კვირის ამბები

დაავადება, რომელიც გაზაფხულზე მწვავდება

20.03.2015 • 26287
დაავადება, რომელიც გაზაფხულზე მწვავდება
  • ქალბატონო ლუიზა, რა იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს?

კუჭის წყლული – ეს არის ლორწოვანის დეფექტი, იგი სიღრმის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ლორწოვან შრეს ან ლორწქვეშა შრეებს. თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზი ბევრია. დადგენილია, რომ კუჭის წყლულს პირველ რიგში იწვევს ჰელიკობაქტერიების არსებობა, ასევე, არასწორი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარება, მოწევა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და უზმოზე, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოხმარება.

  • უფრო მეტად კაცებში გვხვდება ეს დაავადება თუ ქალებში? რა ასაკში ვლინდება ძირითადად?

აღნიშნული დაავადება უფრო ხშირად გვხდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, იმიტომ, რომ მამაკაცები უფრო მეტ ალკოჰოლს იღებენ, მეტს ეწევიან. თუმცა ამ ბოლოს კუჭის წყლული ქალებშიც გახშირდა, რადგან სიგარეტს ქალებიც ხშირად ეწევიან. მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობაც. კუჭის წყლული ბავშვებშიც ვლინდება. ზოგადად, დაავადება გაზაფხულსა და შემოდგომაზე, 20-დან 50 წლამდე ადამიანებში უფრო მეტად იჩენს თავს.

  • რა სიმპტომები ახასიათებს წყლულს?

წყლულოვანი დაავადების სიმპტომი არის ტკივილი. არსებობს მუნჯი წყლული, რომელიც ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი სიმპტომი მაინც ტკივილია იმ არეში, სადაც წყლულია ლოკალიზებული. თუ არის კუჭის წყლული, მაშინ ტკივილი შესაძლოა დაიწყოს ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ არის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მაშინ ტკივილი ჭამიდან ორი საათი შემდეგ იწყება. ასევე ახასიათებს ტკივილის შეგრძნება უზმოზე. ჭამის შემდეგ ტკივილი ყუჩდება, მაგრამ მერე ისევ წარმოიქმნება, განსაკუთრებით დამახასიათებელია ტკივილი ღამით, როცა კუჭი არის მშიერი, გამთენიისას შესაძლოა წარმოიქნას მძაფრი ტკივილი კუჭის არეში.

  • როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?

ამ დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის გასტროფიბროსკოპია, რაც ყველა კლინიკაშია ხელმისაწვდომი. როცა პაციენტი ამ ზემოჩამოთვლილი ჩივილებით მოდის საავადმყოფოში, აუცილებელია მისი გამოკვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი უარს ამბობს გასტროფიბროსკოპიაზე, ამ დროს ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ჰელიკობაქტერიებზე.

  • რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ ადამიანი წყლულს დროულად არ უმკურნალებს?

წყლულოვან დაავადებას ბევრი გართულება ახლავს თან, ყველაზე საშიშია სისხლდენა წყლულიდან, რომლის დროსაც ვლინდება წნევის ვარდნა, გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა, ამ შემთხვევაში პაციენტი სტაციონარში თავსდება. როცა პაციენტს აქვს შავი ფერის განავალი, ამ დროს გადაუდებელი მკურნალობაა საჭირო.

შესაძლოა წყლული გასკდეს, ეს იწვევს ძლიერ ტკივილს, თითქოს ხანჯალი ჩაგცეს. ამ დროსაც პაციენტი უნდა მოთავსდეს სტაციონარში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი, როცა წყლულის გასკდომის შედეგად შიგთავსი ჩაიღვრება მუცლის ღრუში, ყველაზე ხშირად პანკრიასში და ჩაიზრდება მასში, რაც ასევე იწვევს ქრონიკულ ტკივილს მუცლის ზედა არეში.

  • რა არის თქვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის?

როცა პაციენტს აღენიშნება გულძმარვა, ბოყინი, გულის რევის შეგრძება, მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დროულად ჩატარებული მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

კუჭის წყლულის დროს უმჯობესია რაციონიდან ამოვიღოთ:

  • ცხიმიანი ხორცი და თევზი
  • განსაკუთრებით – შემწვარი
  • ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი
  • ცხარე სანელებლები
  • ძეხვი, შაშხი
  • კონსერვები
  • ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი
  • ალკოჰოლური სასმელები
  • ნაყინი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: