კვირის ამბები

არაფორმალური განათლება ბათუმის უნივერსიტეტში

23.05.2015 • 2879
არაფორმალური განათლება ბათუმის უნივერსიტეტში
ლალი ანთიძე

„როცა რეგიონში არსებობს უნივერსიტეტი, ვფიქრობ მას მეტი ღიაობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. უნივერსიტეტი არ უნდა იყოს კუნძულივით, თავისთვის ცალკე. ამიტომ ცოცხალი პროცესის წამოწყება გვინდოდა, სადაც არა მარტო სტუდენტები იქნებოდნენ ჩართულნი, არამედ მოსწავლეები და თუნდაც სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი ექნებოდა, მიეღო მისთვის საინტერესო სფეროში რაღაც დამატებითი ინფორმაცია“, – ამბობს ლალი ანთიძე.

იდეის განხორციელებაში ძირითადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორები არიან ჩართული. როგორც ლალი ანთიძე გვეუბნება, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ტრაპაიძე ლიტერატურულ კლუბს კურირებს. კლუბი პერმანენტულად იწვევს მწერლებს, ლიტერატორებს და დისკუსიის დროს სხვადასხვა თემაზე მიდის საუბარი. „ნათია ამბობდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა სტუდენტებში მწერლობის უკეთესად გააზრებას და ახალი ნაწარმოებების გაცნობას. ამ მიმართულებით კლუბმა შეძლო განათლების სამინისტროს გრანტის მოზიდვაც და შეხვედრები მოაწყო გიორგი კეკელიძესთან და დათო ბარბაქაძესთან. ეს საკვირაო შეხვედრები საინტერესო გახდა. არ გვინდოდა ისეთ შეხვედრებს დამსგავსებოდა, სტუდენტები მოვალეობის მოხდის მიზნით, დეკანის თხოვნით რომ შემოდიან და გადიან. აქ მოდის ის, ვისაც ნამდვილად უნდა ილაპარაკოს ან მოისმინოს ლიტერატურაზე“.

ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი კინოკლუბს კურირებს, ელგუჯა მაკარაძე კი –  რიტორიკის სკოლას. არაფორმალური განათლების ცენტრის კიდევ ერთი ინიციატორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი, მარინა გიორგაძე ღია ბიბლიოთეკას კურირებს.

„უნივერსიტეტში გავაკეთეთ ღია ბიბლიოთეკა. დერეფანში დგას კარადა, საიდანაც სტუდენტებს მიაქვთ წიგნები და კითხულობენ. ჯერ წაღების რეჟიმია და იმედი მაქვს, რომ წიგნებს წაკითხვის შემდეგ დააბრუნებენ. ღია კარადა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვენდობით, სწორედ ეს არის სამოქალაქო ცნობიერება“.

არაფორმალური განათლების განვითარებისთვის, როგორც ლალი ანთიძე ამბობს, აუცილებელია პროცესებში სტუდენტისა და მოსწავლის ჩართულობა. „ბოლო წლებში სტუდენტებს უჭირდათ სამაგისტრო პროგრამების ჩაბარება და ბევრი ვაკანსია რჩებოდა უნივერსიტეტში. გადავწყვიტე, მათ დავხმარებოდი და რამდენიმე სტუდენტთან ზოგად უნარებში ვიმუშავე. ახლა ეს სტუდენტები იმდენად მომზადებულები არიან, რომ თვითონ ეხმარებიან სკოლის მოსწავლეებს უნარების განვითარებაში“.

როგორც ლალი ანთიძე ამბობს, ამ ეტაპზე ქალაქის სკოლებდიან 32 მოსწავლეა შერჩეული, რომლებსაც არაფორმალური განათლების ცენტრი უსასყიდლოდ ამზადებს. „ეს კარგი რამე აღმოჩნდა სტუდენტების თვითდამკვიდრებისთვისაც. ისინი პედაგოგიურ პრაქტიკას იღებენ, მოსწავლეები კი – ცოდნას“

როგორც ლალი ანთიძე გვეუბნება, ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდაც მოამზადა. „250 მსურველი ჩაეწერა. ზოგადად, გამოცდების წინ სტრესში არიან აბიტურიენტები და იმიტირებული გამოცდები ამ სტრესის დაძლევაში ეხმარება მათ“.

არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაა. „ამ სფეროში ვმუშაობ მე, რადგან უნივერსიტეტში მიმყავს კურსი – დემოკრატია და მოქალაქეობა.

სტუდენტები აპირებენ სამოქალაქო ცნობიერება მძღოლებსაც განუვითარონ. „რადგან ისინი, თითქმის არასდროს აჩერებენ ავტომანქანას ე.წ. ზებრაზე და საფრთხეს უქმნიან ქვეითებს“, – ამბობს ლალი და რამდენიმე ფაქტს იხსენებს. –  „ერთი უცხოელი სტუმარი ძლივს გადავარჩინე, რადგან „ზებრაზე“ გაიარა და ამ დროს მანქანა არ გაჩერდა. იყო შემთხვევა, როცა უცხოელმა ხელი დაუბრახუნა მანქანაზე და ასე ანიშნა მძღოლს, რომ მისი გზა იყო. ეს ყველაფერი ჩვენს სამოქალაქო კულტურაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ასეთი აქციებით რაღაც შეიცვლება“.

არაფორმალური განათლების ცენტრში ერთ-ერთი მიმართულებაა კრიტიკა. სტუდენტური რესურსებით ცენტრი აპირებს გააკეთოს ელექტრონული ჟურნალი, რომლის ერთი ნაწილი სტუდენტურ ნამუშევრებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი – კრიტიკას.

„იმუშავებს დებატების კლუბიც, სადაც ადგილი დაეთმობა მრავალფეროვნების საკითხების განხილვას. საუბარი გვექნება სხვადასხვა უმცირესობის უფლებებზე, რადგან ასეთი ფორმის განათლება ზრდის ახალგაზრდებს.

როგორც ლალი ანთიძე ამბობს, გაიხსნება არაფორმალური განათლების ფასიანი ცენტრებიც. „ფასიანია, მაგალითად, უცხო ენების მოსამზადებელი კურსები. საჯარო მოხელეებს ვთავაზობთ ზოგად უნარებში მომზადებას და არის დაინტერესება. დიდი ინტერესი გვაქვს, რომ გავაკეთოთ იოგას გამაჯანსაღებელი ცენტრი, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობისთვის. იოგა ადამიანს ეხმარება სხეულის ფლობასა და კონცენტრაციის უნარის განვითარებაში. დღეს ძალიან გადაღლილები და საკუთარი თავიდან გაქცეულები ვართ ადამიანები, ამიტომ ამ ცენტრის არსებობა, ვფიქრობ, ბევრს დაეხმარება.“

ლალი ანთიძის თქმით, შემოსავლების ნაწილი არაფორმალური განათლების ცენტრის განვითარებას, ნაწილი კი, პედაგოგების ანაზღაურებას მოხმარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: