კვირის ამბები

სად და როგორ მუშაობენ სტუდენტები

09.10.2015 • • 3935
სად და როგორ მუშაობენ სტუდენტები

 

 

ნიკა ჯორბენაძე ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. იგი ინგლისურ ენასა და ფილოლოგიას სწავლობს, საღამოს საათებში კი უკვე ორი თვეა სასტუმრო “რადისონში” მიმტანად მუშაობს.

ნიკა ამბობს, რომ სტუდენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ სამსახურს, სადაც მისთვის მოხერხებული განრიგი იქნება, რადგან სტუდენტისთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული უნდა იყოს სწვლა და არა – შემოსავალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულმა სტუდენტმა იცოდეს თავისი უფლებები. “მართალია, სამუშაო გრაფიკი არის რვასაათიანი, მაგრამ სტუდენტების შემთხვევაში ხშირად ხდება სამუშაო საათების გახანგრძლივება. მეც მქონია ისეთი გამოცდილება, რომ 8 საათის ნაცვლად ვრჩებოდი 13-14 საათი, მაგრამ მე მოვითხოვე, რომ ეს საათები აენაზღაურებინათ ჩემთვის. პირველ კვირაში, როცა ვნახე ბონუსის სახით არ იყო დარიცხული თანხა, მივმართე HR-ს და მოგვარდა ეს პრობლემა, რადგან მე ვიცოდი ჩემი უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმაც დაიცვან სამსახურში საკუთარი უფლებები,” – ამბობს ნიკა.

 

ნიკა წულუკიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია და თითქმის ერთი წელია, რაც ქართული ჭიდაობის ფედერაციაში, საორგანიზაციო საკითხებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს. იქამდე ერთ-ერთი სამედიცინო კომპანიის სადაზღვევო აგენტად მუშაობდა, ზაფხულის პერიოდში კი, სხვადასხვა სასტუმროში “ბელ ბოისა” და ადმინისტრატორის სამსახურსაც ითავსებდა: “როცა ფედერაციაში რაიმე ღონისძიება ტარდება, მე მევალება ინფორმაციის გავრცელება მედიაში, ასევე, ღონისძიებებზე ჩამოსული სტუმრების დახვედრა. ამ დროს ჩემზეა ჩაბარებული კვებისა და სასტუმროს ბლოკები. კარგი ის არის, რომ სავალდებულო არ არის ყოველდღე ჩემი იქ ყოფნა, ასეთი ღონისძიებები თვეში საშუალოდ 2-3-ჯერ ტარდება და თავისუფლად ვახერხებ სამსახურის სწავლასთან შეთავსებას”.

ნიკა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, დამოუკიდებლობის შეგრძნებაა. “მე ხულოში გავიზარდე, დიდაჭარიდან ვარ, სოფლის ცხოვრებას კარგად ვიცნობ. აქ რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ ადამიანი თუ მოინდომებ – შეუძლებელი არაფერია. არ მინდოდა მშობლებზე დამეკისრებინა ჩემი აქ ცხოვრების ხარჯი და სწორედ ამაში მეხმარება ჩემი შემოსავალი,” – ამბობს ნიკა.

უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მეორე სემესტრში, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ნიკას სრულად მოეხსნა სწავლის გადასახადი.
ნიკა ამბობს, რომ სტუდენტმა სამსახურის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დროის ფაქტორი და გააგებინოს მომავალ დამსაქმებელს, რომ ის სტუდენტია და სამუშაოს განრიგში მას ხელშეწყობა დასჭირდება: “მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და ვსწავლობ, გაგიკვირდებათ და თავისუფალი დროც საკმაოდ მრჩება, მთავარი დროის სწორად გადანაწილებაა”.

 

მესამეკურსელი ლინდა შავლიძე ბსუ-ში თარგმანმცოდნეობასა და ინგლისურ ენას სწავლობს. ის უკვე ოთხი თვეა ტოტალიზატორ “კრისტალ ბეთში” მოლარე-ოპერატორად, ყოველ სამ დღეში ერთხელ, საღამოს ათი საათიდან დილის ათ საათამდე მუშაობს, იქამდე კი მაღაზიაშიც მუშაობდა, თუმცა სწავლის დაწყების შემდეგ ამ სამსახურს თავი დაანება, რადგან სწავლას ვეღარ შეძლებდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ლინდამ სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, სწავლის მაღალი საფასურია. “სტუდენტობის დროს საკუთარი ფინანსები ძალიან კარგია. როცა მე მაფინანსებდნენ მშობლები, უფრო ზედაპირულად ვუყურებდი ყველაფერს, ახლა კი, როცა ჩემი შრომით ვაფინანსებ ამ ყველაფერს, უფრო სხვაგვარად ვხედავ, მეტად მონდომებული ვარ. მაგრამ არის ერთი მინუსიც, როცა სტუდენტი სწავლობს მესამე კურსზე – მას რაღაც დონე უკვე გააჩნია. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ხელფასიანი პრაქტიკა იმ მიმართულებით, რაც სტუდენტის მომავალ პროფესიას უკავშირდება. სადაც ახლა მე ვმუშაობ, ამას მხოლოდ ფინანსების გამო ვაკეთებ და ის მე პროფესიულად არაფერს მაძლევს. ეს არის სტუდენტობისას სამუშაოს ერთადერთი მინუსი, თორემ ძალიან კარგი იქნება, თუ იარსებებს რაღაც პარალელები სტუდენტის სამსახურსა და მის პროფესიას შორის. მაღაზიაში მუშაობასა და ქალაქის დალაგებაშიც არაფერია ცუდი, ყველა სფეროს უნდა იცნობდეს სტუდენტი, მაგრამ ეს გაუმართავი სისტემის ბრალია, როცა ოთხი წლის შემდეგ ჩვენგან უნდათ კარგი მუშახელის მიღება, მაშინ ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოგვცენ სათანადო განათლება და პრაქტიკა”, – ამბობს ლინდა.

 

 


შუტა სურმანიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც თავის სპეციალობასთან ახლო სამსახური იპოვა, თუმცა ამბობს, რომ ასეთი საქმის პოვნა სტუდენტისთვის რთულია. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია მარკეტინგს, მაინორ სპეციალობად კი აუდიტის საქმეს სწავლობს. პარალელურად უკვე წელიწად-ნახევარია სამშენებლო კომპანია “Private construction”-ში მთავარი ბუღალტრის თანაშემწედ, საფოსტო-სატრანსპორტო მომსახურება “გექსში” კი ბუღალტრად მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურში თავისუფალი გრაფიკი აქვს და ლექციებზე დასწრებაში ხელი არ ეშლება. “დატვირთული ვარ, მაგრამ ექვს საათამდე უნივერსიტეტსაც ვასწრებ და სამსახურში ყოფნასაც. ამის შემდეგ დანარჩენი ექვსი საათი ჩემს განკარგულებაშია, რასაც სწავლასა და მეგობრებთან ერთად ყოფნაზე ვანაწილებ,” – ამბობს ის.
შუტა ამბობს, რომ სტუდენტისთვის დიდი პლუსია, როცა სწავლის პარალელურად, თავის სპეციალობასთან ახლო თემატიკის სამსახურში მუშაობს: “სტუდენტებს ხელი ეშლებათ, როცა თავიანთი სპეციალობიდან ძალიან განსხვავებული განხრით მუშაობენ. ზოგიერთი ჩემი კურსელი ისეთი გადატვირთული მოდის ლექციებზე, ძილსაც ვერ ასწრებს სახლში და ეს, რა თქმა უნდა, სწავლაზეც აისახება. ხოლო როცა თავისი სპეციალობის სამსახურს პოულობს სტუდენტი, სწავლასთან ერთად იგი აგროვებს გამოცდილებას, პრაქტიკაში ხედავს იმ თეორიას, რასაც სწავლობს… თუმცა ასეთი სამსახურის პოვნა საკმაოდ რულია, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში. მე, პირადად, ბუღალტერიის სწავლა ცალკე დავიწყე და იქედან გამოჩნდა დასაქმების შანსიც, ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ იყვნენ ძალიან აქტიურები.”

 

გადაბეჭდვის წესი