ძალა ერთობაშია, ერთობა კი – ევროპაში

დათო ჯინჭარაძე, მე-12 კლასის მოსწავლე

სახელი „ევროპა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ევროპა ფინიკიის მეფის ასული იყო, რომელიც ზევსმა ევროპის მამას  მოსტაცა. ბერძნულ ევროპასა და ევროპის კონტინენტს, სახელის გარდა, ბევრი საერთო რამ ახასიათებთ. ისევე როგორც ქალიშვილი ევროპა, ევროკავშირიც ბევრი მითითაა მოცული და ფინიკიის მეფის მსგავსად, ის საქართველოსაც მოსტაცეს.

როგორ მოგვტაცეს ევროპა? ვინ წაგვართვა ევროპელობა?

სინამდვილეში ევროპა ჩვენთვის არავის წაურთმევია. შეუძლებელია წაგართვან ის, რაც უკვე ხარ. თუმცა, შესაძლებელია შენი ვინაობის დავიწყება, ისტორიის სხვაგვარად გადაწერა და სიმართლის უგულებელყოფა. საქართველოში, რომელიც პირველი ევროპელების სამშობლო და ღვინის ევროპული კულტურის აკვანია, ევროპული იდენტობა დავივიწყეთ. დავივიწყეთ იმიტომ, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში „ევროპული“ კულტურა მხოლოდ ჩრდილოეთის გზით, რუსეთის იმპერიიდან შემოდიოდა. ორასი წლის მანძილზე რუსული იმპერიალიზმის იდეები მკვიდრდებოდა და ისინი დღესაც ცოცხლობენ ქართველი ხალხის აზროვნებაში.

ამბობენ: „ევროპა გარყვნილია, რუსეთი კი მორალური სახელმწიფოა“, ან რუსეთზე თუ არაფერს ამბობენ, ევროპის გარყვნილების აღნიშვნა არ ავიწყებდათ. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ევროპა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. მართალია, ღრეობასა და მთვრალი ხალხის ჩხუბს ევროპა მხარს არასდროს დაუჭერს, მაგრამ ქართული სუფრის პირველადი იდეა ზუსტადაც რომ ევროპულია – ძველად, სუფრას იყენებდნენ მტრების მოსარიგებლად და შინაგანი უთანხმოებების ასარიდებლად. მოკლედ, ჩვენი წინაპრები ევროპული დიპლომატიის მეთოდებით სუფრასთან აგვარებდნენ უთანხმოებას, როდესაც ეს შესაძლებელი იყო.

ევროპა მხარს არც ეკლესიისთვის ქონების გადაცემას ამარლებს. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყნის უმრავლესობა გაღატაკებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელები „უღმერთოები“ ან „ურჯულოები“ არიან. ევროპული სახელმწიფოები სულდგმულობენ რწმენაზე დამყარებულ იდეებით – თავისუფლებით, ტოლერანტობითა და სეკულარიზმით. საინტერესოა ისიც, რომ თუკი საქართველოსა და რუსეთში ეკლესია კორუმპირებულ საქმეებში ეხვევა, ევროპაში, ფულის მიღების სანაცვლოდ, რელიგიური ორგანიზაციები ქველმოქმედებით არიან დაკავებული და სახელმწიფოსგან გასამრჯელოს არ იღებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპაში რელიგია პოზიტიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და არ ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში, ხოლო სახელმწიფო, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა რელიგიის უფლებების დაცვას.

შესაბამისად, დასკვნის გამოტანა მარტივია: ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ნამდვილ ქართულ ტრადიციებთან, თუმცა რუსული შოვინიზმის პრაქტიკა და გადაკეთებული “ქართული” რიტუალები ევროპისთვის უცხოა ისევე, როგორც საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ავირჩიოთ – რელიგიურად მრავალფეროვანი, ქველმოქმედი ევროპა, ან “ერთმორწმუნე” მეზობელი, რომლისთვისაც რელიგიური ტოლერანტობის ფენომენი უცხოა.

რა თქმა უნდა, ქართულ ტრადიციების დაცვა ევროპის მოწინააღმდეგეთა ერთადერთი სატკივარი არ არის. ბევრ მოქალაქეს რუსეთი ევროპაზე უფრო სანდო მოკავშირე, მდიდარი და განვითარებული ქვეყანა ჰგონია.

ეს არც არის გასაკვირი: ერთი შეხედვით, რუსეთის ხსენებაზე მდიდარი, კაშკაშა ცათამბჯენებით გადაპრანჭული მოსკოვის ქუჩები წარმოგვიდგება. ამ ქუჩებში, ალბათ, მოდური მაღაზიების ტევა არ არის. ამ მაღაზიებში კი საუკეთესო დიზაინერთა მიერ დამზადებული ტანსაცმელი, ძვირფასი ხიზილალა და ალმასის თვლებით მოჭედილი გულსაკიდები იყიდება. თუმცა საკმარისია, გავცდეთ მოსკოვს და გადავხედოთ უზარმაზარი ქვეყნის რეგიონებს, რომ მოსკოვური სიდიადე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდება, მოქალაქეთა სიღატაკე კი გაგვაოცებს.

მეორე მხრივ, იტალიის ან დანიის ყველაზე პატარა ქალაქი, შეიძლება, ნაკლებად კაშკაშებს, მაგრამ განვითარებით უსწრებს რუსეთის ფარისევლურად გადაპრანჭულ ქუჩებს. ხოლო იგივე მოდური ტანსაცმელი ევროპაში სამჯერ უფრო ნაკლებადაა დაფასებული, ძვირფასი ხიზილალა კი სულაც არ არის სიმდიდრის სიმბოლო და მისი ყიდვის შესაძლებლობა ყველას აქვს.

ვივარაუდოთ, რომ საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, ევროპული, რეალური პროგრესი რუსულ მოჩვენებით სიმდიდრეს ურჩევნია.

ჩემთვის ევროპა არის კულტურა, რადგან ის იცავს ჰუმანურ წეს-ჩვეულებებს და უარყოფს ცრუ ტრადიციებს.

ჩემთვის ევროპა არის პროგრესი, რადგან ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩაშიც კი მეტი განვითარება იგრძნობა, ვიდრე მთლიანი რუსეთის ბოროტების იმპერიის ტერიტორიაზე. ამიტომაც ვირჩევ ევროპას.

ჩემთვის ევროპა არის საქართველო, ხოლო საქართველო – ევროპა.

ძალა ერთობაშია – ერთობა კი ევროპაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.