კვირის ამბები

არის კი საპატიმრო სასჯელი ყოველთვის გამოსავალი?

22.08.2015 • 2752
არის კი საპატიმრო სასჯელი ყოველთვის გამოსავალი?

 

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის მიზანს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია წარმოადგენს. იურისტების განმარტებით, საპატიმრო სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა კონკრეტული პიროვნება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

 

გაეროს დემოკრატიის ფონდის რეკომენდაციით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული არასაპატიმრო სანქციები. ასეთ დროს მსჯავრდებულები ხშირად ინარჩუნებენ სამსახურს და განაგრძობენ ოჯახის შენახვას. არასაპატიმრო სასჯელის სახეებია: თავისუფლების შეზღუდვა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო და სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა.

 

ყველაზე მეტი – 23 684 პატიმარი საქართველოში 2010 წელს იყო. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10 372 პატიმარია, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პატიმრობის ალტერნატიულ სანქციებს საქართველოში საკმარისი სიხშირით მაინც არ იყენებენ: „ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არის არასაპატიმრო სასჯელების უფრო ხშირად გამოყენების ტენდენცია, მაგრამ, საქართველო ჯერ კიდევ მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც უპირატესობას თავისუფლების აღკვეთას ანიჭებენ.”

ამავე პოზიციას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გენო გელაძეც. მისი თქმით, საქართველოში დღემდე ხშირად სჯიან ადამიანებს პატიმრობით, მაგრამ ეს არ არის ეფექტური: „ადამიანების დაპატიმრებისას, მაშინ, როცა არ არის ამის საჭიროება, ჯერ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ რამდენად არის ციხეში გამოსწორების სისტემა და რამდენად აქვს სახელმწიფოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამები,” – ამბობს გენო გელაძე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელ მირანდა მერკვილაძის თქმით კი, არასაპატიმრო სანქციების გამოყენების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უკეთესი სიტუაციაა, თუმცა კანონმდებლობაში მაინც არის გარკვეული ცვლილებების საჭიროება: „პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გამოყენება პრაქტიკაში არ არის იმდენად ხშირი, რამდენადაც ჩვენ, ამ სისტემის კეთილისმსურველებს გვინდა.”

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 16 776 ადამიანი იყო. მათგან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 15 530-ს, რომელთაგან პირობითი მსჯავრდებული იყო 7 581 ადამიანი. არასაპატიმრო სასჯელებიდან ჯარიმის გადახდა დაეკისრა სულ 2 722-ადამიანს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება კი – 515 მსჯავრდებულს. დანარჩენი 9 შემთხვევა სხვა სასჯელით განისაზღვრა.

 

2015 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში 14 426 მსჯავრდებულთაგან არასაპატიმრო სასჯელი სულ 3 905 ადამიანს შეეფარდა. კერძოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება დაევალა 186 მსჯავრდებულს, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 3 719 მსჯავრდებულს.

სამხრეთ კავკასიაში საპატიმრო სასჯელის გადამეტებულად გამოყენების შესამცირებლად და არასაპატიმრო სანქციების უფრო ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობისთვის, გაეროს დემოკრატიის ფონდის და ფინანსებით, ორწლიანი (2013-2015) პროექტი – „არასაპატიმრო სანქციების გამოყენების ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში” ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე მომზადდა რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოსთვის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი უწყებათა შორის კომუნიკაციის დეფიციტს ეხება.

 

„ჩვენი რეკომენდაციით, კარგი იქნებოდა, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარესა და უწყებას შორის ყოფილიყო უფრო აქტიური კომუნიკაცია, რადგან არის შემთხვევები, როცა მოსამართლე, კითხვაზე, უფრო ხშირად რატომ არ გამოაქვს სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – გვპასუხობს, რომ არ არის დარწმუნებული, მისი აღსრულება მოხდება, მაშინ როცა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ეს რესურსი.” – – ამბობს პროექტის კოორდინატორი საქართველოში მირანდა მერკვილაძე.

 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ორგანიზებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ამის საჭიროება უშუალოდ უწყებებშიც დაინახეს, „ეს მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს,” – ამბობს ის. გენო გელაძის განმარტებით, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება შეიძლება როგორც ნაკლებად მძიმე, ისე მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკაში ეს იშვიათად ხდება: „არის შემთხვევები, როცა საპატიმრო ღონისძიების გამოყენება მიზანს საერთოდ ვერ ასრულებს. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, როცა ეს ხდება შემთხვევით და არა შეგნებულად, როცა ადამიანი არ იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, არის მის მიერ საგზაო წესების დარღვევის პირველი შემთხვევა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა მეორე მანქანის მძღოლი ან ქვეითად მოსიარულე. ამ დროს მისი ციხეში გამოკეტვით ოჯახი კარგავს მარჩენალს, ის კარგავს კონტაქტს თავის პროფესიასთან, პრაქტიკულად რამდენიმე წელი ვეღარ ვითარდება ვერანაირი მიმართულებით. როცა ეს ადამიანები გარეთ გამოდიან, ვღებულობთ ახალ, მარგინალ და დაუცველ ჯგუფს, იქამდე კი მოუვლელ, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს”.

 

ხშირად საპატიმრო სასჯელი ქურდობის ჩადენის დროს გამოიყენება. გენო გელაძის თქმით, ასეთ დროს ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა მსჯავრდებულისთვის გაუმჯობესებული სარეაბილიტაციო სერვისები შეეთავაზებინათ: „მაგალითად, წლების წინ იყო ბათუმში შემთხვევა, როცა ადამიანმა მუქარით გაძარცვა აფთიაქი, წაართვა გამყიდველს წამლები და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს წამლები მიჰქონდა თავისი ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. მას თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. რა მივიღეთ ამ დამიანის დაპატიმრებით? ის, რომ ეს გაჭირვებული ოჯახი კიდევ უფრო გაუბედურდა.”

გარეოს პროექტის ფარგლებში საქართველოში ონლაინგამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგებითად აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ნაწილი საკმაოდ მკაცრია თუნდაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ამბობდა, რომ იცოდა თუ რას ნიშნავდა ალტერნატიული სანქციები, მაგრამ ისეთი დანაშაულის შემთხვევაშიც კი, როგორიც ნარკოტიკის შენახვა და მოხმარებაა, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა თქვა, რომ არ უნდა გამოეყენებინათ ალტერნატიული მეთოდები და ციხეში უნდა ჩაესვათ ადამიანი.

 

გენო გელაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების მკაცრ განწყობას ქვეყანაში ცვალებადი პოლიტიკური გარემო განაპირობებს: „როცა 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში იქნებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევდა, ჩაჯდებოდა ციხეში, ეს მოიწონა საზოგადოებამ. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გადაიტვირთა საპყრობილეები, ადამიანები დაიხოცნენ ციხეებში და აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანებს აწამებენ – საზოგადოებაში ეს განწყობა შეიცვალა. 2012-ში, არჩევენების შემედეგ, სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალა, ანუ აღარ არის ნულოვანი ტოლერანტობა და საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ახლა ყველა ჩაიდენს დანაშაულს. ანუ საზოგადოება ისევ გადაერთო იმაზე, რომ აღარ იჭერენ დამნაშავეებს და ამიტომ ხდება ბევრი დანაშაული, მაშინ როცა ვერც ერთი კვლევა ვერ ადასტურებს იმას, რომ მკაცრი სასჯელი არის დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის გარანტია,” – ამბობს გენო გელაძე.

 

მირანდა მერკვილაძის აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოების უკეთ ინფორმირება იმ სიკეთეების შესახებ, რაც ალტერნატიული სანქციების გამოყენებას და დამნაშავის რეაბილიტაციას მოაქვს: „უმეტესად მათ არ აქვთ ამაზე სრული ან სწორი ინფორმაცია და თვლიან, რომ ციხე უფრო გამოასწორებს ადამიანს, ვიდრე სასჯელის სხვა ფორმა.”

გაეროს დემოკრატიის ფონდის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ციხეებში დღეს 10 მილიონზე მეტი ადამიანია, ხშირად მცირე, არაძალადობრივი დანაშაულის გამო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: