კვირის ამბები

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში

03.03.2015 • 2120
სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტს 5 ქვეყნის (საქართველო, მოლდავეთი, ბულგარეთი, უკრაინა და თურქეთი) ორგანიზაციების მონაწილეობით.

ტრენინგის/ვორქშოფის მიზანი იყო ტრენინგის მონაწილეებისთვის ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების, მოსაზრებებისა და ევროპული გამოცდილების გაცნობა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და ჯგუფური მუშაობის ელემენტებს. ვორქშოფის დროს განხილული იქნა ის ძირითადი საკითხებიც, რაც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე აჭარაში ტურიზმის განვითარების კუთხით. ტრენინგს ესწრებოდა 25 მონაწილე კერძო და სახელმწიფო სექტორიდან – ტურკომპანიების, სასტუმროების, ტურიზმის დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა – კნუტ გერბერმა, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის (ეკო, ღვინის, პრომოუშენი, სატრატეგია), საერთაშორისო პროექტების რეალიზაციის, ტრენინგპროგრამების შემუშავების სფეროში. კნუტ გერბერი 4 წლის განმავლობაში (2004-2008) მუშაობდა საქართველოში GTZ/GIZ  ბიზნესის განვითარების პროგრამების კოორდინატორად. ის წარმოადგენს ასევე AREV (Assembly ofEuropean Wine Regions) საბჭოს წევრს, ევროპის საბჭოს „Wine Culture TourismExchange Project (WCTE)“ კოორდინატორს. ამჟამად კნუტ გერბერი მუშაობს დანუბე დელტას რეგიონის ტრანს-სასაზღვრო ტურიზმის განვითარების რეგიონალური პროექტის კოორდინატორად – GTZ/GIZ  პროგრამის ფარგლებში.

ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც ბევრი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ტრენინგზე განხილული საკითხები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რაც შემდგომში გამოადგებათ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში და სახელმწიფო სექტორიც მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს იმ მიდგომებს, რაც ტრენინგის დროს იქნა განხილული. მათი აზრით, არსებულ ეტაპზე კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში საწყის ეტაპზეა. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და პროცესების განვითარებისთვის გარკვეული დროცაა საჭირო, რომ ორივე სექტორმა კარგად გააცნობიეროს მსგავსი თანამშრომლობის დადებითი შედეგები და კიდევ უფრო გააქტიურდეს თანამშრომლობა.

ტრენინგი ასევე საინტერესო აღმოჩნდა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის. მათი შეფასებით ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს PPP-ის კონცეფციების, ამ სფეროში უცხოური გამოცდილებისა და წარმატებული ქეისების შესახებ, რაც გაზრდის მათი მუშაობის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარების პროცესების განვითარებას. ტრენინგის განმავლობაში გაჩნდა რამდენიმე საინტერესო იდეა, რომლის პროექტად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენმა რეგიონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს PPP განვითარებაში, ქვეყნის მასშტაბით.

29-31 იანვარს გამართული ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო მსმენელთათვის. მოლოდინი იმისა, რომ მივიღებდით ინფორმაციას, რაც დაგვეხმარებოდა შემდგომში ახალი იდეებით, უფრო წარმატებულად გვეთანამშრომლა კერძო სექტორთან, გამართლდა.

ტრენერს, ბატონ კნუტ გერბერს აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, საინტერესო იყო თავად ტრენერის, კნუტ გერბერის მოსაზრებებიც ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე:

როგორ შეაფასებდით ტურიზმის სექტორის განვითარებას აჭარის რეგიონში (და ზოგადად საქართველოში) ბოლო 5 წლის განმავლობაში? რა ცვლილებები შეინიშნება?

ჩემს მოსაზრებას 3 ნაწილად დავყოფდი: 1. ადამიანური რესურსები – სექტორში შეინიშნება უფრო ახალგაზრდული, გამოცდილი, მოტივირებული და „გარე გავლენისგან“ დამოუკიდებელი წარმომადგენლების არსებობა; ისინი აცნობიერებენ ცვლილებების საჭიროებას და ითხოვენ გარკვეულ ცვლილებებს, რომ მოერგონ ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს; გაუმჯობესებულია უცხო ენის ცოდნის დონე.

2. ინფრასტრუქტურა – მრავალი ახალი სასტუმრო გაჩნდა ბათუმში (უკვე მოქმედი, ნაწილი მშენებლობის პროცესში); სატრანსპორტო სისტემა აჭარაში (საჰაერო, რკინიგზა, საავტომობილო) გაუმჯობესებულია; სხვადასხვა ახალი ტურისტული პროდუქტი გამოჩნდა ბაზარზე.

3. ზოგადი შეფასება – აჭარის რეგიონში  „ავთენტურობა“ არ არის სათანადო დონეზე შენარჩუნებული და გამოკვეთილი;  შავი ზღვის რეგიონს თუ გადავხედავთ, აჭარის ტურისტულ პოტენციალს/კონკურენტულ უპირატესობებს მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება შეექმნას კონკურენტების მხრიდან; სერვისისა და ხარისხის საკითხი ჯერ ვერ არის საჭირო დონეზე მოგვარებული; აჭარის პოზიცირება ტურისტულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული; ეკოლოგიური სისუფთავის საკითხები საჭიროებს მოგვარებას ახლო მომავალში.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში) რას ურჩევდით სახელმწიფო და კერძო სექტორს თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა მიმართულებით?

ეკონომიკური და რეგიონალური პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ტურისტული კლასტერის ფორმირებაზე და ამისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რეგიონში უნდა არსებობდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების კარგად დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება რეგიონის სოციალურ, კულტურული და ეკოლოგიური რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე.

ტურიზმის სექტორში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ორგანიზაციების, კომპანიების, ინდივიდების მიზნების ბალანსირება დაგეგმვის პროცესის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს. ტურიზმის განვითარების სტრატეგიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მასში გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის (საზოგადოების) მოსაზრებები და დაგეგმვის პროცესი უნდა იყოს მხარეებთან კონსულტაციურ მიდგომასა და კონსენსუსზე დაფუძნებული. ტურიზმის დაგეგმვა გრძელვადიანი და განმეორებადი პროცესია და არ მოიცავს მხოლოდ ერთ ეტაპს, მისი პერიოდული მოდიფიცირებაც საჭიროა.

PPP ანუ კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალება/ფორმაა, მაგრამ ეს საჭიროებს მრავალ წინაპირობას, ორივე მხარის სურვილს კომუნიკაციისა და პარტნიორობის კუთხით და შესაბამისი გარემოს ფორმირებას.

ტრენინგის დროს ნახსენები იქნა სერბეთში განხორციელებული ტურისტული პროექტების პარტნიორების გამოცდილება, რაც აჭარის რეგიონსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის:

გაითვალისწინეთ თქვენი მიზნები;

დააბალანსეთ ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების/ტურისტების ინტერესები;

ითანამშრომლეთ, მიიღეთ აქტიური მონაწილეობა პროცესებში და გქონდეთ კომუნიკაცია;

შეინარჩუნეთ და პრომოუშენი გაუწიეთ „ავთენტურობას“ და მაღალ ხარისხს;

პარტნიორობის საჭიროება უნდა გამომდინარეობდეს რეგიონში არსებული ორგანიზაციების საჭიროებებიდან;

აქტიურად ჩართეთ პროცესებში ისინიც, ვინც კულტურული თუ ეკოლოგიური გარემოს დაცვით და შენარჩუნებით (კონსერვაციით) არიან დაკავებული.

თითოეული რეგიონი, საზოგადოება განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ რთულია რაიმე იდეალური ფორმის/მოდელის შექმნა ტურიზმში პარტნიორობისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მიდგომა, ყველა მცდელობა აუცილებლად წარმატებული ვერ იქნება…! მზად უნდა იყოთ მრავალი ცვლილებისთივს, ალტერნატივებისთვის, მცდელობებისთვის.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: