კვირის ამბები

ქედის საკრებულომ სხდომა ‘ბათუმელების’ ჟურნალისტისთვის დახურა

03.04.2015 • 1378
ქედის საკრებულომ სხდომა ‘ბათუმელების’ ჟურნალისტისთვის დახურა

 

სხდომის დაიწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე დეპუტატებს სურდათ თუ არა სხდომა დახურულად წარმართულიყო. საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა სხდომა გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

საკრებულოს სხდომის დახურვამდე
საკრებულოს სხდომის დახურვამდე

დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხიდან, ორ საკითხზე (ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ მახუნცეთში მდებარე 1045.00 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 847,80 კვ.მ შნობა/ნაგებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი) ქედის საკრებულოს დეპუტატებმა ჯერ კიდევ გასულ კვირას 27 მარტს ჩატარებულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელა, წინა კვირას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი ეს ორი საკითხი  დეპუტატებმა, მომხსენებლებთან ერთად მოუმზადებლად მიიჩნიეს და დასამუშავებლად დააბრუნეს შესაბამის კომისიებში.

 

ამ ორი საკითხის გარდა დეპუტატებს დღეს კიდევ ერთ საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 დეკემბრის N 01-20/183 განკარგულებაში ცვლილების შეტანანაზე უნდა ემსჯელა.

 

კითხვაზე, რა მოტივით დაუჭირეს დეპუტატებმა მხარი საკითხს, რომ სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო? ამასთან დაკავშირებით დეპუტატების ნაწილმა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უმრავლესობი წევრი რამაზ გოლომანიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ერთმანეთთან უშუალო დიალოგი სურდათ:

 

„გვაქვს უფლება გამოვაცხადოთ სხდომა დახურულად, ამის შესახებ უმრავლესობამ იმსჯელა, იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც გვინდოდა საკრებულოს წევრებს შორის უშუალო დიალოგი ყოფილიყო და ამიტომ ჩავატარეთ დახურულად, თუმცა უკეთესი იქნებოდა ეს წინასწარ ყოფილიყო ცნობილი“.

 

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ვაჟა ბოლქვაძე კოლეგას არ ეთანხმება: „ის, რაც დღეს იყო არაკომპეტენტურობას და უცოდინრობას ემსახურება, აქ სრული ქაოსია, რას აკეთებენ მათაც კი არ იციან. სხდომის დახურულად ჩატარება ასე არ ხდება, მნიშვნელოვანი, კონფინენციალური საკითხი უნდა იხილებოდეს, ისეთი რომელიც არ უნდა გასაჯაროვდე. დღეს კი ასეთი განსახილველი საკითხი არ ყოფილა და ამიტომ წავედი წინააღმდეგი სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო“.

„ბათუმელებმა“ სხდომის დახურვის მოტივების შესახებ ინფორმაცია საკრებულოსგან წერილობით უკვე გამოითხოვა.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: