კვირის ამბები,მთავარი

აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა – რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად

18.01.2016
აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა  –  რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში H1N1 გრიპის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ავადმყოფი გამოჯანმრთელების ფაზაშია. მისივე თქმით, რამდენიმე ნიმუში გაგზავნილია თბილისში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა ჯერ შედეგი ცნობილი არ არის.

„რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს და გრიპს, ყოველკვირეულად ვიღებთ ინფორმაციას და ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი მატებაა. შარშან პიკი იყო თებერვლის თვე და სავარაუდოდ, ამავე პერიოდში მოიმატებს შემთხვევები წელსაც.

ყოველ სეზონზე გრიპის რომელიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. წელს ცირკულირებს A ტიპის ვირუსი – H1N1. ეს არის ჩვეულებრივი, დამახასიათებელი ეპიდსეზონი. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა მას არ ნიშნავს, რომ ისეთი დავადებაა გავრცელებული, რაც წინა წლებში არ ყოფილა. მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს იმუნიტეტი უკვე გააჩნია, რადგან H1N1რამდენიმე წელია უკვე ცირკულირებს.

შარშან ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი შემთხვევების 85 პროცენტი იყო B ტიპის ვირუსი. A ტიპის ვირუსი იყო დაახლოებით 10-12 პროცენტი და ისიც ქვეტიპი იყო H3“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, H1N1, რომელმაც გამოიწვია 2009 წლის პანდემია, დღესდღეისობით ცირკულირებს როგორც სეზონური გრიპის ვირუსი და H1N1 დაავადების მძიმე ფორმას იწვევს შედარებით ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა და სამედიცინო პერსონალმა.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, გრიპის პირველივე ნიშნების შემთხევევაში აუცილებელია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რომ არ მოხდეს დაავადების გართულება.

„აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდა, ოთახის ხშირი განიავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს დაყოვნებისაგან თავის არიდება და თუ ოჯახში დაავადებულია, სასურველია დაავადებულმა პირბადე გამოიყენოს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

65 წელზე ზემოთ მოსახლეობისთვის კი სასურველია ვაქცინაციის ჩატარება, ვინაიდან ისინი არიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები. ვაქცინის შეძენა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, თუმცა ვაქცინაცია აუცილებლად ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

ყველა სკოლასა და ბაღს მიღებული აქვს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები: შენობის ხშირი განიავება, სველი წესით დასუფთავება და ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ხელები დაიბანონ ხშირად. თუკი რამე ჩივილი ექნება ბავშვს, უმჯობესია მშობელმა ბავშვი არ გაუშვას სკოლაში ან ბაღში ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

H1N1-ის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება დაბალანსებული, ვიტამინიზებული საკვების გამოყენება“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

გასულ კვირას თბილისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცენტრში აცხადებენ, ვირუსმა პაციენტის ძირითადი დაავადების გართულება გამოიწვია. 4 ადამიანი გარდაიცვალა H1N1 ვირუსით სომხეთში, ხოლო ათობით პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: