შეავსოს განაცხადი. სამუშაოს მაძიებელმა უნდა მოიძიოს პოტენციური დამსაქმებელი ან სააგენტო, რომელიც დაეხმარება, შეავსოს დეკლარაცია და შემდეგ ეს საბუთები გამოიყენოს პოლონეთის საელჩოში ვიზის მისაღებად.

შუამავალმა სააგენტომ უნდა შეგავსებინოთ დეკლარაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თქვენი პირადი მონაცემები, მომავალი დამსაქმებლის მონაცემები, იმ სამუშაოს აღწერა, რომელიც უნდა შეასრულოთ. სამუშაო ადგილის მისამართი, მოსალოდნელი ხელფასი, სამუშაოს დაწყების თარიღი, კონტრაქტის ხანგრძლივობა და კონტრაქტის სახეობა (შრომითი ან სამოქალაქო).  დეკლარაციის ფორმა და რეგისტრაცია არის უფასო.

www.praca.pl/en –ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე გაეცნოთ ვაკანსიებს. ამ საიტებზე კი ვაკანსიები მხოლოდ პოლონურ ენაზეა – www.ngo.pl ; www.pracuj.pl

აქ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, სადაც დასაქმებას აპირებთ: stat.gov.pl/en/ ან www.krs-online.com.pl. ამავე ვებგვერდზე შეძლებთ შეამოწმოთ ნამდვილად არის თუ არა ის დასაქმების სააგენტო დარეგისტრირებული დამსაქმებელთა სააგენტოების სიაში, რომელ სააგენტოსაც მიმართავთ.

როგორ შევარჩიოთ სააგენტო

პოლონეთში დასაქმების გამარტივებამ გააჩინა სხვადასხვა სააგენტო თუ კერძო პირი, რომლებიც მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ საზღვარგარეთ დასაქმებას სთავაზობენ.

„800 დოლარი უვიზოდ და 1000 დოლარი ვიზით,“ –  ასეთია თბილისში მდებარე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს პირობა, რომელსაც ის სამუშაოს მაძიებლებს უყენებს. დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა, ღიად საუბარი არ სურთ, ამიტომ ჩვენ მათ განმეორებით დავუკავშირდით, როგორც სამუშაოს მაძიებელი.

ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, პოლონეთის სამუშაო ვიზის გაკეთებას თვე-ნახევარი სჭირდება, ამიტომ გვირჩია უვიზო მიმოსვლით გვესარგებლა და ასე 200 დოლარს დავზოგავდით. 800 დოლარში, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს, შედის ერთი გზის ავიაბილეთი და სააგენტოს მომსახურების მოსაკრებელი. კითხვაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მესაზღვრე შენგენის საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მოგვცემდა, სააგენტოს წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ პასუხისმგებლობას მთლიანად იღებდნენ.

რატომ არ უნდა გადაუხადოთ საქართველოში მოქმედ დასაქმების სააგენტოებს თანხა

დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ 181-ე კონვენციის მიხედვით, რომელიც ჟენევაში 1997 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენციაზე მიიღეს და რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა, დასაქმების სააგენტოებს არ აქვთ უფლება სამუშაოს მაძიებლებიდან ჰონორარი ან სხვა მოსაკრებელი აიღონ. სააგენტოები ამ თანხას იღებენ უშუალოდ დამსაქმებლისგან, იმ კომპანიისგან, რომელშიც თქვენ გასაქმებენ.

რატომ გვჭირდება და როგორ უნდა მივიღოთ პოლონეთის ვიზა

ბევრი სააგენტო, რომელიც დღეს პოლონეთში დასაქმებას ჰპირდება მოქალაქეებს, ამტკიცებს, რომ სამუშაო ვიზა არ გჭირდებათ. გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ სააგენტოები მოქალაქეებს აკავშირებენ დამსაქმებელთან, მოქალაქე მიდის პოლონეთში, საზღვრის კვეთისას კი სარგებლობს უვიზო მიმოსვლით.

თუკი შუამავალი დამსაქმებელი სააგენტო მსგავს პირობებს გთავაზობთ, არ გირჩევთ თანხის გადახდას. ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც პოლონეთთან გამარტივებულ პროცედურას ეხება, გარკვევით წერია, რომ სამუშაო ვიზა გჭირდებათ. ამ ვიზის მიღებაში კი, თუ თავად ვერ ახერხებთ, დამსაქმებელი სააგენტო უნდა დაგეხმაროთ.

მას შემდეგ, რაც ვიზას მიიღებთ და პოლონეთში ჩახვალთ, აუცილებლად უნდა გააფორმოთ კონტრაქტი დამქირავებელთან. გაქვთ უფლება მოითხოვოთ კონტრაქტის მშობლიურ ან სხვა, თქვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – უშუალოდ სამუშაო ადგილზე ჩასულ მოქალაქეებს არ მოსწონთ ის პირობები, რასაც დამსაქმებელი ახვედრებს. მოქალაქეს აქვს უფლება, იპოვოს ახალი დამქირავებელი და სწორედ მასთან გააფორმოს კონტრაქტი. ოღონდ ამ შემთხვევაში ახალმა დამქირავებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს სარეგისტრაციო პროცედურა ადგილობრივ შრომით ოფისში.

სამუშაოს ნებართვის გარეშე პოლონეთში მუშაობა 6 თვის მანძილზე შეგიძლიათ. თუ უფრო დიდხანს აპირებთ დარჩენას, ამ შემთხვევაში თქვენმა დამქირავებელმა უნდა შეიტანოს განცხადება თქვენთვის მუშაობის ნებართვის გაცემის თაობაზე. მუშაობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არის 30 დღე და, როგორც წესი, 3 წლამდე ვადით გაიცემა.

რაც შეეხება ვიზის გაგრძელებას, ეს თავად უნდა მოახერხოთ. მოქმედი ვიზის ამოწურვამდე 45 დღის განმავლობაში შესაბამის ადგილობრივ მმართველ ორგანოს (ვოივოდას) უნდა წარუდგინოთ განაცხადი დროებითი ცხოვრების ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკომუნიკაციო ენა

მთავარი დაბრკოლება, რომელიც ქართველ მიგრანტებს პოლონეთში ხვდებათ, არის ენის ბარიერი. სამუშაოდ წასვლის მსურველები იმედოვნებენ, რომ ინგლისურად ან რუსულად შეძლებენ კომუნიკაციას. ეს უმრავლეს შემთხვევაში არ მართლდება. პოლონეთში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხშირად პოლონელებს ესმით რუსული, თუმცა პრინციპულად არ საუბრობენ ამ ენაზე.

ნინი ვარშავაში მეუღლესთან ერთად სამი თვის წინ წავიდა. წასასვლელად შუამავალ კომპანიას მიაკითხა. სააგენტომ მას მომსახურებაში 500 ევრო გადაახდევინა. ცოლ-ქმარს პოლონეთის ვიზა არ აუღია. მათ, ისე როგორც არაერთმა სხვა ქართველმა, რომელიც ბოლო დროს პოლონეთში სამუშაოდ მიდის, უვიზო მიმოსვლით ისარგებლეს და ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წყალობით შევიდნენ.

„სააგენტოში გვითხრეს, რომ აქ [პოლონეთში] კარგი სიტუაცია დაგვხვდებოდა, რომ 700 ევრო იქნებოდა ანაზღაურება, ბინას სამსახური მოგვცემდა და რაც მთავარია,  ენის ბარიერი არ გვექნებოდა, რუსულად საუბრობენო. წამოვედით. დაგვხვდა სხვა სიტუაცია. პირველი სამსახური, რომელიც დამსაქმებელმა დაგვახვედრა, იყო ლაბორატორია. 12 ქართველი ვმუშაობდით. რამდენიმე დღე ვიყავით მხოლოდ. ერთმა ქართველმა ვერ გაუძლო, უფრო სწორად, ვერ გაიგო რას ეუბნებოდა დამსაქმებელი. ყველა ერთად გამოგვიშვეს. ქართველმა დამსაქმებელმა სხვა სამსახურში გაგვიშვა, იქიდანაც გამოგვიშვეს. მოტივი ის იყო „ენა არ გესმით, ჩვენ კიდევ ვალდებულები არ ვართ რუსულად გესაუბროთ. კეთილი ინებეთ და პოლონური ისწავლეთო“. ჩემი მეუღლე სხვაგან მუშაობდა. უმუშევარი ვერ ვიქნებოდი. ხუთი ქართველი გოგო წავედით, საკონდიტრო ქარხანაა დიდი – „ტაგო“ და იქ დავიწყე მუშაობა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. ფილმებში  ხდება მარტო მსგავსი დამცირება, შეურაცხყოფა…  გვიყვიროდნენ, უზრდელურ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვმუშაობდით. ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით. მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. უნდა გვემუშავა და გაგვეძლო როგორმე ერთი თვე, რომ გზის  ფული გვქონოდა. იყვნენ გოგოები, რომლებმაც ვერ გაუძლეს – 12 საათი ვმუშაობდით და 15 წუთი გვქონდა შესვენება. ამ დროში უნდა მოგესწრო ჭამა. თუ ვერ მოასწრებდი, კამერა იყო სამზარეულოში და ჯარიმას გიწერდნენ, ანუ თანხა გაკლდებოდა“.

ნინი და მისი მეუღლე საქართველოში დაბრუნებას აპირებენ, რადგან პოლონეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ეწურებათ.

რას აკეთებს ხელისუფლება ევროპაში ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობისთვის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ, „ბათუმელებთან“ თქვა, რომ როდესაც პილოტურ პროექტზე მუშაობა დაიწყეს, მთავარი იყო ბაზრის კვლევის ჩატარება და იმის გაგება, თუ რა საჭიროებები ჰქონდა პოლონურ შრომით ბაზარს, რომელი პროფესიები იყო დეფიციტური, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმება.

worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან შერჩეულ ელექტროშემდუღებლებს დასაქმებამდე ტესტირება ჩაუტარდათ, მათი კვალიფიკაციის გადასამოწმებლად კი უშუალოდ პოლონელი დამსაქმებლები იყვნენ ჩამოსული.

„მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა, ვინაიდან ლეგალური სქემა ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. პოლონეთის პარალელურად მიმდინარეობს ესტონეთში შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა. შერჩევა შესაბამისი პროფესიის ადამიანების და შემდეგ ზუსტად იმავე სცენარით მოხდება ამ ადამიანების ლეგალური სქემების გზით დასაქმება,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად განიხილავს ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან ლეგალური დასაქმების სქემების ამოქმედებას.

2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ. თუმცა არ აქვთ უფლება, ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმდნენ. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 7 თვეში უვიზო მიმოსვლით   დაახლოებით 160 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, პროცედურა კი  6%-მა დაარღვია, ანუ 9600 ადამიანი საზღვარგარეთ 90 დღეზე მეტი ხნით დარჩა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: