შუახევის საკრებულოს წევრი ზეწოლაზე: თავმჯდომარის არჩევაში სუსი ჩაერთო

შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სოსლან ზოიძის განცხადებით, გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებენ.

სოსლან ზოიძე ამბობს, რომ შუახევის საკრებულოში კანდიდატების დასახელება აჭარის მთავრობისგან არის მართული, ადგილზე დეპუტატებს არავინ არაფერი ჰკითხა, რამაც დეპუტატების განაწყენება გამოიწვია.

„გუშინ ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ მივიღეთ, რომ გვქონდა ინფორმაცია საკრებულოს ყველა  წევრი წინა დღით მთავრობაში დაიბარეს და დირექტივა მისცეს ვინ უნდა აერჩიათ, მათთვის არ უკითხავთ ვინ იყო მისაღები კანდიდატურა და ვინ არა, რაზეც განაწყენდნენ დეპუტატები. რომ არ მომხდარიყო იდენტიფიცირება თუ ვინ ვის აძლევდა ხმას, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ ამიტომ მივიღეთ.

იქედან გამომდინარე, რომ გუშინ მათ დასახელებულ კანდიდატურას ხმა უმრავლესობამ არ მისცა, საკრებულოს წევრებს ინდივიდუალური დავალებები მისცეს, დღეს კენჭისყრისას, ბიულეტენებზე ზოგმა კითხვითი ნიშანი უნდა დასვას, ზოგმა სამკუთხედი, ზოგმა სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ ამით გაიშიფროს ვინ არ დაუჭერს მხარს გიორგი დავითაძის კანდიდატურას. მე ხმის დამთვლელ კომისიაში ვრჩები, რომ ამ ზეწოლას ხელი შევუშალო და ამ ინფორმაციასაც წინასწარ ვაჟღერებ, თუ ბიულეტენებზე მსგავსი ნიშნულები იქნება გაკეთებული, გაბათილებას მოვითხოვ“, – ამბობს სოსლან ზოიძე.

კომისიაში, რომელმაც კენჭისყრის შედეგები უნდა დაითვალს სოსლან ზოიძის გარდა კიდევ ორი დეპუტატია, ორივე „ქართული ოცნებიდან“.

შუახევის საკრებულოს სხდომა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები უნდა აირჩიოს, დღეს, 21 ნოემბერს, ორი საათისთვისაა ჩანიშნული.

მთავარი ფოტო: შუახევის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რომელზედაც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს /20.11.2017 /

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი