კვირის ამბები

“ბათუმში იაფი სახლის აშენება გადაწყვეტილია“

08.11.2014
“ბათუმში იაფი სახლის აშენება გადაწყვეტილია“

ზურაბ ბერიძე
ზურაბ ბერიძე

ბატონო ზურაბ,  დაძლეულია თუ არა ის პრობლემები, რა მიზეზითაც შეჩერდა იაფი სახლის პროექტის განხორციელება, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მშენებლობისთვის საჭირო თანხა?

 

აუცილებლად აშენდება „იაფი სახლი“, ამისთვის გათვალისწინებულია ორი მილიონ ნახევარი ლარი. სავარაუდოდ, პროექტის ღირებულება გაიზრდება, რადგან არასწორად იყო თავიდან თანხა დათვლილი, რომელშიც იდო პროექტირებაც და გეოლოგიური კვლევაც.

 

თქვენ როგორ დაითვალეთ?

 

პროექტირებაზე ახლა ვაცხადებთ ტენდერს და როცა დოკუმენტი შედგება, შემდეგ მივმართავთ საკრებულოს დაფინანსების გაზრდის მიზნით. პროექტის ნაწილის განხორციელება დაიწყება წელს, ნაწილი კი 2015 წელს განხორციელდება. მომავალ წელს მშენებლობა უნდა დასრულდეს.

 

დაახლოებით რამდენი ლარის დამატებას ვარაუდობთ ბიუჯეტიდან?

 

ზუსტი თანხა პროექტირების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. დაახლოებით ერთი მილიონი ლარი ან ცოტა მეტი შეიძლება მოვითხოვოთ. პროექტირებაზე ტენდერი ნოემბერში გამოცხადდება.

 

როგორც ვიცი, კრიტერიუმები, თუ რა კატეგორიას უნდა გადასცემოდა ამ სახლში ბინები, მერიას აქამდე დადგენილი არ ჰქონდა. ახლა რა ვითარებაა, შემუშავებულია კრიტერიუმები?

 

კრიტერიუმები ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული, მონახაზი დაახლოებით გვაქვს. ეს უნდა იყოს თვითღირებულებაში გადაცემული იმ პირებზე, ვინც დააკმაყოფილებს შემუშავებულ კრიტერიუმებს. კრიტერიუმების განსაზღვრაში აუცილებლად ჩავრთავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, საკრებულოს, მთავრობას და ა.შ. მშენებლობის დასრულებამდე ეს პროცესიც დასრულდება.

 

თავის დროზე იაფი სახლისპროექტის შეჩერების მიზეზად სწორედ კრიტერიუმების არარსებობას  ასახელებდნენ. ახლა როგორ დაარწმუნებთ საკრებულოს, რომ თანხა გამოყოს ასეთ პროექტზე?

 

„იაფი სახლი“ არ გაჩერდება, ეს გადაწყვეტილი საკითხია. სადავო და საკამათო რომ არ გახდეს და ვინმემ რომ არ თქვას, რომ კრიტერიუმები ვინმეს მოვარგეთ, ამიტომ ვაპირებთ, რომ ეს საკითხი ფართო მსჯელობის საგანი გახდეს.

 

როგორც მახსოვს, ბევრი მოქალაქის განცხადება შევიდა მერიაში, იაფ სახლშიბინების გადაცემის მოთხოვნით, ამ დროისთვის რა მონაცემები გვაქვს?

 

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ორი ათასი განცხადებაა შემოსული. სახლი, ჩვენი პროექტის მიხედვით 120-ბინიანი იქნება.

 

თუკი აღმოჩნდება, რომ დადგენილ კრიტერიუმებს 120-ზე მეტი ადამიანი  დააკმაყოფილებს, მაშინ რა მოხდება?

 

  კრიტერიუმების შემუშავებაზე იმიტომ გვინდა ფართო მსჯელობა, რომ ზუსტად ის ადამიანები მოხვდნენ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. შემდეგ კი, როცა კრიტერიუმები ჩამოყალიბებული იქნება, რიგითობაც განისაზღვრება. თუ იქნება მოთხოვნა, ეს პროექტი გაგრძელდება, მაგრამ მე როგორც ეკონომიკური მიმართულების  სპეციალისტი ძალიან ვფრთხილობ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არ შევიჭრათ და ბიზნესს არ შევუშალოთ ხელი. ისე არ მოხდეს, რომ ადამიანი, ვისაც შეუძლია  მშენებარე სახლში შეიძინოს ბინა, იაფი სახლის პროექტში მოხდეს და ამით ბიზნესს წავართვათ კლიენტურა. ძალიან საფრთხილო საკითხია.

 

დაახლოებით რამდენი სახლის აშენებას მოიაზრებთ ამ პროექტის ფარგლებში?

 

როგორც ვიცი, კვლევები იყო ჩატარებული და 1500-2000 ოჯახი გამოიკვეთა, ვისაც სჭირდება ბინა. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც არ აქვთ საკუთრება და ბინის ქირაში 200-250 ლარს იხდიან. ჩვენ მათ შეგვიძლია შევთავაზოთ იაფი სახლი და ათი წლის განმავლობაში შეუძლიათ გახდნენ მესაკუთრეები.

 

მშენებლობის ადგილი გადაწყვეტილია? ადრე ჯავახიშვილის ქუჩაზე იყო საუბარი.

 

ჯავახიშვილის ქუჩაზე არ აშენდება. ზუსტი ადგილი ჯერ არ ვიცით. ქალაქის ცენტრში არ იქნება, მაგრამ არც ძალიან მოშორებით. იქ აშენდება, სადაც კომუნიკაციები: გზა, წყალი, დენი და ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი იქნება.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: