კვირის ამბები

როცა პოლიციელს დაკავებული არასრულწლოვანი „ძაღლს“ უწოდებს

11.08.2015 • 1675
როცა პოლიციელს დაკავებული არასრულწლოვანი „ძაღლს“ უწოდებს

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

“ჩვენ უნდა დავკითხოთ მოწმეები, რომელიც სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიყვანა, მოწმეები პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებმაც არასრულწოვანი დააკავეს. თქვენ თანახმა ხართ?”-ჰკითხა არასრულწოვანის დედას მოსამართლემ.

 

“ამ ადამიანებმა ჩემი არასრულწოვანი შვილი დააკავეს და ამის შესახებ მე არაფერი შემატყობინეს, მე რატომ უნდა ვუსმინო ახლა მათ? ან რა უნდა დავიჯერო მათი?”, – იკითხა დაკავებულის დედამ.

 

მოსამართლემ მოზარდის დედას აუხსნა, რომ სასამართლო დევნის დამწყები ორგანო არ არის და თუ პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს კანონი, ამის შესახებ გენერალურ ინსპექციას უნდა აცნობოს. მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ არ არსებობს საფუძველი ივარაუდოს, რომ პოლიციელებმა იცრუებენ სასამართლოში.

 

არასრულწოვანის დედამ მოსამართლეს უთხრა, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს დაკითხავს თუ არა სასამართლო მოწმის სახით პოლიციელებს. მოსამართლემ პოლიციელები დაკითხა.

 

ირაკლი მიქელაძე, ინსპექტორ გამომძიებელი: “9 აგვისტოს ვმორიგეობდით კლუბ “სექტორთან”, კლუბიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი იგინებოდა, მას მოვუწოდეთ დაეტოვებინა ტერიტორია, ის არ დაემორჩილა ჩვენს კანონიერ მოთხოვნას, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გვიწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, ამიტომაც დავაკავეთ და მოვათავსეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე არ ვიცი და ვერ ვხდები რატომ არიან აგრესიულები ჩვენს მიმართ, გვითხრა წაეთრიეთ, რატომ მკიდებ ხელსო, შემაგინა კიდეც”.

 

მოწმის ჩვენების დასრულების შემდეგ კითხვის დასმის უფლება არასრუწლოვანის დედამ ითხოვა: “მაინტერესებს, კლუბიდან როცა გამოვიდა ჩემი შვილი, თქვენ ამბობთ, რომ იგინებოდა და ხმაურობდა, ვის აგინებდა, ვინმეს აყენებდა შეურაცხყოფას? ვისთან ერთად იყო ის?”.

 

პოლიციელმა უპასუხა, რომ ის იმყოფებოდა მარტო და იგინებოდა უმისამართოდ:”არავის არ აგინებდა, მარტო ხმაურობდა, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ხმაურმა მიიქცია ჩვენი ყურადღება”.

 

არასრულწოვანმა კი სასამართლოში ასეთი რამ მოყვა:”ვიყავი ბულვარში, მოვიდნენ ჩემთან პოლიციელები და მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ტერიტორია, ბულვარში ნუ ხარო. მე ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი წასვლას. ამის გამო დამაკავეს, მერე ვიკითხე რატომ მაკავებდნენ.  მე პოლიციელები ბულვარში გადაადგილებას მიკრძალავენ, ეს ფაქტი მაღიზიანებს.”

 

სასამართლომ მეორე პოლიციელიც დაკითხა მოწმის სტატუსით: “დაახლოებით სამ საათზე შევამჩნიე, რომ ეს ახალგაზრდა სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურობდა. მივედი და ვუთხარი, შენ სახდელდადებული ხარ, წადი სახლში-მეთქი. მე მას მივუთითე ტერიტორიის დატოვებისკენ. მითხრა თქვენ ძაღლებოო. უარი თქვა ალკოტესტის ჩატარებაზე, ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს. დედასთან ვცადე ორჯერ დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა”.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციელი ცრუობს: “მე ვითხოვდი მოეცათ უფლება დამერეკა დედაჩემითვის. ამის უფლება არ მომცეს”.

 

ბრალდებულის დედამ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია: “ჩემი შვილი ადრე ნასამართლევია, ეს იციან პოლიციელებმა, რომლებიც ახლა თბილისიდან ბათუმში მივლინებაში იმყოფებიან. პრევენციის გამო ცდილობენ ის განარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამის გამო ბავშვი ღიზიანდება, მას რამდენჯერმე უთხრეს, რომ არ იაროს ბულვარში. ჩვენ ვიცით, რომ მან დააშავა და ამის გამო სასჯელიც მოიხადა. ის გიჟია? მარტო იდგა, ყვიროდა და იგინებოდა უმისამართოდ? ჩემი შვილი არის სამართალდამრღვევი, მაგრამ ამის პროვოცირება  მოახდინეს პოლიციელებმა, რადგან ისინი მას უზღუდავენ გადაადგილების უფლებას.”

 

პოლიციელებმა ამ რეპლიკაზე განმარტეს, რომ ქუჩაში თავისუფლად მკვლელები დადიან და იმათ არ უკრძალავენ გადადაგილებას, ამიტომ დედა-შვილის ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

 

სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ სამართალდამრღვევად სასამართლომ არასრულწოვანი 5 აგვისტოსაც სცნო. ასევე ბულვარში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, თუმცა ამის შესახებ, როგორც არასრულწოვანის დედამ განმარტა, მას არაფერი გაუგია: “ეს რომ გამეგო 5 აგვისტოს, დღესაც აქ არ იქნებოდა ჩემი შვილი. უჩემოდ ჩაატარეს სასამართლო პროცესი”.

 

მოსამართლემ არასრულწოვანს 250 ლარის გადახდა დააკისრა.

 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ  ბრალდებულის დედამ “ბათუმელებთან” განმარტა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს შესაბამის უწყებას მიმართოს პოლიციელების გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: