კვირის ამბები

პრაქტიკული რჩევები ართროზის დროს

13.11.2014 • 36538
პრაქტიკული რჩევები ართროზის დროს

„ართროზი ქრონიკული დაავადებაა. იგი ყველაზე გავრცელებულ საყრდენ – მამოძრავებელ დაავადებებს შორისაა. ამ დროს სახსარში ხრტილები თანდათანობით იშლება და ცვდება.

ართროზის გამომწვევი მთავარი მიზეზებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ზედმეტი წონა, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, სახსრის ხრტილის სისტემური მიკროტრავმები, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები,  სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა.

ართროზის მკურნალობისას უპირატესად საჭიროა დაზიანებული სახსრების დასვენება, ფიზიკური დატვირთვის შემცირება, ყოველდღიური სპეციალური ვარჯიშები და რა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა.

მოსახლეობის უმრავლესობა ართროზს უბრალო ტერმინით – „მარილების დაგროვება“ მოიხსენიებს, რაც არ არის მართებული. ართროზის დროს ხრტილის ნივთიერებათა ცვლა იშლება, დროთა განმავლობაში მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა და აღმოცენდება ტკივილი, განსაკუთრებით მოძრაობისას.

დაზიანებული სახსრები უნდა დავიცვათ ზედმეტი დატვირთვისაგან.

  • ქვედა კიდურების სახსრების ართროზის დროს რეკომენდებულია ისეთი აქტივობების შეზღუდვა, როგორიცაა: სირბილი, ხტომა, ჩაბუქნვები, ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული;
  • უნდა მოვერიდოთ მძიმე საგნების აწევას და გადატანას. ასევე უნდა მოვერიდოთ ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთი და იმავე მდგომარეობაში ყოფნას.  ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მოძრაობის აქტივობის ისეთი რიტმის შემუშავება, რომ დატვირთვის პერიოდები მონაცვლეობდეს დასვენების პერიოდებთან.
  • აუცილებელია ყოველდღიურად გარკვეული ვარჯიშების შესრულება. ვარჯიში ხელს უწყობს სასახსრე ხრტილის გამაგრებას.

ართროზის სამკურნალო ვარჯიში უნდა ჩატარდეს დამჯდარ ან დაწოლილ მდგომარეობაში. ასაკობრივი შეზღუდვა ფიზიკური ვარჯიშის დროს არ არსებობს. ვარჯიშისას მოძრაობების რაოდენობა უნდა გავზარდოთ თანდათან, ერიდეთ ენერგიულ ვარჯიშს.

ვარჯიში საჭიროა  ყოველდღე, არანაკლებ 30-40 წუთის ხანგრძლივობით. უკეთესი იქნება, თუ ამ დროს გავანაწილებთ მთელი დღის განმავლობაში 3 ჯერზე და  ყოველი ჯერი 10-15 წუთის ხანგრძლივობის იქნება.

ართროზის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ფეხსაცმლის ფორმასაც. მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელი იყოს  საკმარისად განიერი, ხოლო  მისი ზედაპირი – რბილი. სპორტული ფეხსაცმლის უმრავლესობა შეესაბამება სწორედ ამ მოთხოვნებს.

ასევე სახსრებზე დატვირთვას ზრდის ჭარბი წონა. წონის ნორმალიზება ამცირებს ართროზის განვითარების რისკს და პროგრესირებას.

საყრდენ მამოძრავებელი  სისტემის დაავადების დროს ყველაზე ოპტიმალური სპორტის სახეობა არის ცურვა. წყალში შესაძლებელია სახსარში მოძრაობის  მაქსიმალური მოცულობის მიღწევა წონით დატვირთვის გარეშე, რაც მეტად ხელსაყრელია სასახსრე ხრტილისთვის.

სწორი მკურნალობის შესარჩევად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი დასვას ექიმმა. რადგან არსებობს სახსრების მრავალი დაავადება, რომლებიც გამოვლინებებით ართროზის  მსგავსია, მაგრამ მათი მკურნალობა პრინციპულად განსხვავებულია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: