კვირის ამბები

ქობულეთის გამგებელის წარმომადგენელი მოსახლეობას: როცა გაწვიმდება წყალი მაშინ გექნებათ

11.08.2015
ქობულეთის გამგებელის წარმომადგენელი მოსახლეობას: როცა გაწვიმდება წყალი მაშინ გექნებათ

 

„გამგებელმა ედიტა გოგიტიძემ მითხრა, რომ დაველოდოთ გაწვიმებას და წყალი მაშინ გვექნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ეკატერინე ცენტერაძემ, რომელიც კვირიკეში ცხოვრობს. ის, როგორც სხვა ქალები, გამგებლის წარმომადგენლის ამ განცხადებით შეურაცხყოფილები არიან.

 

კვირიკეს ჭა
კვირიკეს ჭა

ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი ედიტა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ნამდვილად უპასუხა წყალთან დაკავშირებულ კითხვებზე მოსახლეობას ასე. კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, მოხელის მიერ თანასოფლელების აბუჩად აგდებას, მაშინ, როდესაც 15 დღეზე მეტია მათ წყალი არ მიეწოდებათ, გამგებლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არა, რადგან წყალი მართლაც გაწვიმების შემდეგ იქნება, რადგან ნაკადულები დამშრალია.

 

დღეს კვირიკეში უწყლობით შეწუხებული ქალები აქციას გამართავენ სოფლის ჭასთან. სოფელში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მეზობლის სახლში მიცვალებული ჰყავთ და უწყლობით გამოწვეული მდგომარეობა სრულიად აუტანელია. “არა გარეცხვა, არა დაბანა. დასალევ წყალს მანქანებით ვეზიდებით”, – უთხრეს “ბათუმელებს” კვირიკეში.

 

სოფელში ამბობენ, რომ გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის განმავლობაში 40 გრადუსი იყო ტემპერატურა, წყალი თითქმის არ შეწყვეტილა. „წელსაც არაფერ შუაშია ტემპერატურა, უბრალოდ, სოფლის თავში დამონტაჟებული სამი წყალშემკრებიდან მხოლოდ ერთი აწვდის წყალს, ორი კი არა. ამბობენ, რომ ამ წყალშემკრებებს ხე დაეცა და დააზიანა. ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას“, – ეს ინფორმაციაც კვირიკეს ერთ-ერთ მცხოვრებს ეკუთვნის.

 

გამგებლის წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. ის ამბობს, რომ „ფიზიკურად არ ივსება ბასეინი, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს“. ხოლო კითხვაზე – გასულ წელს როგორ ივსებოდა, გვპასუხობს, რომ „პრობლემები არსებობს“ და ტელეფონს თიშავს.

 

ვიდრე ქობულეთის გამგეობაში კვირიკეს უწყლობასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებენ, მანამდე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კვირიკესა თუ მისი მიმდებარე სოფლების წყლით უზრუნველყოფისთვის მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტენდერები წელსაც აქვს გამგეობას გამოცხადებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: