კვირის ამბები

მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

28.04.2015 • 2377
მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

 

თეა ჭანტურიშვილი
თეა ჭანტურიშვილი

სირიაში, სადაც ახლა ჯოჯოხეთია, 2006 წელს აღმოვჩნდი, ოცი  ქართველი დიპლომატისგან შემდგარი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. იკითხავთ, თუ  რა გვინდოდა სირიაში?! კოლეგებთან ერთად ეგვიპტის დიპლომატიურ აკადემიაში ტრენინგზე  მივემგზავრებოდით,  რომლის პროგრამაში სირიის მონახულებაც შედიოდა. ამ ვიზიტმა   ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან მაფიქრებინა, რომ ოდესმე ეს სახელმწიფო, დემოკრატული მმართველობის  პირობებში რელიგიათა დიალოგის კერა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მაგალითის მიმცემი ქვეყანაც  გახდებოდა. სირიიდან ასეთი განწყობის შექმნა უკავშირდება ჩვენს მიერ დამასკოს უძველეს უბანში მუსლიმების  გვერდიგვერდ ფეხმორთხმულ ლოცვას იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილ თავთან. მუსლიმებისთვის იაჰია (Yahya), მაცხოვრის მომნათვლელი უდიდესი წმინდანი, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მეჩეთშია დასვენებული. მეჩეთამდე ამ ადგილას ულამაზესი ბიზანტიური ეკლესია მდგარა, ისტორიული წყაროებით კი 634 წელს, არაბებისგან დაპყრობის შემდეგ ამ ადგილას უდიდესი მეჩეთი აუგიათ. მეჩეთში დასვენებულია იონე ნათლისმცემლის თავის ნაწილები, რომელსაც  ერთნაირად სცემდნენ თაყვანს ქრისტიანებიც და მუსულმებიც. ისლამური რელიგიის მიმდევრების აზრით,  სწორედ ამ ადგილას მოხდება ისას (იესოს) გამოცხადება აღქმულ დღეს.

 

სირიაში ამ ამაღელვებელი პილიგრიმობისას, ასევე მოვინახულეთ  ორი ქრისტიანული  მონასტერი, რომელიც ბერძნებისგან შეუძენია მდიდარ სომეხ მეცენატს. ბერძნული მართლმადიდებელი მრევლი აღარ არსებობდა, სომხური დიასპორა კი  მრავალრიცხოვანი და მზარდი იყო. ერთ-ერთ  ასეთ სომხურ მონასტერში თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი უამრავი ბავშვი დაგვხდა. უჩვეულო სანახავი იყო – სირიის არაბული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უდაბნოში, მონასტერში, უამრავი ქრისტიანის და თანაც კავკასიელი ბავშვების ხილვა.  ძალიან გვინდოდა საკუთარი ყურით მოგვესმინა არამეული ენა, რადგან ვიცოდით, რომ სირიაში ჯერ კიდევ არსებობდა სოფლები, სადაც მაცხოვრის ენაზე საუბრობდა იქაური მოსახლეობა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც მთავრობიდან მომაგრებულმა პირმა გვითხრა, ასეთი სოფლები დამასკოდან საკმაოდ შორს მდებარეობენ.

 

ვიხსენებ სირიაში ჩასვლისას მიღებულ ჩემს პირველს შთაბეჭდილებას – ლამაზი აეროპორტი განსაკუთრებით  მომხიბლავი ადამიანებით-მომსახურე პერსონალით (როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული რეჟიმების ჩვეულია ტრიუკია თვალში ნაცრის შეყრა პომპეზური აეროპორტებითა და სხვა სასიამოვნო ანტურჟით.) ამ სახელმწიფოში მართლაც ლამაზი ხალხი ცხოვრობს, ბევრ მათგანს ღია-მწვანე ან ლურჯი ფერის თვალები აქვს (აშკარად ხმელთაშუა ზღვისეული, ბერძნული სატელიტების გენეტიკური გადმონაშთები).

 

ჯერ კიდევ აეროპორტში ფეხის დადგმისას სულ სხვა სურნელი ვიგრძენი – ნამდვილი აღმოსავლეთის და აღფრთოვანებით ვუყურებდი მდიდრული ინტერიერის მორთულობისთვის გამოყენებულ უსასრულო არაბესკებს.  ერთმა ანგლოსაქსმა ახალგაზრდა კაცმა, ძალიან დაბალ ხმაზე, თითქმის ჩურჩულით მკითხა, ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად და სად იყო ინტერნეტი. შემდეგ ბევრჯერ გამხსენებია ამ დასავლელი სუბიექტის თვალებგაფართოვებული სახე, რომელიც ნამდვილ ფიზიოლოგიურ შიშს განიცდიდა მისთვის სრულიად უცხო  „მშვიდ“ გარემოში. ეს სიმშვიდე ხომ მოჩვენებითი იყო, ამ დაგუბებულ სტაგნაციას კი ჭკვიანი ადამიანები მაშინვე გრძნობდნენ. თუმცა ეს ვერ დაეხმარა მსოფლიოს თავიდან აეცილებინა ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ომი, რომელმაც  წარმოშვა მილიონობით ლტოლვილი, ასიათასობთ დაღუპული ადამიანი და  სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა.

 

ჩემი სირიაში მოგზაურობის შემდეგ უკვე მეტი ინტერესით ვადევნებდი თვალს იქ მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებდი, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგად მშვიდობიანად შეიცვლებოდა მმართველობა, რომელიც ჰაფეზ ალ-ასადმა თავის ვაჟიშვილს ბაშარ ასადს გადასცა. ცივი ომის დროს ისრაელის საპირწონედ ასადები მოსკოვის მოკავშირეები გახდნენ და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებენ  შესანიშნავ ურთიერთობებს კრემლთან.   მახსოვს, სულ პირველად, როდესაც დაიწყო სტუდენტების გამოსვლები და სირიის პირველმა ლედიმ ასმა ალ-ასადმა ინგლისში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალბატონმა ტვიტერში დაწერა, რომ ის უკვე მერამდენე კვირაა „შოპინგზე“ ვერ გადის ქალაქის ცენტრში. პირველი ლედის არაადეკვატურობამ ჩემში საშინელი ანტაგონიზმი გამოიწვია, რადგან გამახსენდა სიღარიბის დონეც, რომელიც მომხიბვლელი აეროპორტისა და სხვა საჩვენებელი ადგილების გარდა ყველგან გვხვდებოდა სირიაში. განსაკუთრებით გონებაში ჩამებეჭდა მშიერი ბავშვები და ქალები. შავი ფერის ჩადრებში, თავიდან ფეხებამდე შეფუთული, გზებზე გამოფენილი ქალები  ყიდდნენ  პროდუქტებს. ასმა ალ-ასადს კი ჟურნალმა „Vogue“ ,,უდაბნოს ვარდი“ უწოდა თავის დახვეწილი ჩაცმის სტილის და მანერების გამო. მსოფლიო პროტესტის შემდეგ „ვოგი“ იძულებული გახდა  ამოეღო  ამ სტატიის ინტერნეტ ვერსია,  რედაქტორმა კი სამსახური დაკარგა, რადგან მხილებულ იქნა სირიის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიასთან – Brown Lloyd Jame-თან თანამშრომლობაში, რომლის ორგანიზებულიც იყო ეს  პუბლიკაცია. სამაგიეროდ, ბრიტანულმა გამოცემა “Newsweek”-მა ასმა ასადს ,,ჯოჯოხეთის პირველი ლედი“ უწოდა.

 

რა თქმა უნდა, აუტანელ სიღარიბეს, რომელიც იქ ვნახეთ, ენაცვლება დასავლური ლოსკით გაბრწყინებული რამდენიმე მდიდრული უბნის ბრწინვალებაც. მახსოვს, უგემრიელეს დამასკურ ტკბილეულს ვყიდულობდი, როდესაც გამყიდველს ვკითხე, თუ რამდენად იყო კმაყოფილი ცხოვრებით. პასუხი კლასიკური იყო – რომ ცხოვრება ჭირდა, რადგან დიდია უმუშევრობა. მართლაც, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავდა ქუჩებში, მაღაზიებთან ახლო-მახლოდ გამოფენილ უამრავ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც ტურისტებს ათვალიერებდნენ.  სწორედ ამ რამდენიმე უბნის სიმდიდრით შემოიფარგლებოდა ამ სახელმწიფოს პროგრესი. განსაკუთრებული სიღატაკე კი მაინც დედაქალს მიღმა იყო, სწორედ იქ, სადაც ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ გულია. 

 

ფაქტი ერთია – სირია ამ საუკუნის ყველაზე შემზარავი ომის სიმბოლოდ იქნებ აღქმული, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური თუ  ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით, რომლის წარმომავლობაც დიდ კითხებს ბადებს. ჯერ კიდევ ღიად რჩება შეკითხვა, მაინც ვინ დგას ,,ისლამური სახელმწიფოს“ უკან, ვინ აფინანსებს მათ და საბოლოოდ რა მიზანს ემსახურება ამ მონსტრის ჩამოყალიბება.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: