კვირის ამბები

რატომ არის საშიში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

17.03.2015 • 5265
რატომ არის საშიში მუსიკის  ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ოტოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით სახიფათოა იმიტომ, რომ დაკარგული სმენა უკან არ ბრუნდება.

„ხდება სმენის შენარჩუნება იმ ეტაპზე, რა დონემდეცაა დაქვეითებული, მაგრამ პროცესი შეუქცევადია. ნარჩუნდება სმენის პირველი, მეორე ხარისხის დაქვეითება, მაგრამ სმენის ნერვის დაზიანების მკურნალობა, სამწუხაროდ, არ არსებობს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეჭვის არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს“, – ამბობს ექიმი.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 360 მილიონი სმენადაქვეითებული ადამიანია (მათ შორის 328 მილიონი ზრდასრული და 32 მილიონი ბავშვი). ამის მიზეზი გარდა მაღალი ხმის ზემოქმედებისა, შესაძლოა გენეტიკური წინაგანწყობა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მაგალითად, მენინგიტი), ყურის ქრონიკული ინფექციები, ხშირი გაცივება ან დედის მიერ ორსულობაში გადატანილი წითელა იყოს.

ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ სმენის დაქვეითება შესაძლოა ზოგიერთმა ოტოტოქსიკურმა მედიკამენტმაც (მაგალითად, ანტიბიოტიკმა გენტომიცინმა) გამოიწვიოს:

„ჩვენ ხშირად ვურჩევთ პაციენტებს თავი შეიკავონ ასეთი მედიკამენტების მოხმარებისგან. სამწუხაროდ, ამ წამლებს დღემდე აქტიურად მოიხმარენ საქართველოში“.

ხმის უსაფრთხო დონე მისი ინტენსივობით (სიმაღლით), ხანგრძლივობით (ზემოქმედების დროით) და ზემოქმედების სიხშირით (რეგულარობით) განისაზღვრება.

ჯანმოს რეკომენდაციით, ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 8-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში 85 დეციბელია, ხოლო 100-112 დეციბელის დონის ხმის ზემოქმედება, რომელიც ძირითადად ღამის კლუბების, ბარებისა და პაბებისთვის არის დამახასიათებელი – მხოლოდ 15 წუთით არის დასაშვები.

ჯანმოს ცნობით, მპ3 პლეიერებიდან და სმარტფონებიდან გამომავალი ხმა 75-დან 136 დეციბელამდე მერყეობს, ამიტომ ასეთ აუდიომოწყობილობებში დაუშვებელია მუსიკის მაქსიმალურ ხმაზე მოსმენა.

გარდა ამისა, „ყურში ჩასადგმელი ყურსასმენებით მუსიკის ხმამაღლა მოსმენა შესაძლოა კიდევ სხვა საშიშროების წყაროც გახდეს. ფეხით სიარულისას და ველოსიპედის ტარებისას ასეთი ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა ართულებს ირგვლივ სხვა დანარჩენი ხმის აღქმას და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს“, – ნათქვამია ჯანმოს საინფორმაციო ბუკლეტში.

პირველი სიმპტომი, რითაც შესაძლოა ეჭვი მიიტანოთ სმენის დაქვეითებაზე, უშუალოდ სმენის გაუარესებაა.

„პაციენტი ამჩნევს, რომ მას ბოლო დროს ცუდად ესმის, მაგალითად, ხშირად ტელევიზორს უმატებს ხმას. შემდეგ ეწყება ყურში შიშინი, ხმაური, სტვენა“, – ამბობს ბეხრი დიასამიძე. ასევე, შესაძლოა, პერიოდულად პაციენტს სტკიოდეს ყური. ექიმის თქმით, ამის მიზეზი ყურსასმენების ხშირი გამოყენებით შიდა ყურის დაღლაა. ასეთი სიმპტომებისას აუცილებელია აუდიოგრამის გაკეთება, რათა დადგინდეს თუ, რამდენი პროცენტით არის სმენა დაქვეითებული.

ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სმენა თანდათანობით ყველას უქვეითდება, თუმცა ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ხმაურის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაა, საგრძნობლად აჩქარებს და ამძიმებს პროცესს.

„ახალგაზრდებმა უნდა შეამცირონ მუსიკის ხმამაღალი მოსმენა, როგორც ყურსასმენებით, ისე დისკოთეკებზე, ბარებში… კონცერტებზე კი დინამიკებიდან მოშორებით უნდა დადგნენ, თორემ ეს ყველაფერი ძალიან მალე ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, აუცილებელია პროფესიულმა კავშირებმა საკითხი დააყენონ სამშენებლო ან სხვა, ხმაურიანი სამუშაოების (მექანიკური ხერხით, პნევმატური საბურღით, დამანგრეველი ჩაქუჩით მუშაობა და სხვა) შესრულებისას, რომ დაცული იყოს მომუშავე ახალგაზრდების სმენის უსაფრთხოება:

„ევროპაში არ არსებობს არც ერთი სერიოზული კომპანია, რომელთანაც ეს საკითხი არ არის მოგვარებული, ჩვენთან ეს საკითხი დღის რეჟიმშიც არც დგას. ყველა იქ მომუშავე ადამიანი, სპეციალური ხმის დამხშობი ე.წ. „ნაუშნიკით“ უნდა იყოს დაცული, თორემ ეს ადამიანები სმენის მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან“.

რეკომენდაციები:

  • დაუწიეთ მუსიკას;
  • ხმაურიან ადგილებში ატარეთ ყურდამცავები;
  • ხმაურიანი სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ ხმისდამხშობი საყურეები (ე.წ. „ნაუშნიკები“);
  • შეზღუდეთ ხმაურიან ადგილებში ვიზიტის დრო და ასეთ ადგილებში დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში გააკეთეთ შესვენებები და გაერიდეთ ხმაურს;
  • დააწესეთ ლიმიტი აუდიომოწყობილობების გამოყენებაზე, მაგალითად, 1 საათი დღეში;
  • ყურადღება მიაქციეთ სმენის დაქვეითების მომასწავებელ ნიშნებს: ზარის ხმა ყურებში (ტინიტუსი); მაღალი ბგერების გაგონების სირთულე, ტელეფონში საუბრის გაგების გაძნელება.
  • სასურველია სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მეშვეობით, აკონტროლოთ თქვენ ირგვლივ ხმის სიმაღლე.
  • პერიოდულად ჩაიტარეთ აუდიოგრამა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: