კვირის ამბები

ვის ემუქრება ვარიკოზი

19.06.2015 • 9902
ვის ემუქრება ვარიკოზი

 

 

ქალბატონო ლელა, რა არის ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები?


გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ვარიკოზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭარბი წონა და ყველაზე ხშირად უმოძრაობა. ეს დაავადება ხშირად სწორედ იმ ადამიანებს ემართებათ, რომელთა საქმიანობა ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია დიაბეტური ფონი, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება. აქვე აღვნიშნავ, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, თუ ადრე იგი უმეტესად 40 წლის ქალებში იყო გავრცელებული, ახლა იგი სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა ასაკში გვხვდება.


საწყის ეტაპზე როგორ ვლინდება ვარიკოზი?


კანქვეშა, ანუ გარეგანი ვენების ვარიკოზული დაავადების ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც თავისუფლად არის შესაძლებელი. თავდაპირველად იწყება კაპილარული სისტემის გამოყოფა, ფეხზე ჩნდება კაპილარული პეტექიები ე.წ. ვარსკვლავები, ამას მოყვება კანქვეშა ვენის გაგანიერებაც. საწყის ეტაპზე პაციენტს აღინიშნება კლინიკური ნიშნებიც: დღის ბოლოს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში და ქვედა კიდურების შეშუპება, ასევე შესაძლოა აღენიშნებოდეს ტკივილი თუნდაც კანქვეშა ვენის. ვარიკოზული ტკივილი არ არის მუდმივი სიმპტომი, მას დასვენების შედეგად გაქრობა ახასიათებს. არსებობს კიდევ ქრონიკური ვენური უკმარისობის სახე – არამარტო კანქვეშა ვენების დაავადება, არამედ ღრმა ვენების დაავადების სიმპტომატიკა, რომელიც არ ჩანს გარეგანად და რომელიც ძირითადად ხასიათდება უფრო მეტად შეშუპებითა და მეორადი ლიმფოსტაზით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი გამოკვლევები, რათა დადგინდეს ზუსტად რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.

 

რამდენად საშიში დაავადებაა ვარიკოზი, რა შეიძლება იყოს მისი გართულებული ფორმა?


გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ვარიკოზული ვენების ანთება – თრომოფლებიტი, ტროფიკული წყლული ან ეგზემა. მაგალითად, ტროფიკული წყლული, რომელიც ხშირია ჩვენს პრაქტიკაში, არის უმეტესად მტკივნეული, თვითონ ჭრილობის ზედაპირი არის მორუხო ჭუჭყიანი ნეკროზული მასებით დაფარული. კანის ეპითელიზაცია, ანუ შეხორცება არის ძალიან რთული. ვარიკოზის დროს, ტროპუკული წყლულის თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უნდა მოვხსნათ ქავილის სიმპტომი, რომელიც ხშირად უსწრებს წინ ტროფიკული წყლულის გაჩენას. ეს რთული და შრომატევადი პროცესია თვით ექიმისთვის და ასევე ძალიან მტკივნეული და დისკომფორტის მომგვრელი პაციენტისთვის.


როგორ უნდა მოუარონ ფეხებს ვარიკოზის საწყის ეტაპზე ზაფხულში?


მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში მოერიდოთ მზეს/გარუჯვას. ბევრ ადამიანს უყვარს ცხელი აბაზანის მიღება, რაც ასევე არ არის კომფორტული ვენებისთვის, სასარგებლოა ე.წ. კონტრასტული დუშის მიღება – ცხელი და ცივი აბაზანის მონაცვლეობით. ასევე, ზოგს ძალიან უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, ზოგს პირიქით, დაბალძირიანი ფეხასაცმელი მოსწონს, როცა ფეხსაცმლის ქუსლის საუკეთესო სიმაღლე 4-5 სანტიმეტრია. გარდა ამისა, უნდა ერიდონ სიმძიმის აწევას და მოიშორონ ჭარბი წონა. მოერიდონ მჭიდრო ტანისამოსის, მაგალითად, ე.წ. დაბალწელიანი მჭიდრო ჯინსების ჩაცმას, ასევე, ზედმეტად მჭიდრო ქამრების ტარებას, რადგანაც ეს იწვევს ვენურ შეგუბებას ადგილობრივად და აფერხებს სისხლის მიმოქცევას. მაქსიმალურად მოერიდონ დიდ ხანს უძრავად დგომას და ჯდომას, თუ მაინცადამაინც ასეთი სამსახური აქვთ, საჭიროა გავლა და გავარჯიშება. მაგალითად, შეიძლება დადგნენ თითის წვერებზე, აიჭიმონ და შემდეგ დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას. დასვენებისას სასურველია ფეხები შემოაწყოთ სიმაღლეზე. ვარიკოზით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მოერიდონ ფეხის ფეხზე გადადებასაც. ზაფხულში რეკომენდებულია სისხლის ჰომეოსტაზის, ანუ სისხლის შედედების მაჩვენებლის კონტროლი და რა თქმა უნდა, რეგულარული მოძრაობა, ვარჯიშები, ფეხით, ველოსიპედით სიარული და ცურვა.

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზს ძირითადად სამი გზით მკურნალობენ: სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ფლებექტომია, ანუ უფუნქციო გაგანიერებული ვენის ან მისი ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება, ამოკვეთა; სკლეროთერაპია – ვენების გაქრობა ინტრავენური სკლეროზანტის (სპეციალური პრეპარატის) შეყვანით; ვენის ლაზერული ან რადიოტალღური აბლაცია, როცა მაღალენერგიული ლაზერული სხივი წვავს ვენის შიდა გარსს; დაავადების საწყის ეტაპზე – ფეხებში სიმძიმის დროს გამოიყენება ვენოტონური მალამოები თუ აბები.





გადაბეჭდვის წესი


ასევე: