კვირის ამბები

აჭარის მთავრობის მივლინების ხარჯები და მიზნები

28.09.2014 • 1713
აჭარის მთავრობის მივლინების ხარჯები და მიზნები

 

მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ბაციკაძეს აქვს დახარჯული. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვიზიტებისთვის 7605 ლარი დაუხარჯია. ამ რვა თვის განმავლობაში დავით ბაციკაძემ იმოგზაურა საბერძნეთში, ჩეხეთსა და უკრაინაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საბერძნეთში რეგიონებისა და ქალაქების VI სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სამდღიან ვიზიტში 1950 ლარი დახარჯულა ბიუჯეტიდან.  იმავე მიზნით დავით ბაციკაძესთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჩიტიშვილი (1965 ლარი) და პეტრე ზამბახიძე (1950 ლარი). 

 

ხოლო პრაღაში დავით ბაციკაძესთან ერთად ორი დეპუტატი- გიორგი მასალკინი და ირაკლი ჯაში იმყოფებოდნენ. ეს ვიზიტიც, რომელიც „სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების“ ამოქმედებას უკავშირდებოდა, საკმაოდ ძვირადღირებულია და ჯამში ბიუჯეტიდან 10 ათასზე მეტი ლარია დახარჯული.

 

ირაკლი ჯაში ამბობს, რომ მათ გზა გახსნეს „ჩეხეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტისკენ, რომელთანაც ბათუმის უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სტუდენტების გაცვლასთან დაკავშირებით“. როგორც ირაკლი ჯაში ამბობს, მათ შეხვედრები ჰქონდათ ისეთ სპეციალისტებთან, რომლებიც სწავლობენ „ბუნების მეცნიერებებს, მათ შორის ტყის მოვლას, ნადირობას, რაც დიდ მოგებას მოგვიტანს. თუნდაც ის, რომ ერთი ტახის მოკვლა ჩეხეთში ძვირადღირებული სიამოვნებაა“.
ირაკლი ჯაში ამბობს, რომ „იგეგმება სპეციალისტის ჩამოსვლაც, რომელიც ამ მიმართულებით ლექციებს წაიკითხავს“.
დავით ბაციკაძე და მისი სხვა კოლეგები უკრაინაში „უკრაინის დამოუკიდებლობის დღისა და ქ. ტერენოპოლისს ევროპის საპატიო დროშით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულან. სამი დეპუტატის უკრაინაში ვიზიტისთვის ჯამში 7 084 ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან.

 

მივლინებებში დახარჯული ფულის ოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – ავთანდილ ბერიძეა. ბოლო რვა თვის განმავლობაში ავთანდილ ბერიძეს 5864 ლარი დაუხარჯია უცხოეთში ვიზიტებში. ავთანდილ ბერიძე ამ პერიოდში იმყოფებოდა გერმანიაში, თურქეთსა და უკრაინაში.
უმაღლესი საბჭოდან იტყობინებიან, რომ თავმჯდომარე წლის დასაწყისში „გერმანიაში ბრანდენბურგის ლანდტაგის ახალი შენობის ოფიციალურ გახსნაზე“ დასასწრებად წავიდა. გერმანიაში ვიზიტისთვის ავთანდილ ბერიძემ 1754 ლარი დახარჯა. უმაღლეს საბჭოში არ აკონკრეტებენ, რამდენი მოხმარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბინადრობასა და მგზავრობას და რამდენს შეადგენდა მისი დღიური სარგო.

 

ავთანდილ ბერიძის მეორე ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში განუხორციელებია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თურქეთში დოკუმენტური ფილმის `ოსმალეთის საქართველოს შესახებ~ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ამ ვიზიტისთვის მხოლოდ ავთანდილ ბერიძეს ჯამში 1569 ლარი დაუხარჯია. ფილმის პრეზენტაციაზე დასასწრებად მას თან ახლდა კიდევ ერთი დეპუტატი – ჯემალ ფუტკარაძე. დეპუტატის ვიზიტისთვის 952 ლარია დახარჯული.
ფილმს „ოსმალეთის საქართველოს შესახებ“ საქართველოში არ იცნობენ. ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორია ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე, პროფესორი მურად ქასაბი, ხოლო კონსულტანტი მისი და, პროფესორი შუშანა ფუტკარაძე. ფილმი გადაღებულია თურქულ ენაზე და, სავარაუდოდ, მის ქართულ ვერსიასაც უნდა ველოდოთ.

 

რაც შეეხება ოპოზიციონერ პეტრე ზამბახიძეს, ის კიდევ ერთ ვიზიტში ახლდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს – მედეა ვასაძესა და სვეტლანა კუდბას. სამი დეპუტატის 7-დღიანი ვიზიტი სტრასბურგში საკმაოდ ძვირი დაუჯდა ბიუჯეტს -ჯამში 11 ათასზე მეტი ლარი. თითოეული დეპუტატის ხარჯი თითქმის თანაბარი იყო – ამ ვიზიტისთვის ყველაზე ნაკლები (3418 ლარი) დაუხარჯია პეტრე ზამბახიძეს, ყველაზე მეტი მედეა ვასაძეს – 3853 ლარი. დეპუტატები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 26-ე სესიაზე დასასწრებად გამგზავრებულან საფრანგეთში.

 

ამ წლის განმავლობაში მივლინების თანხით არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ არასდროს უსარგებლიათ დეპუტატებს – სულხან ღლონტსა და მერაბ აბაშიძეს. დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქუთაისში – საქართველოს პარლამენტში და მას ამისთვის 15 ლარი გადაუხადეს, ხოლო დეპუტატი აკაკი ძნელაძე კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების გაცილების მიზნით სტუმრებს ტრაბზონამდე ჩაჰყოლია. ამ მოვალეობის შესრულებისთვის აკაკი ძნელაძისთვის 239 ლარი გადაუხდიათ.

 

არადეპუტატი თანამშრომლების ვიზიტებში უმაღლეს საბჭოს 15 580 ლარი აქვს დახარჯული 8 თვის განმავლობაში. მათგან არც ერთი თანამშრომელი, გარდა თამარ წილოსანისა, უცხოეთში არ ყოფილა. თამარ წილოსანი უმაღლესი საბჭოს წევრებს მთარგმნელობითი საქმიანობის გასაწევად ახლდა სტრასბურგში.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მოგზაურობას, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტის მიხედვით ძნელი სათქმელია რა წესით იხარჯება სამივლინებო ხარჯები ამ დაწესებულებაში. იგივე ავთანდილ ბერიძის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ის ზოგჯერ თბილისში ისე ჩადის და ისე ბრუნდება უკან, რომ არც ერთი ლარი აქვს დახარჯული, ზოგჯერ მხოლოდ – 15 ლარი, ზოგჯერ კი – 150 ლარი. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მძღოლს, გიორგი კვაჭაძეს თბილისში ოთხდღიან ვიზიტში (კომისიის თავმჯდომარეს ახლდა) 295 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ხუთდღიან ვიზიტში – 575 ლარი. „ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი კვაჭაძე ამ კომისიის თავმჯდომარის, მედეა ვასაძის ბიძაშვილია.
სამივლინებო ხარჯების მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. პირველ რვა თვეში ამ უწყებას 41 805 ლარი აქვს დახარჯული. მათ შორის 8336 ლარი ქვეყნის შიგნით, ხოლო 33 469 ლარი – უცხოეთში.

 

უცხოეთის ვიზიტებში დახარჯული თანხიდან 8 378 ლარი არჩილ ხაბაძეზე მოდის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყოფილა აპრილში, საინვესტიციო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. კონკრეტულად მას 3227 ლარი დაუხარჯავს ამ ვიზიტის დროს. მთავრობის თავმჯდომარეს ვიზიტად ახლდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი გორაძე. თანმხლები პირისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი 3007 ლარია.

 

ცოტა ხნის წინ კი ნორვეგიაში ჰქონია არჩილ ხაბაძეს ვიზიტი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადას დაესწრო. ამ მიზნისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5000 ლარია დახარჯული. არჩილ ხაბაძეს თან ახლდა ირაკლი ბერიძე – მთავრობის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ ნორვეგიაში წარადგინა პრეზენტაცია ბათუმზე. „ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2018 წელს ჭადრაკის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება ბათუმში“, – ამბობს ნათია სირაბიძე.
მთავრობის თავმჯდომარეს ნორვეგიაში ვიზიტად ახლდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე. მინისტრის ვიზიტში 4 525 ლარია დახარჯული.

 

მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბოლო რვა თვის განმავლობაში 13-ჯერ ყოფილად ვიზიტით თბილისში. მისი ვიზიტები თბილისში, ძირითადად, 2-3-დღიანია, ხოლო სამივლინებო თანხა დღეში 15 ლარი, რაც არჩილ ხაბაძეს ყოველი ვიზიტის დროს აქვს აღებული. თბილისში ღამისთევაში კი მას 3 809 ლარი დაუხარჯია. თუ რატომ დადის არჩილ ხაბაძე მსგავსი ინტენსივობით თბილისში, განმარტებული არ არის.
უწყება, რომელმაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა იზრუნოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. უცოხეთში ვიზიტებზე გახარჯული თანხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (2554 ლარი), ამ უწყებას ინვესტორების ძიებაში არც თუ ისე დიდი ძალისხმევა აქვს გაღებული. მინისტრი დავით ბალაძე პირველ კვარტალში სტამბულში ყოფილა „ავრასია ტერმინალ იშლეთმელერის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქ იზმირში გამართულ „ლიფტების საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად“ კი თემურ ახვლედიანი ყოფილა მივლენილი. ზურაბ ფუტკარაძე წელს ისრაელშიც ყოფილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიზიტებში 32 ათასზე მეტი ლარი აქვთ დახარჯული. მინისტრის მოადგილეები გერმანიაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ყოფილან.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივლინებებში 15 ათასი ლარი აქვს დახარჯული. „უცხოეთში ვიზიტები“ ძირითადად თურქეთით შემოიფარგლება. სამართლიანობის კონვენციისა და კონგრესის ცენტრში ევრაზიის წამყვან ჯანდაცვის სავაჭრო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ბაჰჩეშერის უნივერსიტეტში აჭარიდან სასწავლებლად წასული სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე მარტის ბოლოს წასულა.

 

კიდევ ერთი ვიზიტი ლევან გორგილაძეს ჰქონდა „თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად და სიტუაციის ადგილზე გასარკვევად“. კოლეგებისგან განსხვავებით უცხოეთში ვიზიტად არ ყოფილა ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.


ვიზიტებში გარკვეული ხარჯები გაღებული აქვს აჭარის განათლების სამინისტროსაც. განათლების სამინისტრო ერთადერთია, რომელმაც მეტნაკლები სიზუსტით განმარტა, რა მიზნით იმოგზაურეს ამ უწყების თანამდებობის პირებმა ხალხის ფულით უცხოეთში და რა სიკეთეს უნდა ელოდოს საზოგადოება ამ ვიზიტებისგან.
სამინისტროს განმარტება ვიზიტებთან დაკავშირებით ასეთია: „განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბრანდენბურგის ლანდთაგის პარლამენტის შენობის გახსნაზე დასასწრებად. სამინისტროს თანამშრომელთა პოლონეთში ვიზიტის დროს კი მხარეების მიერ განხილული იქნა შემდეგი საკითხები: თანამშრომლობა სილეზიის რეგიონული კინოფონდის გაზიარების მიზნით და აჭარაში ფონდისა და კინოკომისიის დაარსების შესაძლებლობა.


მუზეუმების ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე მენეჯმენტის ასპექტები; საგანმანათლებლო პროექტები მუზეუმებში; ერთობლივი გამოფენები, მულტიმედია ინსტალაციები.
თეატრების თანამშრომლობა და ერთობლივი სპექტაკლები.
მეცნიერული კულტურის ცენტრის ტრანსფორმაცია“.

გადაბეჭდვის წესი