კვირის ამბები,კვირის ამბები

როდის არის საჭირო გლანდების ამოკვეთა

13.04.2016 • 27323
როდის არის საჭირო გლანდების ამოკვეთა

ტონზილექტომია, იგივე გლანდების ამოკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა ბავშვებში. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 500 000 ასეთი ოპერაცია უტარდება ბავშვებს. ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯანგავაძე ამბობს, რომ ხშირია ტონზილიტის, ანუ ე.წ. ანგინის ჰიპერდიაგნოსტიკაც, როცა მშობლები ბავშვის ხშირ ავადმყოფობას ანგინას აბრალებენ და მიიჩნევენ, რომ გლანდები ამოსაკვეთია.

ნინო ჯანგავაძე

ნინო ჯანგავაძე

ქალბატონო ნინო, რა ფუნქცია აკისრია გლანდებს?

ტონზილები (გლანდები) იმუნიტეტის ერთ-ერთი რგოლია და როცა ნებისმიერი ინფექცია ხვდება სასუნთქ გზებში, პირველ დარტყმას სწორედ ტონზილები იღებენ. მათი დამსახურებით ეს ვირუსები და ბაქტერიები ფილტვებში არ ხვდება.

რა არის ანგინა და როგორ ჩნდება ის?

ანგინა, იგივე მწვავე ტონზილიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა. ტონზილების ანთება შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში ბაქტერიების გავრცელების ან ვირუსის მოხვედრის შედეგად, შესაბამისად, იგი შეიძლება იყოს ბაქტერიული და ვირუსული. პროცესი თავიდან ჰიპერემიით, ანუ ყელში სიწითლით იწყება, არასწორი მკურნალობის ან უყურადღებობის შემთხვევაში ლაკუნებში (ჩაღმავებებში) შესაძლოა ჩალაგდეს ჩირქი, პროცესი გამწვავდეს და დაავადება გადაიზარდოს ქრონიკულ, ჩირქოვან ანგინაში. როცა დაავადება ვირუსულ ფონზე ვითარდება, პაციენტს ძირითადად ჰიპერემია აღენიშნება. ბაქტერიული ტონზილიტი კი უმეტესად რთულდება მაშინ, როც ჩირქოვანი ჩანართებიც ემატება.

ტონზილიტის დროს, 2-3 წლის ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს ტონზილების ჰიპერტროფია, ანუ ზომაში ისე გადიდება, რომ ისინი ერთმანეთს მიედოს და ბავშვს სუნთქვაში შეუშალოს ხელი. ამ შემთხვევაში, თუ ტონზილებს ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, ანუ არ არის ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზი, შესაძლოა გაკეთდეს ტომია _ ანუ ნახევრად მოკვეთა ტონზილისა ისე, რომ სასუნთქი გზები გათავისუფლდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს ანგინას?

ანგინა შესაძლოა დაიწყოს ყელის არეში წვის შეგრძნებით. ახასიათებს ყელის ტკვილი ყლაპვის დროს, ტემპერატურა 37.5-38.5-მდე, ყელში სიწითლე, შესაძლოა იყოს ჩირქოვანი ჩანართები. ასევე მას ახასიათებს სახსრების ტკივილი და ზოგადი სისუსტე.

რა შემთხვევაში ხდება საჭირო გლანდების ამოკვეთა?

როცა პაციენტს წელიწადში 4-5-ჯერ აღენიშნება ჩირქოვანი ანგინა, ოღონდ ექიმის მიერ დიაგნოსტირებული, რადგან ვირუსის ფონზე შეიძლება ბავშვს წელიწადში ათჯერ ასტკივდეს ყელი, მაგრამ ეს არ იყოს ანგინა. ჩირქოვან ანგინას ესაჭიროება ანტიბიოტიკური მკურნალობა. მას, სხვა სიმპტომებთან ერთად, თან ერთვის გულის რითმის აჩქარება, კარდიოგრაფიის შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ ცვლილებები გულზე, ასევე ანტისტრეპტოლიზინის მომატება, ანუ რევმატიული ცვლილებები და ა.შ.

რა გართულებები ახლავს პოსტოპერაციულ პერიოდს?

რა მეთოდითაც არ უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია, იქნება ეს რადიოტალღებითა თუ ლაზერით, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლდენის სახით გართულებისგან დაზღვეული არავინ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეთოდებით ნაკლებად ზიანდება ქსოვილები, ეს მაინც ღია ჭრილობაა და ოპერაციიდან 21 დღის განმავლობაში არსებობს რისკი სისხლდენის ან ტკივილის განვითარებისა. პოსტოპერაციული სისხლდენა ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ტკივილი კი ინდივიუალურია, ზოგიერთი პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს, ზოგიერთი კი, პირიქით – ჰიპერმგრძნობიარეა.

პოსტოპერაციულ პერიოდში რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა?

ტონზილოქტომიის შემდეგ პაციენტმა უნდა დაიცვას მკაცრი დიეტა და მაქსიმალურად მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვას. შესაძლოა ბავშვმა ბუშტი გაბეროს და მშობელმა მიიჩნიოს, რომ ეს არ არის ფიზიკური დატვირთვა, რეალურად კი ამ დროს კისრის კუნთები იჭიმება. იმისთვის, რომ პაციენტმა პოსტოპერაციული პერიოდი ნაკლებად მტკივნეულად და გართულებების გარეშე გადაიტანოს, არ უნდა მიიღოს უხეში, ცხარე, მჟავე, ნიგვზიანი საკვები და გაზიანი სასმელები, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოს ის პროდუქტები, რასაც ექიმი ურჩევს. 21 დღის განმავლობაში გამორიცხულია ნებისმიერი ხილის მიღებაც. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ბებომ გადაწყვიტა, რომ ვაშლი უნდა აჭამოს ბავშვს, ვაშლი მჟავაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დროს. ოპერაციის პირველ დღეს პაციენტები მიირთმევენ მხოლოდ ნაყინსა და რძეს, მეორე დღიდან მენიუ უფრო მრავალფეროვანია (რა თქმა უნდა, შეზღუდვებით). რაც შეეხება ნაყინს, ჩემს პაციენტებს ვურჩევ იგი მიირთვან დესერტად, მაგრამ მთელი პოსტოპერაციული პერიოდის ნაყინებითა და იოგურტებით გადატანაც დაუშვებელია.

ზოგადი პროფილაქტიკისთვის რა შეიძლება გაკეთდეს?

პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებს არ მივცეთ ის გამაღიზიანებელი საკვები, რაც სხვა მხრივაც არ არის მათთვის რეკომენდებული. საუ¬ბარია ნიგვზიან საკვებსა და გაზიან სასმელებზე, რადგან ისინი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ლორწოვანაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: