კვირის ამბები

სტუდენტები თვითმმართველობას აკრიტიკებენ

02.10.2014 • 2082
სტუდენტები თვითმმართველობას აკრიტიკებენ

 

დისკუსია პრესკაფეში

სალომე ფუტკარაძე, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, დისკუსიის მოდერატორი: როცა ამ დისკუსიას ვგეგმავდით, გადავწყვიტე გამომეთხოვა უნივერსიტეტიდან საჯარო ინფორმაცია და გამეგო, კონკრეტულად რაში იხარჯება სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი. უნივერსიტეტიდან მიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2013 წლის 13 სექტემბრიდან 2014 წლის 18 სექტემბრამდე ბათუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობამ მიიღო 49776,76 ლარი.

 

დოკუმენტში წერია, რომ კურსდამთავრებულების საზეიმო გაცილებისთვის (მუსიკალური ბენდი, როკჯგუფის მოწვევა, სცენის გაფორმება, ფრანი და ფეიერვერკი) 5364 ლარი დაიხარჯა, ავსტრიაში საქართველოში ლიდერი ახალგაზრდების აღმოჩენის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით ვენაში სამი სტუდენტის გამგზავრებისთვის – 5192,41 ლარი (ხელზე ასაღებად თითოს 717 ევრო).

 

თვითმმართველობის ბიუჯეტი ასევე დაიხარჯა ქობულეთში მშენებარე ეკლესიის საძირკვლის ჩასხმაში დასახმარებლად წასული სტუდენტების მგზავრობისთვის, სარფის დედათა მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასახმარებლად და დიდაჭარაში (ხულოში) ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით 32 სტუდენტის ექსკურსიისთვის. ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია დისკუსიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიღე. მანამდე კი უნივერსიტეტში ეკონომიკური სამსახურის უფროსი „მითანხმებდა” ბიუჯეტის დეტალებს, რა ინფორმაცია უნდა მიმეღო და რატომ… ჩვენი მომხსენებლები არიან დიანა ბაუჟაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და ზურაბ მესხიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე.

 

დისკუსია პრესკაფეში

დიანა ბაუჟაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი: სტუდენტური თვითმმართველობა ვართ ყველა ერთად, სტუდენტები და არა ცალკეული პიროვნებები და თავმჯდომარეები. ეს არის უნივერსიტეტის მართვის რგოლებში ერთ-ერთი მთავარი ორგანო, ისეთი, როგორიცაა აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. თვითმმართველობას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში და გაატაროს სტუდენტთა ინტერესები. მისი ფუნქციაა აგრეთვე სტუდენტთა უფლებების დაცვა და პრობლემების მათთან ერთად გადაჭრა. სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნდა გააცნოს სტუდენტებს თავიანთი მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჰგონიათ რომ თვითმმართველობამ მხოლოდ გასართობ ღონისძიებებს და ექსკურსიებს უნდა გაუკეთოს ორგანიზება. თვითმმართველობას ევალება ასევე განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. გარდა საგანმანათლებლო პროცესებისა, თვითმმართველობამ უნდა დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიის იდეაც, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიზღუდებიან როგორც სტუდენტები, ისე ლექტორები.

 

მინდა მოკლედ შევეხო თვითმმართველობების ისტორიულ გამოცდილებას. თვითმმართველობა არაფერს არ აკეთებდა, მხოლოდ პარტიული ინტერესების გატარებით იყო დაკავებული. ფაქტობრივად სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში იყო “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა. სტუდენტურ თვითმმართველობაში ჰქონდათ ორი ინტერესი: პირველი იყო კარიერული წინსვლა, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ მომავალში საჯარო სტრუქტურაში დასაქმდებოდნენ, მეორე ინტერესი კი იყო დროის ტარება, გართობა.

 

ზურაბ მესხიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე: ასეთი ტიპის დისკუსიები საჭიროა, რომ დავინახოთ ჩვენი სისტემის უარყოფითი მხარე. არაჩვეულებრივად ისაუბრა დიანამ, თუ რა ხარვეზები ჰქონდა და აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას. მინდა დავასახელო ფაქტორები, რაც სტუდენტის აქტიურობას უშლის ხელს. პირველი პრობლემა ისევ და ისევ სტუდენტებში და მათ ჩართულობაშია. ჩვენი სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 5000-ზე მეტია, მათგან მხოლოდ 100-150 სტუდენტი შეიძლება იყოს დაინტერესებული სტუდენტური თვითმმართველობით. სტუდენტურ თვითმმართველობას ჰყავს 95 წევრი, რაც, წესით, საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. სტუდენტების პრობლემა არის მათი პასიურობა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩავრთოთ ისინი აქტივობაში. მართალია ისიც, რომ სტუდენტებმა არ იციან, რას აკეთებს სტუდენტური თვითმმართველობა.

 

ჩვენი დანაშაულია, რომ სტუდენტამდე არ მიგვაქვს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ მათ და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მათთვის, როგორ უნდა დავიცვათ მათი უფლებები, ავუხსნათ რისი უფლება აქვთ და რისი არა. სტუდენტებს არ წაუკითხავთ ხელშეკრულება, რაზეც პირველ დღეს აწერენ ხელს, ამის გამო ახლა ადმინისტრაცია აკეთებს იმას, რაც უნდა და ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით, იმიტომ, რომ ხელი გვაქვს მოწერილი. პრობლემა არის ისიც, რომ სტუდენტებმა, რომლებიც არჩეულნი იქნენ სტუდენტური თვითმმართველობის და ფაკულტეტის საბჭოს წევრებად, უნდა დაიცვან სხვა სტუდენტების ინტერესები და ახლა რომ ჰკითხოთ, რა განიხილეთ ბოლოს საბჭოზეო, მათი პასუხი იქნება _ “როდის ჩატარდა კრება”? რეალურად სტუდენტურ თვითმმართველობას აბსოლუტური ძალაუფლებით ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ნებისმიერ დროს მას შეუძლია საერთო კრების გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს. თუ რაიმე დააშავა თავმჯდომარემ, უნდა შეიქმნას სარევიზიო კომისია, რომელსაც ქმნის ისევ თავმჯდომარე. გამოდის ის, რომ ორი წლით არჩეულ თავმჯდომარეს თუ კი რამე შეეშლება, ისევ ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. ძალიან ბევრი ხარვეზია დებულებაში და დროა მუშაობა, პირველად დებულების შეცვლაზე დავიწყოთ. მექანიზმი უნდა შევქმნათ ისეთი, რომ ერთმანეთის კონტროლი შეგვეძლოს.

 

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: ბიუჯეტს კარგად გავეცანი და შეცდომები აქ არ არის, მთავარია რა კეთდება. ზურა თვითმმართველობის თავმჯდომარედ არ მიმაჩნია, რადგან რეალური ძალაუფლება სხვას აქვს და თვითმმართველობა აქციეს ელიტად. ასევე, ბიუჯეტში სამი ადამიანის დაფინანსებაზეა საუბარი, ესენი არიან: თვითმმართველობის მოადგილე უჩა აბრამიშვილი, მინურ პაქსაძე და ბაჩო ზარანდია (საუბარია ავსტრიაში, ვენაში სამი სტუდენტის გამგზავრებაზე). ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ სამ სტუდენტს, რომლებსაც უკრაინაში სამეცნიერო თემები უნდა წარედგინათ, უნივერსიტეტმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. თვითმმართველობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, რადგან მათ ანგარიში არ წარუდგენიათ. მე, როგორც წევრს, აქამდე ანგარიში არ მომისმენია.

 

ბესო გოგოტიშვილი, სტუდენტი: ადამიანებმა მოიპოვეს დაფინანსება და უნდა წასულიყვნენ გაეროში. 5000 ლარი არ არის მათი სრული დაფინანსება, ნაწილი მერიამ და მთავრობამ დააფინანსა. როცა ლაპარაკია სამ ადამიანზე, ესენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები არიან – პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეორე ვიცე-პრეზიდენტი და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (სტუდენტები, რომლებიც ავსტრიაში გაემგზავრნენ).

 

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი: იმას არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად წავიდა და რისთვის დაფინანსდა, მთავარია ვიცოდეთ რა შედეგი მოგვცა ამან. პრიორიტეტით რომ განვსაზღვროთ, რა უფრო მეტ შედეგს მისცემდა უნივერსიტეტს.
დიანა ბაუჟაძე: მე ვერ ვხედავ ცუდს ვენაში წასვლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ეს ყველასთვის გამჭირვალე უნდა იყოს. მაგალითად, რატომ წავიდა უჩა და რატომ ვერ წავიდა სხვა სტუდენტი, აქ კითხვები არ უნდა გაჩნდეს.
ბექა შარაძე, სტუდენტი: თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ სტუდენტები არ არიან ინფორმირებული, თვითმმართველობა ვალდებული არ არის მივიდეს თითოეულ სტუდენტთან, სტუდენტმა თავად უნდა გამოიჩინოს ინტერესი. შარშან მე თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემს მეგობართან ერთად პირველივე დღეს რაგბის ჯგუფი გავაკეთე 15 კაცისგან და დღეს ეს ჯგუფი პირველ ლიგაში გამოდის.

 

არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: როდესაც მე თვითმმართველობის წევრი ვიყავი, შევთავაზე ყველას მოგვეწვია ტრენერი, რომელიც გვასწავლიდა პროექტების წერას, ეს ჩემი აზრით აუცილებელია, იცი რას მეკითხებოდნენ? “ფული თუ იქნება?” “თვითმმართველობაში რა გინდა, ფულს გაძლევენ?” შემდეგ ვინც მხარში დამიდგა, წავახალისეთ რაღაც სახით და ამაზე ყველა უკმაყოფილი დარჩა, ყველა გაიძახოდა, რომ მხოლოდ თვითმმართველობის წევრებისთვის კეთდებოდა რაღაც, ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ვინც მხარში დაგვიდგება, სწორედ მას წავახალისებთ.

 

ბესო გოგოტიშვილი, სტუდენტი: როდესაც მე-4 კურსელები ამთავრებენ სწავლას, სტუდენტურ თვითმმართველობას აკლდება წევრები. ამ შემთხვევაში მათი შევსება უნდა მოხდეს შუალედური არჩევნებით. თავმჯდომარის მოვალეობას მაშინ ლელა ფაღავა ასრულებდა, პირველი სემესტრის სამი კვირის განმავლობაში მას უნდა გამოეცხადებინა პირველკურსელთა მიღება, რაც არ გამოცხადდა. იყო ბევრი დარღვევა, რის გამოც მოხდა კრების მოწვევა და გადაწყვეტილების შედეგად გადადგა ეს ადამიანი, ამიტომ არის აუცილებელი თვითმმართველობის დებულების ცოდნა. მაშინ, როდესაც ფაკულტეტის საბჭო უნდა შედგებოდეს სტუდენტთა ¼ -სგან 7 თვის განმავლობაში ეს ¼ აკლდა. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდებოდა ფაკულტეტებზე რიგი საკითხების გადაწყვეტა. შედეგად მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი გადადგა და დაინიშნა მინურ პაქსაძე.

 

გიორგი ბოლქვაძე, დისკუსიის მონაწილე: ის ვინც სტუდენტური თვითმმართველობის უმრავლესობაში არ არის, არ მიდის და არ იღებს მონაწილეობას მის საქმიანობაში. ყველა, ვისაც თავისი გუნდი ჰყავს და ვინც ერთად მუშაობს, ახლა აქ იმყოფება. ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ, როცა ერთი გუნდი მეორეს შეუერთდა და ერთად იმუშავეს, რატომ არ მუშაობთ ერთად? უბრალოდ ეს კითხვა მაქვს.

 

არჩილ ართმელაძე: გაზაფხულზე მე და რამდენიმე სტუდენტმა გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის ეზოში ურნები და სკამები შეგვეღება, გარდა ამისა, ბოტანიკურმა ბაღმა გამოგვიყო ნარგავები და ეზოში დავრგეთ. ყველა სტუდენტი, რომელიც იმ დროს გვხედავდა, იცინოდა და გვეკითხებოდა: რატომ ღებავთ? ვინ დაგიფასებთ? ფულს ხომ არ გაძლევენ? მათ შორის იყვნენ ლექტორებიც და სტუდენტებზე რა უნდა ვთქვა.

 

დიანა ბაუჟაძე: ეს შეხვედრა მხოლოდ შეხვედრად რომ არ დარჩეს, საჭიროა დიალოგი, მაგრამ პირადად მე ვერ ვითანამშრომლებ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ოდესღაც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებდნენ უნივერსიტეტში. იქნება ყოველთვის იმის საშიშროება, რომ ეს ადამიანები მოახდენენ თავიანთი ძალაუფლების ავტორიზაციას და შემდეგში გამოიყენებენ თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ამიტომ უნდა ვისაუბროთ ღიად ამ თემებზე. ის, რომ ჩვენ აქ თავისუფლად ვსაუბრობთ, ესეც მიღწევაა, ადრე ამაზე არავინ საუბრობდა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რისთვისაც საჭიროა კეთილი ნება. მე მოგიწოდებთ შევიკრიბოთ და ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დებულებაზე, რესტრუქტურიზაციაზე, რომ მოხდეს თვითმმართველობის ძალაუფლების გადანაწილება და შემდეგ ვნახოთ, რა შედეგი იქნება.

 

ზურა მესხიძე: აქ შეკრებილი ადამიანები დაინტერესებულნი რომ არ იყვნენ, არ მოვიდოდნენ. დიდი მადლობა ამისთვის. მინდა მოგახსენოთ ყველას, რომ მზად ვართ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის, მიმითითეთ რა არის შეცდომა და ერთობლივად ვიმუშავოთ ამ შეცდომის გამოსწორებაზე. ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ განისაზღვრება სიტყვებით და ეს ყველაფერი უნდა დამტკიცდეს საქმით. მე მოვისმინე მინუსები და შემიძლია დაგპირდეთ, რომ რა პრობლემაც დაისმება, ერთ კვირაში წარგიდგენთ თითოეულ დეტალს, თუ როგორ შევძლებთ მის გადაწყვეტას. შემდეგ კვირაში ახალი პრობლემები დავსვათ, რათა უფრო წინ წავიდეს სტუდენტური ცხოვრება.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი