კვირის ამბები

როგორ დავიცვათ ღვიძლი

03.10.2014 • 23730
როგორ დავიცვათ ღვიძლი

 

 

ქალბატონო ეკა, რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი?


ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა, მასში წუთში 10-20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რომელიც მთლიანი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აკონტროლებენ. ღვიძლის ფუნქციები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ღვიძლი ცილების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების ანუ ლიპიდებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლაში (მეტაბოლური ფუნქცია), იგი ნაღვლის წარმოქმნასა და მონელების პროცესში (სეკრეტორული ფუნქცია) მონაწილეობს.მას გააჩნია გამომყოფი,ჰომეოსტაზური ფუნქციები. ასევე აკისრია “დეპოს” ფუნქცია, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ორგანიზმის დეტოქსიკაცია გახლავთ, ანუ ღვიძლი არის ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრი.


რა სიმპტომებით შეიცნობა ღვიძლის პათოლოგიები?


ღვიძლის დაზიანების მრავალი მიზეზი არსებობს.თუმცა მათ შორის უფრო ხშირად გვხდება ღვიძლის ვირუსული დაავადებები,ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიური (წამლისმიერი და სხვა) დაზიანება, ღვიძლის პათოლოგია გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, აუტოიმუნური დაავადებები,ღვიძლის ონკოლოგიური დაავადებები და სხვა მრავალი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში სიმპტომატიკაც სხვადასხვაა, თუმცა რამდენიმე ზოგადი სიმპტომი შეგვიძლია გამოვყოთ.


ღვიძლის პათოლოგიებისას პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დისპეფსიური ჩივილები – სიმძიმის შეგრძნებამარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში განსაკუთრებით ჭამის შემდეგ,მწარე გემო პირში,მადის გაუარესება, ყურყური მუცელში, ამოქარვება, ანუ ის ჩივილები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ასთენო-ვეგეტატიური სინდრომი-ადვილად დაღლა,შრომისუნარიანობის დაქვეითება,ემოციური ლაბილობა.შესაძლოა გამოხატული იყოს თვალის სკლერების ფერის შეცვლა – მათ მოყვითალო შეფერილობა აქვთ, ასევე შარდის გამუქება, ქავილი, უცნაური გამონაყარი კანზე ან სისხლძარღვების გაფართოება ტანზე(ტელეანგიექტაზიები), ჰორმონალური ცვლის მოშლა, მაგალითად გინეკომასტია (მამაკაცის მკერდის ზომების ზრდა ქალური ტიპით), ასევე თმის ცვენა და ფრჩხილების ფერის/ფორმის შეცვლა,ართრალგიები-სახსრების ტკივილი,ლიმფადენოპატიები და სხვა მრავალი რომელიც დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე და დაავადების სიმძიმეზე.


რა ვნებს ღვიძლს?


იმის გამო, რომ ღვიძლს დეტოქსიკაციის ფუნქცია აკისრია, ტოქსიური ნივთიერებები რომლებიც ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში, საკვებით იქნება ეს, ალკოჰოლით თუ სხვადასხვა მედიკამენტით და სხვა – სისხლის მეშვობით ხვდება ღვიძლში სადაც მიმდინარეობს ტოქსიური ნივთიერებების უვნებელყოფა.გარდა ამისა, ღვიძლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორი ჭარბი რაოდენობის ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და ცხარე საკვებია, ასევე ნახშირწყლოვანი საკვები – ტორტები, ნამცხვრები. ასეთი საკვების გადამუშავებისთვის დიდი რაოდენობის ნაღველია საჭირო, რომელიც ღვიძლში გამოიყოფა და შემდეგ ნაღვლის ბუშტში ხვდება, იქ კი იქამდე ინახება, სანამ ადამინი საკვებს არ მიიღებს. ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებისას, ღვიძლს მეტი ნაღველის გამოსამუშავებლად ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი მიზეზი.ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, სტეატოზი – ყველა ეს ტერმინი ერთსა და იმავე პათოლოგიურ მდგომარეობას აღნიშნავს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარდეს.ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი-ალკოჰოლია. შემდეგ მოდის შაქრიანი დიაბეთი, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია.


ღვიძლის გაცხიმოვნება მეტაბოლური სინდრომის (მეტაბოლური,ჰორმონალური და კლინიკური დარღვევების კომპლექსი,რომელსაც საფუძვლად უდევს ინსულინორეზისტენტობა და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია) ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი ხშირად ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ემართებათ და რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი იმათაც, ვინც ხშირად იცავს წონის დასაკლებ დიეტებს ან/და ძალიან მოკლე დროში დიდ წონას კარგავს (მაგალითად თვეში ათი კგ). ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ძირითადი ეტაპები ხდება ღვიძლში, რის შედეგადაც ორგანიზმი ივსება ენერგიით. ალკოჰოლი და სხვა მავნე ნივთიერებები აზიანებენ ღვიძლის უჯრედების გარსს და არღვევენ იმ ფერმენტების ფუნქციას, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ჟანგვასა და ტრანსპორტში მონაწილეობენ. ეს იწვევს მათი ნორმალური ცვლის დარღვევას და უჯრედებში ცხიმის ჩალაგებას,რომელიც შემდგომში წარმოქმნის დაჟანგვის სხვა მაღალაქტიურ შენაერთებს,რომლებიც უფრო ღრმად აზიანებენ ღვიძლის უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის ანთება ანუ სტეატოჰეპატიტი.


რა არის სასარგებლო ღვიძლისთვის?


უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და სწორი კვების რეჟიმი, ნატურალური და ნაკლებად ცხიმიანი საკვები. საერთოდ, ჯანმრთელი ადამიანისთვის ყველაფერი სასარგებლოა ზომიერი რაოდენობით, ანუ საკვები ცხიმიანიც შეიძლება და შებოლილიც, თუმცა არის გარკვეული საკვები პროდუქტი, რომლებიც უკეთესად მოქმედებენ ღვიძლზე და ნაკლებად ტვირთავენ მას. ასეთია: ნაკლებ ცხიმიანი ხორცი და თევზი, ბოსტნეული – კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, ხილი, ასევე რძის ნაწარმი: ხაჭო, იოგურტი, კეფირი,აირანი.წიწიბურა,გერკულესი ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ცილებს, ფოსფოლიპიდებს, ლეციტინს, რომლებიც ღვიძლის უჯრედების შენებაში მონაწილეობენ და ხელს უწყობენ დეტოქსიკაციის პროცესებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტს მხოლოდ ზოგადი ჩივილები აქვს (უმრავლესობას ცხიმოვანი ღვიძლის ნიშნები შემთხვევით მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევის დროს უვლინდება), მნიშვნელოვანია რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს.

გადაბეჭდვის წესი