კვირის ამბები

უსაფრთხოების ზომები C ჰეპატიტის დროს

06.02.2015 • 9856
უსაფრთხოების ზომები C ჰეპატიტის დროს

 

 ქალბატონო მანანა, როგორ გადაეცემა C ჰეპატიტი?

 C ჰეპატიტი ძირითადად სისხლით გადაეცემა, უფრო ზუსტად კი C ჰეპატიტით დაინფიცირებული სისხლის ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრით, რაც შეიძლება მოხდეს საერთო შპრიცის გამოყენებისას, სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციებისას, ასევე სილამაზის სალონებში მანიკურისა თუ პედიკურის გაკეთებისას და ა.შ. ასევე შესაძლოა ამ ვირუსის გადადება სქესობრივი გზით და ნერწყვითაც, თუმცა ეს იშვიათად ხდება, შემთხვევათა 4-8 პროცენტში. რაც შეეხება, საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს C ჰეპატიტის გავრცელების გზებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერით, შეხებით, ხელის ჩამორთმევითა და ლოყაზე კოცნით.

ხშირად C ჰეპატიტით ინფიცირებულს ოჯახში ცალკე ჭურჭელი და თეთრეული აქვს გამოყოფილი, რამდენად მართებულია ასეთი სიფრთხილე?


C ჰეპატიტი თეთრეულით არ გადადის, მაგრამ C ჰეპატიტით ინფიცირებულ ოჯახის წევრს ჭურჭელი თავისი უნდა ჰქონდეს, რადგან მას შეიძლება ღრძილიდან სისხლის დენა აქვს და ეს სისხლი მისი ჯანმრთელი ოჯახის წევრის დაზიანებულ ღრძილში მოხვდეს. იმ შემთხვევაში თუ ჭურჭელი ყოველი გამოყენების შემდეგ გაირეცხება სპეციალური სარეცხი საშუალებებით, მაშინ არ არის საშიში. თუმცა უმჯობესია მაინც ცალკე ჭურჭელი ჰქონდეთ.

რა საყოფაცხოვრებო ნივთებით არის შესაძლებელი C ჰეპატიტი გადაედოს ოჯახის დანარჩენ წევრებს?

რა თქმა უნდა, დაუშვებელია მისი საპარსის, ასევე მაკრატლის გამოყენება, რადგან მაკრატლის გამოყენებისას ინფიცირებულს შეიძლება სისხლი დასდინდა, მერე სხვა გამოიყენებს ამ მაკრატელს და ხელი რომ გაიჭრას, უკვე ჩნდება ინფიცირების საშიშროება. სწორედ ამით არის საშიში სალონებში მანიკურისა და პედიკურის გაკეთება. ასევე კბილის ჯაგრისიც – შესაძლოა მას პარადონტოზი ჰქონდეს და სისხლი გამოდიოდეს ღრძილებიდან, ამიტომ ასეთი პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.

როცა C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტი მიდის ექიმთან, სტომატოლოგთან უნდა უთხრას თუ არა ექიმს, რომ აქვს C ჰეპატიტი და რატომ?

ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ექიმი უფრო დაიცავს თავის თავს და სხვა პაციენტებსაც. სტომატოლოგმა, ისევე როგორც ქირურგმა, ხელთათმანით უნდა იმუშაოს, თუმცა ხელთათმანი ნემსის ჩხვლეტისგან ვერ დაიცავს. გარდა ამისა, სტომატოლოგს მუშაობისას უნდა ეკეთოს სათვალე, იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული მას სისხლი შეესხას თვალებში, იქ იყოს რაღაც გაღიზიანება და ინფექცია შეიჭრას. ისე კი ნებისმიერი სამანიპულაციო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიური მანიპულაციების, პედიკურის, მანიკურისა თუ სვირინგის კეთების დროს, უნდა იყოს დამუშავებული სპეციალური წესით.

არის თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულის ოჯახის წევრებისთვის გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა პერიოდულობით უნდა აიღონ ანალიზი ამავე ვირუსზე?

პირველ რიგში, როცა კი გაიგებენ ოჯახის წევრის C ჰეპატიტით ინფიცირების შესახებ, ყველა უნდა იქნას გამოკვლეული. თუ მას შემდეგ პირადი ჰიგიენის ყველა იმ ნორმას იცავენ, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, მათ შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაესინჯონ, მაგრამ თუ სიფრთხილეს იჩენენ, ეს არ არის აუცილებელი. როგორც ასეთი, ცალკე რეკომენდაცია, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიკვლიონ ოჯახის წევრები – არ არსებობს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რაღაც რისკი წარმოიქმნა – ოჯახის სხვა წევრს ეჩხვლიტა ნემსი, ან ინფიცირებულის ჭურჭელი გამოიყენა, რაც სავარაუდოდ არ იყო გარეცხილი და სარისკოა, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, მაგამ არა მაშინვე, არამედ რისკიდან ორი თვის შემდეგ, რადგან ანტისხეულები მაშინვე არ გამოჩნდება სისხლში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: