კვირის ამბები,მთავარი

ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში

17.04.2016 • 2490
ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში

ბათუმში ათამდე საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარს ქმნიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბსუ-ს 387 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენი მათგანი დასაქმდა თავისი პროფესიით? – უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებულია, თუმცა ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ.

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ლეილა ახვლედიანის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მათი ფაკულტეტის 250-მდე კურსდამთავრებული დასაქმებულია, თუმცა დასაქმებულები არიან თუ არა ისინი საკუთარი მიმართულებით, ამაზე ინფორმაცია უნივერსიტეტში არ აქვთ.

ბსუბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე პროფესიული, ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. მათ შორის რეზიდენტურაც, სტომატოლოგიისა და რადიოლოგიის მიმართულებით, სადაც ამ ეტაპზე 25 რეზიდენტია. საერთო ჯამში კი ბსუ-ში ჯანდაცვის მიმართულებით 391 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი სწავლობს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, მარინა ქორიძის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ბაზები ქალაქში არსებულ თითქმის ყველა კლინიკაში, სადაც სტუდენტები კლინიკურ საგნებს გადიან. „ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებიც არიან ამ დაწესებულებების ექიმები, ისინი საბაზისო საგნებს უნივერსიტეტში უკითხავენ სტუდენტებს, ხოლო კლინიკურ საგნებს კლინიკაში პრაქტიკულად ასწავლიან“, – ამბობს დეკანი.

ბათუმში არსებულ საავადმყოფოებში ადასტურებენ, რომ მათთან მუშაობენ ბსუ-ს კურსდამთავრებულები, თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან და თავადაც არიან დაინტერესებული, საუკეთესო სტუდენტები დაასაქმონ.

კლინიკა „მედცენტრის“ [ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო] ხელმძღვანელი მიშა ართმელაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ კლინიკაში დასაქმებულები არიან როგორც ბსუ-ს კურსდამთავრებულები, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები. „ჩვენი მიმართულებით [ონკოლოგიური] ვინც არიან, ისინი აქ გადიან პრაქტიკას, ასევე 8 დოქტორი გვყავს, რომლებიც პარალელურად მუშაობენ უნივერსიტეტში, ანუ ლექციები აქაც ტარდება. ვცდილობთ, გამორჩეულები დავასაქმოთ“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ეს თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

უნივერსიტეტთან კლინიკა „მედინა“ და „რესპუბლიკური საავადმყოფოც“ თანამშრომლობენ. ამ კლინიკებშიც ასევე ადასტურებენ, რომ მათ თანამშრომელთა ნაწილს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რიგ შემთხვევაში კი კვალიფიკაცია ამაღლებული აქვთ საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

მანანა ახმაევა მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტია და უკვე დასაქმებულია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, მედდის პოზიციაზე. იგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულების კარგ სტუდენტს დასაქმების პრობლემა არ ექმნება.

რეზიდენტურის გავლას მანანა საზღვარგარეთ, კერძოდ კი მინსკში გეგმავს, რადგან მისი მიმართულების – კარდიოლოგიის რეზიდენტურა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის, ხოლო საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში ჩაბარების შემთხვევაში 4 წელი მოუწევს რეზიდენტურაში სწავლა, როდესაც მინსკის უნივერსიტეტში რეზიდენტურა მხოლოდ ორწლიანია. „გარდა ამისა, არსებობს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც გეკითხებიან, სად გაქვს დამთავრებული და ამბობ, რომ ბსუ-ში, პაციენტები და სხვებიც ამბობენ: უი, შენ საზღვარგარეთ არ გისწავლია?“ – ამბობს ის.

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, მარინა ქორიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის განახლება – სარემონტო სამუშაოები და კლინიკის თანამედროვე ტექნიკით შევსება. ამის შემდგომ კლინიკაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსებს, დასაქმდებიან რეზიდენტები და გარდა ამისა, კლინიკა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს ფასდაკლებით მოემსახურება. დეკანის ინფორმაციით, ასევე განახლდება უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი მედიცინის მიმართულებით, რომელიც ერთი წელია რაც გაიხსნა და სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობის ნაწილში ეხმარება.

მარინა ქორიძის თქმით, უნივერსიტეტში წინა წლებში სტომატოლოგიის მიმართულება იყო ყველაზე მოთხოვნადი, ბოლო რამდენიმე წელია მოთხოვნა მედიცინის მიმართულებაზე გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: