კვირის ამბები

სამუსიკო სკოლის პრობლემები

28.02.2015 • 2354
სამუსიკო სკოლის პრობლემები
გაკვთილი სამუსიკო სკოლაში

სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა შენობა მერიის ბალანსზე ირიცხება. „წელს ვთხოვეთ გარემონტება, მაგრამ სამინისტროში თავი შეიკავეს. არ ვიცით რა გეგმები აქვს მერიას, ამიტომ კაპიტალურ რემონტზე თანხას არ ვხარჯავთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი ნატალია ორაგველიძე. სასწავლებლის წლიური ბიუჯეტი 730 ათასი ლარია, რაც ხელფასებზე, გადასახადებსა და ღონისძიებებზეა გათვლილი. სკოლას სწავლის წლიური საფასურიც აქვს დადგენილი, რაც დირექტორის თქმით, მიზერულია: „ჩვენთვის რემონტზე მნიშვნელოვანი გასტროლებია, გვირჩევნია კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა და წარმატებას მივაღწიოთ“.

ბუნებრივი აირი მხოლოდ პირველ სართულზეა – გასულ წელს გაიყვანეს. ოთახებში, სადაც ბავშვები მეცადინეობენ, ძირითადად ელექტროგამათბობლებია ჩართული. სასწავლებელში 626 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, ოთახების უმეტესობა პატარა და არაკომფორტულია.
შენობის მეორე ნაწილში ისევ „ათას ცხრაასი წელია“. ძველი იატაკით, კალმით მიმოხატული და დაობილი კედლებით. აქ საკლასო ავეჯიც წინა საუკინისაა. კლასების ნაწილი კი რკინის პატარა ბოქლომებით არის გამოკეტილი.

ნესტი და სიბნელეა ნოტების საცავშიც, სადაც ხმარებიდან ამოღებული რამდენიმე ათეული ნოტების წიგნი ინახება. თითქმის დაფლეთილია ნოტებია ის წიგნიც, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ.

„ბავშვები აქსეროქსებენ და ასე გაგვაქვს თავი. არ ვიცი რა თანხა დაჯდება ამ ყველაფრის განახლება, მაგრამ ჯერ ამაზე არ გვიფიქრია“, – ამბობს დირექტორი.

არაკომფორტული გარემოს მიუხედავად, სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. წარმატებულია სასწავლებლის გუნდიც, რომელსაც ევროპისა და მსოფლიო კონკურსებზე ორი გრანპრი აქვს მიღებული. არაერთი ჯილდო აქვთ სკოლის სხვა მიმართულების მოსწავლეებსაც. „ბევრი ქვეყანა გვაქვს მოვლილი და გვყავს მეგობრებიც. გერმანელ მეგობრებს იმდენად მოვეწონეთ, რომ საქსაფონი და სტვირი გვიყიდეს და საჩუქრად მოაქვთ“, – გვეუბნება დირექტორი.

სწორედ ამ ნაჩუქარი ინსტრუმენტებით აპირებს დირექტორი ახალი კლასების გახსნას. „ადრეც იყვნენ საქსაფონის შესწავლის მსურველები, მაგრამ ვერ ვიღებდით, სექტემბრიდან კი შევძლებთ სწავლებას“.

აგვისტოში სასწავლებლის პიანისტები გერმანიასა და პოლონეთში კიდევ აპირებენ კონცერტის გამართვას.

სკოლას ორი როიალი აქვს, რომლებიც საკონცერტო დარბაზში დგას. პიანინოები კი, როგორც დირექტორი ამბობს, გასულ წელს ტენდერით შეისყიდეს. შვიდი ჩამოწერილი პიანინოს ნაწილები სკოლის შიდა ეზოში კედელთან აწყვია. აქვეა ძველი სკამები და სხვადასხვა უსარგებლო ნივთიც.

2000-2009 წლებში სკოლის ბაზაზე სამუსიკო კოლეჯი დაარსდა, რის გამოც სწავლა 11-წლიანი გახდა. თუმცა, სამუსიკო რეფორმის შემდეგ, კოლეჯი გაუქმდა და დაწესებულებამ სკოლის სტატუსი დაიბრუნა. „ვფიქრობ, კოლეჯმაც კარგად იმუშავა, რადგან ბევრი წარმატებული მუსიკოსი გამოუშვა, რომლებიც დღეს ყველა დასაქმებულია“, – გვეუბნება დირექტორი.

ნატალია ორაგველიძის თქმით, მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა ინსტრუმენტით დაინტერესების მიუხედავად, „ბათუმის პრივილეგია მაინც ფორტეპიანო და ვოკალია. ამ მიმართულებაზე გვაქვს ყველაზე დიდი მოთხოვნა. თუმცა, სამი სკოლის ბაზაზე საბავშვო ორკესტრიც ჩამოვაყალიბეთ და ასე მგონია ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში, როცა ბათუმში ძლიერი საბავშვო ორკესტრი ფუნქციონირებდა“.

ბათუმში სასულე ინსტრუმენტალისტების ნაკლებობაა, რასაც დირექტორის თქმით, საქსაფონისა და სტვირის კლასების ამოქმედება შეავსებს.
„მოტივაცია ბევრს ნიშნავს. საორკესტრო განყოფილებაზე ბევრი მსურველი მას შემდეგ წამოვიდა, რაც გერმანიისკენ გზა გავჭერით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: