მთავარი,სიახლეები

ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ 53 035კვ/მ მიწა აჭარას გადასცა

24.11.2017 • 2189
ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ 53 035კვ/მ მიწა აჭარას გადასცა

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიწის ნაკვეთები, ჯამში, 53 035 კვ/მ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს, სხდომაზე ერთხმად მიიღო.

გადაცემული ნაკვეთები ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის, თევზის ბაზრისა და პორტის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია.

ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებს ცალკე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ გაუწევს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 137 ათას ლარზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გააფორმა.

ესტაკადა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა უნდა ააშენოს. მშენებლობაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 14 მილიონ 370 ათას ლარზე გააფორმა. ზედამხედველი და მშენებელი კომპანიები სამინისტრომ ტენდერით შეარჩია

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

არის თუ არა ესტაკადის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული? –  „კავკასუს როუდ პროჯექტ“-ის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ესტაკადის მშენებლობისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს, მშენებლობის დაწყებისთვის საჭიროა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ბრძანება – მშენებლობის შეთანხმების შესახებ. ესტაკადის შემთხვევაში ასეთი ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და ის მომზადების ეტაპზეა.

მიწის ნაკვეთები, რომლებიც ესტაკადის მშენებლობისთვის გადასცა ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: