კვირის ამბები

წლები, რომლებიც გონებიდან არ იშლება

22.06.2014 • 1824
წლები, რომლებიც გონებიდან არ იშლება

შალვა ქოქოლაძე

1951 წლის 25 დეკემბერს ჩვენს სახლს უცხო პირები და პოლიციელები მოადგნენ. მათ ჩვენი სკოლის დირექტორიც ახლდა, არ ვიცი რატომ, ალბათ ჩვენს სახლამდე რომ მოეყვანა ისინი. ნაჩქარევად, რისი წაღებაც შეგვეძლო, წამოვიღეთ. ბევრმა ვერც კი მოასწრო ბარგის აღება. მაშინ გზებიც არ იყო სოფელში და ზურგით ვატარეთ ტვირთი. იმ დროს სოფელ მახოში ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი. სოფლის ცენტრიდან საბარგო მანქანებზე შეგვსვეს და შემდეგ ეშელონებში შეგვყარეს.

საშინელება იყო, ნამდვილი საშინელება ის, რაც გზაში და გადასახლებაში ვნახეთ – 14 დღე და ღამე ვიმგზავრეთ, ყველა ვაგონს თითო ჯარისკაცი დარაჯობდა, როგორც პატიმრები, ისე ვიყავით. უდანაშაულო ადამიანები იტანჯებოდნენ, ბევრიც მოკვდა. მატარებელი იშვიათად და ცოტა ხნით ჩერდებოდა, ამიტომ გარდაცვლილებს სახელდახელოდ მარხავდნენ. ტაშკენტი ბოლო გაჩერება იყო, იქედან გზა კიდევ გავაგრძელეთ და აღმოვჩნდით უსიამოვნო გარემოში. მიწით ნაგებ ქოხებში, სადაც წვიმის დროს კედლებიდან ტალახიანი წყალი ასხამდა.

ჩვენი სახლიდან, ერთადერთი რკინის საწოლი გავიყოლეთ და ბავშვებს იმაზე გვეძინა, თუკი ამას ძილი ერქვა. გველები და მცოცავები იყო სახლებში. ახლაც მეშინია, რომ მახსენდება. გველები თავს გამოყოფდნენ ხოლმე და დაგვყურებდნენ ზემოდან. ორი წელი და რვა თვე გაატარა ჩემმა ოჯახმა ასეთ პირობებში. სასწაული წვალება იყო.

საერთოდ, იმ ადგილებში იშვიათად წვიმდა ხოლმე. სიცხე 45 გრადუსამდე აღწევდა, ასეთ პირობებში უზარმაზარ ტიალ მინდვრებზე, პურისა და ბამბის პლანტაციებში ვმუშაობდით. ეს იყო საარსებო წყარო. პლანტაციაში მომუშავეებს მცირე საკვებს ურიგებდნენ და ამით ვირჩენდით თავს.
არავის აინტერესებდა, რომ მე ბავშვი ვიყავი და მუშაობის ნაცვლად სხვა რამ მჭირდებოდა: სწავლა-განათლება, ბავშვური გართობა…
დასალევი წყარო არ იყო, მღვრიე არხები მოედინებოდა და აქედან ვიღებდით წყალს. გადავადუღებდით და ისე ვსვამდით.

ჩვენ ვიცოდით, რომ ხალხის გადასახლების იდეა ბერიას ეკუთვნოდა, ჩვენს მიწებზე სხვა ხალხის შემოყვანა სურდათ. ეს ყველაფერი ფეხქვეშ თელავდა ჩვენს ღირსებას და პატივს, მაგრამ ვის აინტერესებდა ჩვენი ღირსება.

სამი კლასი იქ დავამთავრე, რუსულს კარგად ვსწავლობდი, სხვა საგნებსაც, მაგრამ დაბრუნების შემდეგ აქაც მესამე კლასში დამსვეს. რვა კლასის დასრულების შემდეგ მუშაობა სამშენებლო ტრესტში დავიწყე. წლების შემდეგ ხელვაჩაურში ბინა მომცეს და საცხოვრებლად იქ გადავედი“.

შალვა ქოქოლაძის მეუღლე ანიკოც, რეპრესიების მსხვერპლი იყო. გადასახლება მთელ მის ოჯახს შეეხო. „სულ ხუთნი იყვნენ ოჯახში. ანიკოს ოჯახი სხვა სოფელში ცხოვრობდა. ისიც ისე განიცდიდა იმ წლებს, როგორც მე და ჩემი და. გვენატრებოდა სახლი, მეგობრები… რთულია, ბავშვის გონებიდან ამოშალო ის წლები, არ ამოდის მეხსიერებიდან. მახსოვს, როგორც ვთხოვდით ღმერთს, რომ სამშობლოში მალე დავბრუნებულიყავით“.

შალვა ქოქოლაძისთვის უცნობია გადასახლების მიზეზი. ის მხოლოდ ვარაუდობს, რომ მიზეზი შეიძლება თურქეთში მყოფი მამის ძმა გახდა: „რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, ხალხის გადასახლება უსამართლობაა, უდანაშაულო ადამიანების მით უფრო. გული ძალიან მწყდება ამაზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: