კვირის ამბები

„ბავშვს ვერ მივიღებ“- სტერეოტიპები აუტიზმზე

10.10.2014 • 1994
„ბავშვს ვერ მივიღებ“- სტერეოტიპები აუტიზმზე

 

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რაოდენობის შესახებ, სახელმწიფოს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს

 

 

 

ლელას ექვსი წლის ბიჭუნა ჰყავს. მას აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი სამი წლის ასაკში დაუსვეს. დედას ბევრი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ შვილი საბავშვო ბაღში მიეყვანა. „მასწავლებლები ამიჯანყდებიან, ამიტომ ბავშვს ვერ მივიღებ“ – მითხრა ბაღის გამგემ. ყველაფერს შიშით უყურებენ, არც კი იციან რა სინდრომზეა საუბარი და მაინც ისე რეაგირებენ, თითქოს რაღაც გადამდები სენი იყოს. ბავშვი მაინც დავტოვე, თუმცა მეორე დღეს მასწავლებელი დამხვდა აღშფოთებული: ან მე წავალ აქედან, ან ეგ ბავშვიო. ბოლოს სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მასწავლებელს ახრჩობდაო, – მითხრეს. გამეცინა, სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა. გაიძულებენ მოკიდო ხელი და წაიყვანო. ბევრი ასეც აკეთებს, ვინც ვერ უძლებს საზოგადოების ზეწოლას“, –  გვეუბნება ლელა.

 

დედა ამბობს, რომ შესაბამის დაწესებულებებში არსებული არაპროფესიონალიზმის გარდა პრობლემებს ქმნის სტრერეოტიპული დამოკიდებულება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მიმართ: „მათ არ აინტერესებთ როგორები არიან ისინი. მთავარია, რომ „ასეთი ბავშვები“ მათ ბაღში ან ჯგუფში არ მოხვდნენ. არაინფორმირებულობა ერთია, მაგრამ ადამიანური თანადგომის არქონა – მეორე. „სათამაშოს რომ ხელი მოკიდოს და გატეხოს, მე ეს ვალად დამედება“- მეუბნება პედაგოგი. აბა, ბავშვმა სათამაშოს შორიდან ხომ არ უნდა უყუროს? – ჩემი შვილი ძალიან ინტერესიანია, უყვარს ხატვა, ფერები, სათამაშოები, ამიტომ ეხება ყველაფერს, თუმცა არასდროს დაუმტვრევია. ის სწორედ ამ შეხებით იწყებს კომუნიკაციას და თუ ამას აუკრძალავ, როგორ განვითარდება ბავშვი?“

 

არის შემთხვევები, როცა სწორედ საზოგადოების არასწორი რეაქციის შიშით მშობელი მალავს, რომ ბავშვი აუტიზმის მქონეა და ისე მიჰყავს ბაღში. „მე არ მოვიქეცი ასე, რადგან მინდა, რომ ჩემს შვილს სწორად მოექცნენ და დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან“.

 

ქალაქის მერისა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ჩარევის შემდეგ, გასულ წელს, ექვსი წლის ბიჭს ბაღში მისვლის უფლება დართეს, ოღონდ ერთი საათით. წელს კი ბავშვი ბაღში ჯერ არ მიუყვანიათ. „იმედი მაქვს, წელსაც არ შემიქმნიან პრობლემებს და უფრო დიდხანს მომცემენ ბავშვის დატოვების უფლებას, რადგან ის ერთი საათი როცა ბავშვს ვტოვებდი, სადილობას ემთხვეოდა. ამ დროს ბავშვები უფრო პასიურად არიან. ჩემს შვილს კი აქტიური დრო სჭირდება. თამაში, ლექსები და სიმღერები, რომ ბავშვებთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. აუტიზმის მქონე ბავშვებს სწორედ კომუნიკაციის პრობლემა აქვთ და ამის დასაძლევად ურთიერთობებია საჭირო“.

 

„მე, როგორც ფსიქოლოგი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ათ ბავშვს ვეხმარები, თუმცა როგორც ვიცი, ასეთი ბავშვები გაცილებით ბევრნი არიან რეგიონში. ამ ათიდან ერთი საერთოდ სახლში ჰყავს მშობელს, ერთი დადის მხოლოდ სკოლაში, დანარჩენი კი შესაძლებლობის მიხედვით იღებენ საჭირო მომსახურებას“, – გვეუბნება ფსიქოლოგი ქეთი გოგიტიძე.

 

ფსიქოლოგი სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის გარდა აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოების მენტალურ დამოკიდებულებაზეც საუბრობს: „როცა პირველად ვთქვი, აუტიზმის მქონე ბავშვები ბაღებში უნდა შევიდნენ-მეთქი, რექცია იყო ასეთი – „ჩემს ჯგუფში არა“, „მე ბავშვს ხელით ვერ დავათრევ“, ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში აერია ზოგიერთს. დაახლოებით ოთხი თვე ვიწვალე, რომ ერთი ბავშვი მიეღოთ საბავშვო ბაღში“.

 

ფსიქოლოგი საზოგადოების გულგრილობას წარსულ გამოცდილებასთან აკავშირებს: „საბჭოთა ეპოქაში ხომ ყველა ბავშვს, იქნებოდა ეს დაუნის სინდრომის მქონე, შშმ პირი თუ აუტიზმის მქონე, ერთი საზომით უდგებოდნენ – „მათგან მაინც არაფერი გამოვა“. ისინი მათთვის არიან ბავშვები, რომლებიც არ ლაპარაკობენ, არ მოძრაობენ, არ აზროვნებენ, რაც, ბუნებრივია, ასე არ არის“.

 

სკეპტიკოსი საზოგადოებისთვის ქეთი გოგიტიძეს ხშირად მოჰყავს განვითარებული ქვეყნების მაგალითი. „ნორვეგიაში ისეთი ბავშვებიც კი ამთავრებენ სკოლას და უნივერსიტეტს, თავდაპირველად თვალების მოძრაობის გარდა არაფერი რომ არ შეეძლოთ. ყველა ადამიანში დევს რაიმეს კეთების უნარი. ვიღაც მხატვარი გამოვა, ვიღაც ტექნიკას ისწავლის, ჩვენ არ უნდა ჩავკლათ მათში ეს უნარები, პირიქით, განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. „ჩვენ ხომ ვერ გავფრინდებით“, – მეუბნებიან. ჩვენ შევეცადოთ და იქნებ გავფრინდეთ. ეს არა მარტო პროფესიონალიზმის დეფიციტია, მენტალური პრობლემაცაა. იმდროინდელი აზროვნება, როცა ასეთი ბავშვები ან ბავშვთა სახლებში უნდა ჩაგვებარებინა, ან სახლში უნდა გვყოლოდა გამოკეტილი“.

 

ქეთი გოგიტიძე უარყოფითად აფასებს ეგრეთ წოდებულ „სპეცბაღებს“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გარდა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებიც დაჰყავთ.

 

„ამ ბაღში არანაირი პროცესი არ მიდის იმისათვის, რომ ბავშვების მდგომარეობა სულ ცოტათი მაინც შეიცვალოს. აქ ხდება ყველა უნარის ჩახშობა. მათ მიაჩნიათ, რომ პამპერსის გამოცვლა და ჭამა მათთვის საკმარისია. „მაინც არაფერი ეშველებათ“, – სახელმწიფოც ასე უყურებს ამ საკითხს. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს სპეცბაღები და ბავშვები ჩვეულებრივ საბავშვო ბაღებში უნდა გადანაწილდნენ“.

 

ფსიქოლოგის აზრით, ამ დროისთვის ყველაზე მისაღები მდგომარეობა ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაშია, სადაც შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულნი.

 

რა არის აუტისტური სპექტრის აშლილობა და როგორ უნდა რეაგირებდეს მასზე საზოგადოება? როგორც ფსიქოლოგი ამბობს, აუტიზმის მქონე ბავშვების პრობლემა კომუნიკაციის დეფიციტია. მათ უჭირთ ურთიერთობა ადამიანებთან. „ზოგადად, აუტიზმის მქონე ბავშვები ყველაზე კეთილი და გულწრფელი ადამიანები არიან. ადვილად გამოხატავენ სითბოს და თუ მოეწონე, აუცილებლად ჩაგეხუტებიან“. ფსიქოლოგის თქმით, თუ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი აგრესიას გამოხატავს, ესე იგი მას სახლში აქვს პრობლემა: „შეიძლება ხედავს ძალადობას, რადგან ის იმეორებს ქცევებს. მათ აქვთ ავტოაგრესიაც, რაც ტირილში გამოიხატება. ის ვერ ამბობს, რომ სტკივა ან რაიმე უნდა. ეს მშობელმა ან იმ პირმა უნდა ჰკითხოს, ვის გარემოცვაშიც არის. მუდმივად ესაუბროს, მიაწოდოს სათამაშო და ა.შ. თუ ეს არ აქვს, იწყებს ტირილს, კივილს და ასე ცდილობს ყურადღების მიქცევას“.

 

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში მომხდარ ფაქტს ერთი კვირაა აქტიურად განიხილავენ. აუტიზმის მქონე გაბრიელს სახეზე დაზიანებები მიაყენეს ბაღში. არის თუ არა პატარა გაბრიელის სახეზე აღმოჩენილი ჭრილობები პედაგოგების გულგრილობის შედეგი, ამას გამოძიება დაადგენს.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 16 ბავშვია პოლიკლინიკებში აღრიცხული. „თუმცა, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, ალბათ მეტი იქნება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

 

დაზუსტებულ ინფორმაციას ვერც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გვაწვდის. „ჩვენ გვაქვს შშმ ბავშვების ბაზა, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს ანუ ე.წ. პენსიას ასი ლარის ოდენობით. ქვეყნის მასშტაბით არის 9 000 ბავშვი და მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ვყოფთ. და მეორე, ყოველწლიური პროგრამაა სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით, რომელშიც შედის ადრეული განვითარების ქვეპროგრამა და ამით სარგებლობენ დაუნისა და აუტიზმის მქონე ბავშვები. პროგრამა თვეში ბავშვის რვა ვიზიტს და მშობელთან მუშაობას მოიცავს“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია.

 

მისივე ინფორმაციით, ქვეპროგრამით ამ დროისთვის 350 ბავშვი სარგებლობს. „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი აუტიზმის მქონეა. ამერიკული კვლევების მიხედვით, ყველა ათას ბავშვზე 58 აუტიზმის მქონე ბავშვი მოდის, ამ სტატისტიკით სარგებლობენ საქართველოშიც, რაც დაახლოებით 2-დან 3 ათასამდე გამოდის. თუმცა, არც ეს არის ზუსტი“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, არის რამდენიმე ორგანიზაცია თბილისში, რომლებიც, 170 აუტიზმის მქონე ბავშვებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ABA თერაპიის მომსახურებას აწვდის. დასავლეთში ABA თერაპიით მომსახურება შვიდ წლამდე გრძელდება, შემდეგ კი ცენტრებს სკოლა ენაცვლება. „ჩვენთან არ არსებობს სპეციალური კლასები. როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო წელს აპირებდა ერთი კლასის გახსნას თბილისში“, – აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: