კვირის ამბები

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულები

21.11.2014 • 2430
ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულები

 

ირმა კეკელიძე
ირმა კეკელიძე

ირმა კეკელიძე შუახევში, სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში სწავლობს. ის ლიტერატურული მარათონის პირველ ტურში მონაწილე 945 ბავშვიდან ჯერ 22 საუკეთესოში მოხვდა, მეორე ტურში კი გაიმარჯვა.

 

„მარათონის შესახებ ინტერნეტით გავიგე, სასწავლო წელი მთავრდებოდა. მარათონისთვის ოთხი თვე ვემზადებოდი. 27 წიგნი იყო წასაკითხი. მთელი ზაფხული ვკითხულობდი, მაგრამ ყველას წაკითხვა ვერ მოვასწარი, ზოგიერთი წიგნი ვერც ვნახე, მაგალითად, ერიკ-ემანუელ შმიტის „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“  და „უკანასკნელი მოჰიკანი“. სულ 23 წიგნი  წავიკითხე“, – ამბობს ირმა. იგი ამბობს, რომ გამარჯვებას არ ელოდა: „ძალიან რთული კითხვები იყო, ცოტა ვნერვიულობდი. მეორე ტური უფრო რთული იყო პირველთან შედარებით, არ ველოდი გამარჯვებას და როცა გავიმარჯვე ძალიან გამიხარდა“.

 

ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ცეცხლაძე ასევე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულია.

 

„მარათონის შესახებ საზაფხულო არდადეგების წინ შევიტყვე. 33 წიგნი იყო წასაკითხი. იყო ისეთი წიგნებიც, რომელიც მქონდა წაკითხული. თავიდან შემეშინდა. ვიცოდი, დიდი კონკურენცია იქნებოდა, მაგრამ-მეთქი არაფერს ვკარგავ, მაინც ყოველ ზაფხულს ვკითხულობ წიგნებს. თან ძალიან გამიხარდა წასაკითხი წიგნების სია რომ მოგვცეს, იმიტომ, რომ როდესაც შევდივარ ბიბლიოთეკაში, მიჭირს არჩევანის გაკეთება, რომელი წიგნი წავიკითხო. საკონკურსო წიგნებს მთელი ზაფხული ვკითხულობდი. ზღვაზე, სახლში, ავტობუსში… ყველგან, სადაც კი ამის საშუალება იყო. თითოეული წიგნი იყო სწორად შერჩეული, იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მერე მთელი კვირა თავბრუდახვეული დავდიოდი, თითქოს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავდიოდი,“ – ამბობს ელენე.

 

ელენე ცეცხლაძე
ელენე ცეცხლაძე

ელენეს თქმით, ლიტერატურული პერსონაჟების სახით ბევრი ვირტუალური მეგობარი შეიძინა.

 

 

„მამა გორიო“ მომეწონა ბალზაკის, დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“, მაგრამ ქარჩხაძის „ზებულონი“ –  ყველაზე მეტად. რაც კი წამიკითხავს, ყველას სჯობდა. მეგონა, რომ უცხოური ლიტერატურა უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ქარჩხაძეს რომ გავეცანი, ასეთი დიდი მწერალი თუ გვყავდა, მანამდე არ ვიცოდი. 

 

ლიტერატურული მარათონის პირველი ტური იყო ონლაინ. არ იყავი დროში შეზღუდული. 120 კითხვა იყო პირველ ტურში და დეტალებზე უნდა გაგემახვილებინა ყურადღება, პერსონაჟებზე. მეორე ტურში სულ 20 კითხვა იყო. ოციდან 16-ს გავეცი სწორი პასუხი და გავიმარჯვე. იმდენად მოულოდნელი იყო მე რომ გამომაცხადეს, დავიბენი. მეგონა ყველა ჩემზე ჭკვიანი იყო.

 

მთელი ზაფხული ვკითხულობდი, ბოლოს ყველა პერსონაჟი ამერია ერთმანეთში. თუმცა მარათონის დროს კითხვებს რომ გვისვამდნენ, მიტივტივდებოდა გონებაში რაღაც ფაქტები. სირთულე მარათონის სწორედ ეს იყო. კითხვა არის ჩემთვის დასვენების საშუალება. არ მიყვარს ფაქტების, დეტალების დაზეპირება. ზოგი პერსონაჟის სახელი, დეტალი ერთმანეთში გერევა,“ –  ამბობს ელენე.

 

ელენე ცეცხლაძე სკოლის პარალელურად სხვადასხვა კლუბში, წრეებშია გაწევრიანებული. ამბობს, რომ არაფორმალური განათლების მიღება მნიშვნელოვანია მისი მომავლისათვის: „ძალიან მომწონს არაფორმალური განათლების მიღების ფორმატი, სხვადასხვა ტრენინგი, ბავშვებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა, საჯარო გამოსვლა. ჩემს თანატოლებს ვურჩევ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ და განათლების მიღებას დაუთმონ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: