კვირის ამბები

შესაძლო ცვლილებები მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში

03.03.2015 • 1295
შესაძლო ცვლილებები მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში

 

მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის, წესდების შეუსრულებლობა; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება და ა.შ. ხოლო დისციპლინური სახდელის ფორმებად შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

 

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ამბობს, რომ პედაგოგთა პროფესიული კავშირი მთლიანობაში არ ეწინააღმდეგება მასწავლებელთა მიმართ დისციპლინური წარმოების გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას, რადგან „იგი დირექტორს უზღუდავს დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებას“. თუმცა, ამავე დროს მიიჩნევს, რომ რეგულაციებში არსებობს ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

 

მაია კობახიძის თქმით, ყველაზე დიდი უკმაყოფილება დებულების იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც პედაგოგის სკოლის გარეთ ჩადენილ ქმედებას არეგულირებს: „მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სკოლისგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ“, – რასაც ჩვენც ვეთანხმებით. მაგრამ ამას აქვს გაგრძელება – „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი“: ეს ტერმინი ბუნდოვანია და იგი დასაბუთებას მოითხოვს, ვინაიდან სკოლის გარე ტერიტორიად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც სკოლის გარეთ მასწავლებელი სამსახურებრივ მოვალეობას აგრძელებს, სხვა შემთხვევაში მასწავლებლის დისციპლინური დევნა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა, ეს შესაძლოა მის პირად ცხოვრებას შეეხოს“, – ამბობს ის.

 

მაია კობახიძე მიიჩნევს, რომ სიტყვები „დასაბუთებული ინტერესი“ ბუნდოვანია და მან შესაძლოა დამსაქმებელს ან სხვა დაინტერესებულ პირს ინტერპრეტირების საშუალება მისცეს, რის გამოც ეს ნაწილი ან უნდა ამოიღონ დებულებიდან, ან უნდა განიმარტოს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სკოლის გარეთ დისციპლინურ დარღვევად. „ბრძანებაში განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომები და იქვე არის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევა, ამდენად ეს უფრო ფართო ცნებაა და სკოლის გარეთ სკოლის შინაგანაწესის დარღვევა არ უნდა ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად“, – ამბობს ის.

 

პროფკავშირის რეკომენდაციით, ზოგადად, ეს ბრძანება კერძო სკოლებსაც უნდა შეეხოს, რადგან ისინი სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ და, შესაბამისად, საერთო სტანდარტებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება მას შემდეგ დაიწყება, თუ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შევა სკოლაშივე არსებულ დისციპლინურ კომიტეტში. ბათუმის საჯარო სკოლებში ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

 

ბათუმის #7 საჯარო სკოლის მასწავლებელი თინა კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებული რეგულაციების ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად მკაცრია და ეთანხმება პროფკავშირების რეკომენდაციას „დასაბუთებული ინტერესის“ განმარტებასთან დაკავშირებით: „ეს ნაწილი ნამდვილად გაუგებარია და შესაძლოა გარკვეული სირთულეებიც შექმნას. მართალია, არსებობს ზემდგომი ორგანო, სადაც შეიძლება კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრო, მაგრამ ეს კიდევ ზედმეტ უსიამოვნებებთან არის დაკავშირებული. კარგი იქნება, თუ თავიდანვე ავიშორებთ ამას და განმარტავენ, თუ რა იგულისხმება „დასაბუთებულ ინტერესში“. სკოლის გარეთ პირად ცხოვრებას არ უნდა ეხებოდეს ეს დებულება. ფაქტობრივად, კუთხეში მიგვაყენეს და ეს არის“.

 

ბრძანებიდან ტერმინის – „დასაბუთებული ინტერესის“ ამოღების მომხრეა ბათუმის #8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ქორიძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ნაწილი შესაძლოა დამსაქმებლის მიერ ბოროტად იქნეს გამოყენებული, თუკი მას რაიმე პირადი ინტერესი აქვს კონკრეტული პედაგოგის მიმართ. `მაშინ, როცა დაკონკრეტებულია მასწავლებლის მიერ გადაცდომები სკოლასა და სკოლის გარეთ, ასევე უნდა დააკონკრეტონ რას ნიშნავს ეს `დასაბუთებული ინტერესი~ სკოლაში თუ მის საზღვრებს გარეთ“, – ამბობს ის.

 

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, არც ერთი დოკუმენტი არ არის დოგმა და განხილვის შედეგად შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ამ დოკუმენტშიც შევიდეს.

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი მათ მიერ შედგენილ რეკომენდაციებს განათლების სამინისტროს რამდენიმე დღეში წერილობითი სახითაც წარუდგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: