მთავარი,სიახლეები

შეზღუდვები თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებისთვის – საკონსულოს განმარტება

09.01.2018 • 5694
შეზღუდვები თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებისთვის – საკონსულოს განმარტება

საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთთან მიმოსვლის პირობა შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ [ძირითადად ბათუმსა და მის შემოგარენში მცხოვრებლები] და ამის გაკეთება მათ შეეძლოთ შეუზღუდავად, ახალი რეგულაციების თანახმად, მათი თითოეული გადასვლა (თუნდაც ერთი საათით) აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის 1 დღე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ სამუშაოზე თურქეთში გადამსვლელებს ამიერიდან 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით გადასვლის უფლება ექნებათ.

რეგულაციების დეტალებთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ„ N:6458 კანონის 11-ე მუხლის თანახმად „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. მე-19 მუხლის თანახმად კი „თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა”.
ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა – შესაძლოა გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წ. 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება”, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

საქართველო-თურქეთის საზღვარს ყოველდღიურად ასეულობით საქართველოს მოქალაქე კვეთს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე მუშაობენ. დღემდე მათი თურქეთში ვიზიტი არ ფიქსირდებოდა როგორც 1-დღიანი. ამიერიდან თურქეთში მუშაობის მსურველ მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის აღება მოუწევთ.

გადაბეჭდვის წესი