კვირის ამბები

პროკურორები ციფრებში

12.06.2015
პროკურორები ციფრებში

 

”ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ”პროკურატურიდან დაითხოვეს 76 მუშაკი”, მათ შორის 27 პროკურორი. მათგან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურს თავი მიანება 21-მა თანამშრომელმა (მთავარი პროკურატურა – 5, აჭარის პროკურატურა – 2, ბათუმის რაიონული პროკურატურა – 3, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – 2, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – 1, რუსთავის რაიონული პროკურატურა – 2, ბოლნისის რაიონული პროკურატურა – 1, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – 1, მცხეთის რაიონული პროკურატურა – 1, კახეთის საოლქო პროკურატურა – 1, სიღნაღის რაიონული პროკურატურა – 1, სენაკის რაიონული პროკურატურა – 1).

ამავე პერიოდში წახალისდა 196 პროკურორი. პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, თუ რა შესრულებული სამუშაოსთვის წაახალისეს ეს თანამშრომლები.

რაც შეეხება დასჯას – დისციპლინური სახდელი გამოიყენეს 14 პროკურორის მიმართ, კერძოდ, 2014 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე გაათავისუფლეს სამი პროკურორი, ორ პროკურორს გამოუცხადეს საყვედური, ხოლო ცხრა პროკურორს – შენიშვნა. ასევე უცნობია, რატომ დასაჯეს ეს პროკურორები.

საქართველოს პროკურატურის ოცდათორმეტ მუშაკს მიეცა რეკომენდაცია საქმიანობის სრულყოფისა და პროკურატურის მუშაკისთვის დაკისრებული მოვალეობის განუხრელი დაცვის თაობაზე.
2014 წელს პროკურორთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

 

რა რაოდენობის პრემია გაიცა პროკურორებზე? – ”ბათუმელების” ამ კითხვას 5-თვიანი ლოდინისა და ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უპასუხა. ”ბათუმელებისთვის” გამოგზვანილ წერილში პროკურორის მოადგილე წერს, რომ რეგიონების მიხედვით თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის ოდენობაა 412 885 ლარი.

 

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 444 პროკურორი. აქედან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში – 133, აფხაზეთის პროკურატურში – 2, აჭარის პროკურატურში – 33, თბილისის პროკურატურაში – 106, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში – 28, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში – 28, კახეთის საოლქო პროკურატურაში – 24, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში – 17, დასავლეთ საოლქო პროკურატურაში – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში – 27.

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, წერია: ”მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ღიად, პიროვნული ღირსებების გათვალისწინებით, ობიექტურად და გამჭვირვალედ, არასათანადო პოლიტიკური გავლენის გარეშე”.

საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურორს ანგარიშვალდებულება ეზრდება. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: