მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ჩეხეთში სახელმწიფო უსაფრთხოებას სწავლობს

13.11.2017 • 8183
ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ჩეხეთში სახელმწიფო უსაფრთხოებას სწავლობს

ბათუმელი კახა ფუტკარაძე ჩეხეთში, პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მის სწავლას უცხოეთში აჭარის განათლების სამინისტრო წელიწადში 12 ათასი ლარით დააფინანსებს.

კახა ფუტკარაძემ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა,  შემდეგ კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში გააგრძელა სწავლა.

კახა ამბობს, რომ მისი კვლევის თემა რელიგიური კონფლიქტები იყო:

„ამის პარალელურად, მინდოდა გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ზოგადად უსაფრთხოების სფეროში და გადავწყვიტე ჩეხეთში გამეგრძელებინა სწავლა. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები არ არსებობს, ჩარლზის უნივერსიტეტში არსებობს კარგი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც იმით არის საინტერესო, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება, დიპლომატია, ტერორიზმი, დაზვერვის და სხვადასხვა მიმართულების თეორიები.

კახა ფუტკარაძე

ძალიან მაღალია ლექტორების კვალიფიკაცია, კომპეტენცია და ეს პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, მიიღო სრულფასოვანი განათლება და ჩამოყალიბდე კარგ მკვლევარად და სპეციალისტად,“ – გვეუბნება კახა ფუტკარაძე.

რატომ დაინტერესდით რელიგიური კონფლიქტებით? – ვკითხეთ მას.  მისი თქმით, ეს საკითხი ბევრ ასპექტს მოიცავს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში  მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში.

„რელიგიური კონფლიქტების შესწავლის დროს მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს კონკრეტული აქტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რელიგიური საკითხებით მოახდინონ იდეოლოგიური სამუშაოების წარმართვა და გარკვეული პოლიტიკის განხორციელება.

თუ გადავხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საქართველოშიც, დავინახავთ, რომ არის  სახელმწიფოების რელიგიურ საწყისებზე დაბრუნების მცდელობები. ყოველ შემთხვევაში,  აშკარაა, რომ ხდება რელიგიის  პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, რაც საფრთხის შემცველია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩარლზის უნივერსიტეტში მიღებული ინფორმაცია დამეხმარება კვლევის პროცესში. ის თეორიები, მოსაზრებები, რომლებსაც აქ ვისმენ და ის მასალები, რომლებიც სასწავლო პროცესში უნდა წავიკითხო, იძლევა ღრმა, დეტალურ ინფორმაციას. ეს მეხმარება  განსხვავებულ ჭრილში შევხედო ყველა მოვლენას. ეს არის თეორიები, რომლებიც გამოიყენებოდა წლების მანძილზე, გამოიყენება დღესაც  და მომავალშიც იქნება გამოყენებული,“ – პასუხობს კახა ფუტკარაძე.

მისი თქმით, ევროპაში სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემები მიგრანტების  კრიზისის ფონზე გაჩნდა, თუმცა  პრობლემების დაძლევა  ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება.

„მეტსაც გეტყვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო მკაცრ პოზიციაზე არიან მიგრანტებთან დაკავშირებით, რამაც მათ საშუალება მისცა, მოეხდინათ შემდგომი საფრთხეების პრევენცია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.  უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა, როცა უარი განაცხადეს სირიელი დევნილების მიღებაზე, ამით მათ უსაფრთხოების პრევენციაზე იზრუნეს. მათ აქვთ საერთაშორისო ვალდებულება, რომ მიიღონ მიგრანტები, მაგრამ ისინი მზად არიან გადაიხადონ ფულადი ჯარიმა,“ – გვეუბნება ის.

კითხვაზე, მისი აზრით, ეს სტრატეგია გამართლებულია თუ არა, კახა გვპასუხობს:

„სამართალში არის ასეთი ტერმინი, – თანაბარმნიშვნელოვანი სიკეთეების პრინციპი. იმისათვის, რომ შენ რაღაცას მიაღწიო, რაღაც უნდა დათმო, მაგრამ შენი დათმობა იმაზე მეტი არ უნდა იყოს, ვიდრე მიღებული სიკეთე“.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, „მთავარი ინდიკატორი არის ის, რომ ყველა ქვეყანა მაინც საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, მაგრამ მთავარია, რამდენად მოხდება ამ ინტერესების საერთო ევროპულ ჭრილში განხილვა, ეს არის მნიშვნელოვანი“.

რაც შეეხება საქართველოს, კახა ფუტკარაძის აზრით, მთავარია ყველაზე მეტი ინვესტიცია განათლებასა და უსაფრთხოებაში ჩაიდოს: „არ შეიძლება ეს ორი რამ ერთმანეთს მოწყვიტო, რადგან ორივე ერთმანეთთან კავშირშია.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის უნივერსიტეტებში ბევრი ქართველი სწავლობს, პრიორიტეტული ქართული უნივერსიტეტების განვითარება უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. გრძელვადიანი პროგნოზი და სტრატეგიული მიმართულებები უნდა არსებობდეს“.

კახას აზრით, სახელმწიფოს უსაფრთხოებაშიც და განვითარებაშიც დიდ როლს ასრულებს ის, თუ რაზე თანხმდება საზოგადოება.

„მთავარია, საზოგადოება შეთანხმდეს იმაზე, თუ რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, კულტურად და ა.შ

ყველა ადამიანმა თავი უნდა იგრძნოს ქვეყანაში, როგორც მოქალაქემ და თავისი პასუხისმგებლობა იგრძნოს. დღეს არის დამოკიდებულება, რომ „სახელმწიფომ უნდა გაგვიკეთოს“, მაგრამ უნდა გაჩნდეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ თვითონ ვართ სახელმწიფო, ყველა მოქალაქე არის სახელმწიფო და ჩვენი მოქმედება და ნაბიჯი განსაზღვრავს სახელმწიფოს ბედს. მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ მას აქვს უფლება და მოვალეობა და როცა ითხოვს, უნდა შეძლოს გაცემაც, რომ რაღაცას მიაღწიოს შემდგომში“.

კახას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და დამოუკიდებელი თავის არჩევანში, აქვს განსხვავებული რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებები, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით უნდა იყოს ერთსულოვანი. „როცა ამაზე ვერ თანხმდება საზოგადოება,  ეს უკვე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის.“

სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამაზე, ჩარლზის უნივერსიტეტში კახა ფუტკარაძის გარდა საქართველოდან კიდევ ორი სტუდენტი სწავლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: