კვირის ამბები

11 წლის გოგონაზე მოძალადის საქმე

10.12.2014
11 წლის გოგონაზე მოძალადის საქმე

„დაზარალებული გოგონა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ქარცივაძემ მოაწოდა. სწორედ ეს უწყებაა ვალდებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციაზე იზრუნოს.

ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ძალმომრეობითი  ქმედების განსახორციელებლად თავისი მეზობლის კუთვნილ  პირუტყვის სადგომში მოტყუებით შეიყვანა მეზობლის ბავშვი. დაკავების ოქმში წერია, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ გოგონა  „ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გამო იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში“.

სასამართლოს სხდომის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გოგონას „პირზე ააფარა ხელი, ფიზიკური ძალის გამოყენებით შებოჭა ის და იძულებით გახადა ტანსაცმელი. ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, უკანა ტანში დაამყარა სექსუალური კავშირი“.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138-4გ ქვეპუნქტით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პირის ბრალეულობას, სასამართლო განჩინების ოქმში ასეა ჩამოთვლილი: განცხადება დანაშაულის არსებობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტო. ამოღებული ნივთები, დაზარალებულისა და ბრალდებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები.

სასამართლო დარბაზში პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული შესაძლოა მიემალოს გამოძიებას, არ გამოცხადდეს სასამართლოში, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, გაანადგუროს მტკიცებულებები ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რადგან ის განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის ჩადენაშია ბრალდებული. ამიტომაც აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურორმა მისთვის პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატი რამინ გვარიშვილი და ბრალდებული კი გირაოს – ოცი ათასი ლარის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განჩინებაში წერს, რომ არსებობს რისკი ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალოს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს, ამიტომაც მას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულს ცოლ-შვილი არ ჰყავს.

პოლიციამ ბრალდებული გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს ნებართვის (განჩინების) გარეშე დააპატიმრა. პირველი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 იანვარს გაიმართება.

ინციდენტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 17 ნოემბერს მოხდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: