კვირის ამბები

არჩევანი პანსიონსა და სიღატაკეს შორის [ვიდეო]

05.03.2015 • 1466
არჩევანი პანსიონსა და სიღატაკეს შორის [ვიდეო]

თეა ზარხოზაშვილი

თეა ზარხოზაშვილი ქობულეთში, ხულოს ქუჩაზე ცხოვრობს. იგი 30 წლისაა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის დედაა. ოთხი შვილი კერძო პანსიონში ჰყავს მიბარებული, ყველაზე პატარა კი, სახლშია. თეას მეუღლე თურქეთშია სამუშაოდ წასული, რის გამოც მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა.

 

„სასამართლოშიც კი მიჩივლეს, შემოსავალი დაგვიმალე და ფული უკან დააბრუნეო. ეს სახელმწიფო მეუბნება, რომ შვილები პანსიონიდან გამოვიყვანო და შიმშილში ვაცხოვრო,“ – გვეუბნება თეა.

ზარხოზაშვილების სახლი საცხოვრებლად, ფაქტობრივად, უვარგისია – კედლები ირყევა, ფანჯრებზე მინების ნაცვლად ძველი ტანსაცმელია მიკრული, იატაკი ძველი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია, ავარიულია სახლის აივანიც.

თეა ამბობს, რომ სახლის შესაკეთებლად გამგეობას ბევრჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ: „არ გეკუთვნისო მითხრეს, არადა, ბავშვები რამდენჯერ ჩამივარდა მაგ ღრიჭოებში“.

სახლში ელექტროგაყვანილობაც კუსტარულია. სახლის ირგვლივ რამდენიმე ბოსელი დგას, რის გამოც ეზო დაჭაობებულია და ირგვლივ მძაფრი სუნია. თეას თქმით, „პირველ სართულზე მეზობლები თივას ინახავენ. ზამთარშიც კი მწერებია სახლში. თივის გამო თაგვებია სახლში და გველიც კი ვიპოვეთ, შეიძლება ასეთ პირობებში ბავშვების ცხოვრება?“

ამ სახლში თეას ოჯახის გარდა ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს

თეა ამბობს, რომ ავად არის და მარტო წამლებისთვის თვეში 500-მდე ლარი სჭირდება. საუბრის დროსაც ხშირად ახველებს. სასწრაფო დახმერებას ამ ოჯახში თითქმის ყოველდღე იძახებენ.

„ჩემი ქმარი ვალების გამო წავიდა თურქეთში. თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდა. სახელმწიფო მხოლოდ 300 ლარს გვაძლევდა, რომელიც ვალებში მიდიოდა. მეუბნებიან, გამოიყვანე ბავშვები პანსიონიდან და დაგეხმარებითო. სად იყვნენ ამდენი ხანი, ექვსი წელია წერილს წერილზე ვწერ, რომ ჩვენი მდგომარეობა გამოასწორონ, ერთხელ არ მოსულა არავინ. ახლა დღეში ცხრაჯერ მოდიან იმის გამო, რომ შვილები ამ საშინელ მდგომარეობაში დავაბრუნო“.

თეა ამბობს, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა დაკარგა: „ერთ ტომარა ფქვილს მოიტანენ და ამით ვაცხოვრო ჩემი შვილები? მომიტანეს მაცივარი და არც კი ჩამირთვია. რა შევინახო მაცივარში, როცა საკვები არ გვაქვს. ჩემი შვილები პანსიონში კარგად სწავლობენ, არ სცივათ და არ შიათ, მითხარით, რა შევთავაზო მათ სახლში, რომ მოვიყვანო? მითხრას მთავრობამ, რას სთავაზობს ჩემს შვილებს? მოვიდეს მინისტრი და ერთი დღე იცხოვროს ამ სახლში, მისი შვილები აცხოვროს და მერე მიიღონ გადაწყვეტილება“.

ყველაზე ბევრი თანხა, რაც თეას ოჯახში ბოლო ექვსი თვის მანძილზე შევიდა, 80 ლარია: „მანდარინი ვკრიფე და იმაში ავიღე. ჩემმა შვილებმა ორჯერ ორიც კი არ იცოდნენ, ცხრა წლის ბავშვს ზღვაზე სიმინდის გასაყიდად რომ გაუშვებ და ყანას ათოხნინებ, ეს რა ცხოვრებაა.
ღმერთმა ხომ იცის, რატომ გავუშვი იქ, მინდა ადამიანურ გარემოში იცხოვრონ. ახლა კარგად ასწავლიან. მინდა ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ კარგი განათლება და სუფთა ოთახში დაიძინონ“.

თეა ამბობს, რომ ბავშვების დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სახელმწიფო მათ შემოსავალს გაუზრდის. „გამგეობაში მითხრეს, რას აჩენდი ამდენ ბავშვსო. ამას ადამიანი იტყვის? თუ რაიმეს სთხოვ, მხოლოდ გლანძღავენ“.

 

აზა ბოლქვაძე
აზა ბოლქვაძე

აზა ბოლქვაძეც ქობულეთის მკვიდრია. მას ორი შვილი ჰყავს. მეუღლე გარდაეცვალა და საცხოვრებლად ძმის სახლში გადავიდა, თუმცა საკუთარი ბინა არც მანამდე ჰქონია. ძმის ოჯახიც სოციალურად დაუცველია. აზა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც შვილი პანსიონში მიაბარა, დაცული მომავალია: „ბავშვი ყველაფრით უზრუნველყოფილია. რაც მთავარია, მას იქ კარგად ასწავლიან. მე მიყვარს ჩემი შვილი და, ბუნებრივია, განვიცდი, რომ ის სხვაგან არის, მაგრამ უფრო მეტად განვიცდი, როცა არ შემიძლია ის მივცე, რასაც ოჯახი უნდა აძლევდეს ბავშვს. სკოლაში ყველა ბავშვს რეპეტიტორი ჰყავს, ჩემს შვილსაც ხომ უნდა ინგლისურის, მათემატიკის სწავლა. 144 ლარია სახელმწიფო დახმარება, რა გავაკეთო ამ თანხით? საკვები ვიყიდო, ტანსაცმელი თუ წამალი“.

აზა ამბობს, რომ შვილს ყოველ დღე ესაუბრება. უმძიმს, მაგრამ ამბობს, რომ სხვა არჩევანი არ აქვს. „ჩემი შემოსავალი მინიმუმ 500 ლარი მაინც რომ იყოს, დავაბრუნებდი შვილს. მე არ ვითხოვ ფუფუნებას, ჩემი ფუფუნება ჩემი შვილები და მათი განათლებაა, სწორედ ამაზე ვზრუნავ დღეს“.

აზა წინააღმდეგია შვილის მინდობით აღზრდისაც. „ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი შვილი სხვის ოჯახში უფრო დაცული იქნება“ – ამბობს ის. 

სოფო ჯინჭარაძე და ფრიდონ ევგენიძეც ორ შვილს ზრდიან. ცხრა წლის ლუკა პანსიონში მიაბარეს, უმცროსი ბაღში დაჰყავთ. ორივე უმუშევარია და მათი ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარია, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ.

მათ უმცროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სოფო ამბობს, რომ სახელმწიფო დაზღვევა ყველა ხარჯს ვერ უნაზღაურებს: „გამოკვლევები თბილისში ჩავუტარე, ბევრი თანხა დავხარჯე. როცა ცუდად გამიხდა, ვკიოდი და ვტიროდი, სად იყო სახელმწიფო, სად იყო სოციალური სამსახური? ახლა მოვარდა ყველა. ერთი ტომარა ფქვილი და შაქარი არ არის ოჯახის დახმარება, ბავშვებს გაცილებით მეტი სჭირდებათ“.

ეს „მეტი“, სოფოს აზრით, კარგი განათლება, თბილი ოთახი და ნორმალური კვებაა.


ფრიდონ ევგენიძის სახლი

„ბავშვებს არ აქვთ საკუთარი ოთახი. როცა მინისტრი ამბობს, ბავშვები ღირსეულად უნდა გაიზარდონო, ვეთანხმები, მაგრამ როგორ? მეგობრები რომ აკითხავენ ლუკას და ეკითხებიან, სად არის შენი ოთახი, ხუთ ადამიანს ერთ ოთახში გძინავთ? – ლუკას რცხვენია. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ფსიქოლოგიური სტრესი? როცა სახლში არ არის წყალი, სველი წერტილები, ეს ნორმალურია? სოციალური სააგენტოს უფროსი ახლა მოვიდა, როცა შვილი პანსიონში მივაბარე. თურმე გაზის შემოყვანაც შეიძლებოდა აქამდე, ის თბილ ღუმელთან იჯდა, მე კი წვიმაში გარეთ ვრეცხავდი ტანსაცმელს“.

სოფო ამბობს, რომ მასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა: „ორსულობის დროს ანემია მქონდა და ახლაც თავბრუ მეხვევა, ალბათ, გემოგლობინი ისევ დაბალი მაქვს. ჩემს პატარას ხშირად სჭირდება ექიმი და ჩემი თავისთვის ვეღარ გამოვნახე დრო“.

სოფოსა და ფრიდონს პატარა სახლი და ეზო აქვთ. ამბობენ, რომ თუ ვინმე დაეხმარება, შესაძლებელია ბავშვებს ცალკე ოთახი აუშენონ და უკეთესი პირობები შეუქმნან.

„ლუკა კარგად სწავლობს, ვიცი, რომ კამყოფილია და არაფერი აკლია, მაგრამ ღამეები მაინც არ მძინავს. რომელ დედას არ უნდა შვილი სახლში ჰყავდეს, მაგრამ როგორ?“

სახელმწიფო პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყანაში დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობას. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ათასამდე ბავშვი და მოზარდი კერძო პანსიონებში ცხოვრობს. სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახებს ფულად შემწეობას სთავაზობს. ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით მანელიშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახში, „ოჯახზე უფლებამოსილი პირი თვეში 60 ლარს იღებს, დანარჩენ წევრებზე კი 48 ლარი გაიცემა“.

ბავშვები, რომლებზეც სტატიაშია საუბარი, ქობულეთში ახლაგახსნილ პანსიონში ცხოვრობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: