კვირის ამბები

წლიდან წლამდე სახელმწიფო საწარმოებში მოგება მცირდება

11.05.2015 • 1511
წლიდან წლამდე სახელმწიფო საწარმოებში მოგება მცირდება

 

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ჩვენთან არ არსებობს ეფექტური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. სადაც ეს სტანდარტები დაბალია, იქ ძალიან მაღალია საფრთხეები – კორუფციული გარიგების, პირადი ინტერსების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების. სამწუხაროდ, ამის საფუძველს იძლევა საქართველოს კანონმდებლობა.

 

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ავტონომიის, თვითმმართველობის დონეზე. შეიძლება ერთ მუნიციპალიტეტში შეხვდე თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ერთი და იმავე პროფილის რამდენიმე არაკომერციულ იურიდიულ პირს. ჩნდება კითხვა ადამიანური, ფინანსური რესურსების შესახებ – რა უჯდება ამ იურიდიული პირის შენახვა მუნიციპალიტეტს. რა გააკეთა – რამდენად კარგად ან ცუდად, როგორც წესი, საქართველოში არ ფასდება.

 

სახელმწიფომ აღიარა, რომ კომერციული იურიდიული პირებისთვის ეს საწარმოები სერიოზული პრობლემაა – ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ცალკე თავი დაუთმო. მაგრამ ერთია, რა ჩავწერეთ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში და მეორეა, როგორ შესრულდება ეს ყველაფერი. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსაც კი არ აქვს სრული ინფორმაცია ამ საწარმოების შესახებ. ამის კარგი დასტურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ისეთ საწარმოებსაც კი მიაკვლიეს, რომელთა შესახებ ინფორმაცია არც კი არსებობდა. ახლა გავიხსენოთ ისიც, რომ ამ საწარმოების დიდი ნაწილი წამგებიანია და ისიც, რომ არ არსებობს რეგულირებული ანაზღაურების სისტემა.

 

თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ამ იურიდიული პირების გამჭვირვალობის სტანდარტების დადგენაზე, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემა, რადგან მილიარდობით ლარის ღირებულების ქონება არის ამ საწარმოებში აკუმულირებული. ეს არის ქონება, რომელიც სახელმწიფომ გადასცა მათ საკუთრებაში, დროებით სარგებლობაში. რა ბედი ელის ამ ქონებას, როგორ განკარგავენ, რა მდგომარეობაა ამ კომპანიებში – ინფორმაცია არის დახურული. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცდელობა, მიგვეღო ამ პირების მიერ წარდგენილი ანგარიში დამფუძნებლების წინაშე და ბევრ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ანგარიშები არ წარუდგენიათ.

 

სახელმწიფო ქამრების შემოჭერაზე, ხარჯების დაზოგვაზე საუბრობს. ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს პოლიტიკას, რომელიც აქვს არაკომერციულ იურიდიულ პირებთან მიმართებაში.

 

რაც შეეხება ანაზღაურებას – ჩვენ შევისწავლეთ ისეთი საწარმოები, რომლებიც უშუალოდ ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არიან. ძალიან საინტერესო ციფრები გვაქვს: წლიდან წლამდე, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში საწარმოებში მოგება მცირდება. ჩნდება კითხვა – თუკი ეს საწარმოები წამგებიანია, თუკი ისინი ბაზარზე არ არიან კონკურენტუნარიანები, რაში სჭირდება სახელმწიფოს ასეთი საწარმოები? მოგება ხშირად სამედიცინო პროფილის საწარმოებს აქვთ, რომლებსაც ასევე მიბმულნი არიან ჯანდაცვის ერთიან სახელმწიფო პროგრამაზე – ამითი იღებენ მოგებას და არა იმით, რომ შეძლეს ბაზარზე კაპიტალის მოძიება.

 

ის, რომ საწარმოებს მოგება არ აქვთ, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორითაც – გაზრდილი შტატებით, ანაზღაურებით. როდესაც ხარჯები იზრდება საწარმოებში, ბუნებრივია, მოგებაზე საუბარი რთულია. ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ არჩევნების წლებში ამ საწარმოებში იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, შემდეგ კი მცირდება… ეს ის თემაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს.

 

ჩვენ მოვამზადეთ კვლევა, რომელიც ეხება ხორვატიის გამოცდილებას საწარმოების გამჭვირვალობისა და პრივატიზაციის კუთხით. კვლევა დაწერა ხორვატმა ექსპერტმა. ის იყო ავტორი იმ რეფორმის, რომელიც ხორვატიამ გაატარა ევროკავშირში გაწევრიანების წინ. ეს არის საოცარი რეფორმა, საუბარია პროაქტუალობაზე, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, საჯაროობაზე, კონკურსების ჩატარებაზე, ეთიკის კოდექსზე, შიდა აუდიტის დოკუმენტზე, რაც საქართველოში წარმოუდგენელია – ამ დრომდე გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღიაობა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ გამხდარა ის თემა, რომელიც ანალიზის საფუძველზე იქნებოდა განხილული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: