Batumelebi | ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?! ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?! – Batumelebi
RU | GE  

ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!

 

უკვე სტუდენტი ვარ, მალე სწავლა დამეწყება, მანამდე კი, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე სოფელში წავსულიყავი, რათა “ძალები აღმედგინა”. ნამდვილი ტრაგიკომედია აღმოჩნდა ჩემი მოგზაურობა, ბათუმიდან ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ულამაზეს სოფლამდე – ირემაძეებამდე. წინ მელოდა სულ რაღაც ორ, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი სამსაათიანი მოგზაურობა და შემდეგ უკვე რამდენიმე დღე, შემეძლო ნამდვილ ნეტარებაში გამეტარებინა.  


ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე

უპირველეს ყოვლისა, განვახორციელე უმნიშვნელოვანესი ზარი მასპინძელთან – ბიძიასთან, რა თქმა უნდა, ვახარე ჩემი სტუმრობის შესახებ და მისგანაც სასურველი პასუხი მოვისმინე: ოო, გელით, გაშლილი ხელით, ახლა გადავრეკავ, გავარკვევ ვინ არის მძღოლი და სულ წინა ადგილს დაგიკავებო; ამან გამამხნევა და დამარწმუნა, რომ მოგზაურობაც ერთობ კომფორტული იქნებოდა. მითხრა დღეს “რეისში” ჩვენი მძღოლი მარადია, კარგი მძღოლია ორსაათნახევარ-სამსაათში აქ იქნებით, სულ წინ ერთი ადგილი შენიაო.

 

 

ზუსტად ოთხის ნახევარზე ავტოსადგურში გავჩნდი. ჩვენი მძღოლი მარადიც გავიცანი, ახალგაზრდა ბიჭი, ასე 30 წლამდე ასაკის, თავზე სათვალე ეკეთა და ხელში გასაღებს ათამაშებდა, კარგ გუნებაზე იდგა. მოწიწებით გამიღო კარი და მითხრა, არ არის პრობლემა, დარეკილია და ეს შენი ადგილიაო. მეც სიამოვნებით დავიკავე ჩემი კუთვნილი, წინასწარ “დაჯავშნილი” ადგილი.

 

 

თანდათან ჩვენი სამარშრუტო ტაქსი ხალხითა და ტვირთით ივსებოდა, არ ვიცი ადგილს სად პოულობდა მარადი, მაგრამ ჩემი გათვლით ტრაილერისთვის გათვლილი რაოდენობის ტვირთს ნელ-ნელა ათავსებდა დაახლოებით 18 მგზავრზე გათვლილ “მარშუტკაში”. ჩემ უკან ქალბატონები ისხდნენ, რომლებმაც უკვე ხმამაღალი პროტესტი გამოხატეს სამკაციან სავარძელზე მეოთხე, ჩვილბავშვიანი ქალბატონის დასმაზე, მაგრამ მოხერხებულმა მძღოლმა, მარადიმ, შეძლო და ამ ქალბატონისა და მისი პატარასთვისაც გამოენახა “ადგილი”… ჩემ გვერდით! ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ჯერ მძღოლს შევხედე, შემდეგ ქალბატონს, და ვიკითხე, ბავშვიანად წინ უნდა დამჯდარიყო თუ არა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ხმა ვეღარ ამოვიღე, ბავშვის დედაც და მძღოლიც ერთ აზრზე იყვნენ, გულში გავიფიქრე, გავალთ გზაზე და პატრული დაგვაჯარიმებს-მეთქი.

 

 

დავსხედით, ღვედის შეკვრა ვცადე, მაგრამ ან მე ვერ მოვერიე, ან ღვედი უბრალოდ არ იკვრებოდა. არც მძღოლს შეუკრავს ღვედი. ამ დროს ოთხი საათიც გახდა და ნელ-ნელა დავტოვეთ ავტოსადგური, თუმცა მძღოლმა მალევე შემოაბრუნა მანქანა და იქვე, ავტოსადგურის უკანა მხარეს, პუშკინის ქუჩის ჩასახვევზე მყოფ მაღაზიასთან გააჩერა.

 

 

აქ ჩემ გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, ჩვენს “მარშუტკას” თურმე კიდევ შეეძლო ტვირთის დამატება, მოხერხებულმა მძღოლმა სახურავზე 30-ზე მეტი თუნუქის სახურავის ფირფიტა დაამაგრა და კიდევ რამდენიმე ადგილზე გაჩერდა, ქალაქიდან ოთხ საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ უკვე 5 საათი იყო და ჩვენ ჯერ კიდევ ხელვაჩაურის გზაზე ვიდექით და მგზავრს ველოდებოდით.

 

 

ქალაქიდან ექვსის ნახევარზე გავედით, გზად არც ერთ საპატრულო მანქანას არ გავუჩერებივართ.

 

 

ჰოდა აქ მოხდა ის, რაც არასდროს დამავიწყდება, მანქანა გაჩერდა, მძღოლი ჩამოვიდა, ჩვენი კარი გააღო და …. “შენ აქეთ მოჯექი, ეს ჩემსკენ მიჯდება და ის ქალი უნდა დავსვათ აქ, ბავშვი ავად ჰყავს”, – მიმართა ჩემ გვერდით მჯდომ ბავშვიან ქალბატონს, კარი გამიღო, მითხრა ჩამოდიო, გაოცებული ვეკითხებოდი, კი, მაგრამ სად უნდა დავჯდე-მეთქი, ის კი მპასუხობდა, აქეთ, აქეთო და საჭის მხარეს კართან მიმიყვანა. ენა ჩამივარდა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მოხერხებულმა მარადიმ კი მისი სავარძლიდან თხელი, ბალიშისმაგვარი ნივთი აიღო, მძღოლი სავარძელსა და მგზავრების სავარძლებს შორის არსებულ ადგილზე დადო და მიმითითა დავმჯდარიყავი, მგონი რაღაცას ვბურდღუნებდი, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც ვერ გავუწიე, შუა გზიდან სად წავიდოდი, უკან დაჯდომის შანსი კი არ არსებობდა. მოკლედ “დავჯექი”, ჩემს ადგილზე კი მეორე, ასევე ჩვილბავშვიანი ქალბატონი დაჯდა. მძღოლმა მანუგეშა, ეგ ფეხი ცოტა მიწიე და მე არ მიშლი ხელსო… ყოველ ჯერზე სიჩქარის გადართვას მტკივნეულად ვგრძნობდი ფეხზე, ბავშვებიანი ქალბატონები კი მგონი დისკომფორტს სულ არ განიცდიდნენ. ჩემ გვერდით მჯდომი ქალბატონის შვილი განსაკუთრებით ცელქი აღმოჩნდა, ქალბატონი კი არ ერიდებოდა ჩემს მხარზე წამოწოლას, რათა მეორე ქალბატონისთვის სახეში ეყურებინა და ისე ესაუბრა მასთან. უკმაყოფილება ალბათ ჩემს სახეზე ამოიკითხეს და მკითხეს, როგორ ხარო. ვუპასუხე ნახევრად ვარ და ალბათ ნახევარი ბილეთი მიწევს-მეთქი, მარადიც ღიმილით დამეთანხმა.

 

 

მთელი გზა ხმა არ ამომიღია, არ მთხოვოთ აღვწერო ის წვალება და ფიზიკური ტკივილი, რაც 5 საათის განმავლობაში გამოვიარე… დიახ, 5 საათი დაგვჭირდა, ბათუმის ავტოსადგურიდან ჩვენი სოფლის გაჩერებამდე რომ მივსულიყავით. არა და, როგორც აღვნიშნე, წესით, მაქსიმუმ სამი საათი უნდა დაგვჭირვებოდა.

 

 

მძღოლმა მთელი ბილეთის ფასი გამომართვა და შენიშვნაც არ მიიღო, რომ ვუთხარი, ტვირთივით მამგზავრე და ორი პატარა ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდე, ამის შემდეგ მეცოდინება, ვისი ტრანსპორტით უნდა ვიმგზავრო-მეთქი. მთელი გზა არ მშორდებოდა იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი ახლობლების ოჯახში ოთხიოდე თვის ბავშვი დაიღუპა, იმიტომ, რომ დედასთან ერთად წინა სავარძელზე ისხდნენ და არც ისე მძიმე ავტოავარიაში მოყვნენ. ეს ამბავი კი სწორედ ჩვენი სოფლიდან მიმავალ გზაზე მოხდა. არ მავიწყდებოდა სტატისტიკური მონაცემები მსგავსი შემთხვევების დროს დაღუპულ ბავშვებზე და მთელი გზა ვლოცულობდი, ან პატრულს გავეჩერებინეთ, ან სასწაულებრივად გადავრჩენილიყავით. ამ ორ პატარას საფრთხეში ვაგდებით ყველა, უპირველესად მათი მშობლები, მძღოლი და ჩვენი სამართალდამცავები, რომლებიც ამხელა გზაზე ერთხელაც არ შეგვხვედრიან.

 

 

მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!

 

P.S.  ამ წერილს სოფელში ვწერ. ვეძებ კარგ მძღოლს, რომ უკან წამომიყვანოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სტუდენტი , ირმა დიმიტრაძე