კვირის ამბები

სექსისტური და სტერეოტიპული მედია

18.09.2014 • 2287
სექსისტური და სტერეოტიპული მედია

 

 

თამარ რუხაძე

 

 

 

 

სექსისტური ენის გამოყენებისა და საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარების გამო ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა- „ოთხი ელემენტის“ წამყვანების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში საჩივარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეიტანა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაცემის წამყვანებმა – ირაკლი ხრიკაძემ და გიორგი მასხარაშვილმა დაარღვიეს ჟურნალისტიკური ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციის წახალისებას შეეხება.

 

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა აბაშიძის შეფასებით, გადაცემა „ოთხი ელემენტის“ წამყვანები ქალების ფიზიკური და ემოციური ძალადობის მიმართ ტელეეთერში სტერეოტიპულ განწყობებს ავლენდნენ, რაც გამოიხატებოდა როგორც კონკრეტულ ფრაზებში, ასევე ცინიზმშიც ამ თემის მიმართ, ისმოდა სექსისტური შეფასებებიც: „მშვენიერია, – ქალი კუხნაში“; `ბავშვებს თუ კარგად ვერ მოუარა, კაი შენიშვნაა მისაცემი“; ასევე ძალადობის შემცველ გამონათქვამებში: „მე მაქვს ნანახი – ბავშვს სცემდა, ნუ ტირიხარო და ეგეთ ქალზე უნდა იძალადო, აბა რა უნდა ქნა“.

 

ანა აბაშიძის შეფასებით, მსგავსი შეფასებები ძალადობის წახალისებაა და არსებული სტერეოტიპების გამყარება, რომ ქალი ადვილად დასაჩაგრია.
„ამ ტიპის გადაცემებს უყურებენ როგორც ბავშვები, ასევე ის ქალებიც, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი თავიანთ ოჯახში. ამიტომ „უნდა სცემო, აბა რა უნდა ქნა“, – არის მოწოდება ქალების მიმართ ძალადობაზე და ამ ძალადობის ლეგალიზება“- ამბობს ანა აბაშიძე. მისი აზრით, ის მცდელობები, რომელიც ამ ტიპის სტერეოტიპების დასანგრევად ადამიანის უფლებათა დამცველთა მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება, რამდენიმე წუთში შეიძლება წყალში ჩაიყაროს: „აი, ამაზე უნდა დაფიქრდეს მედია და გაანალიზოს საკუთარო როლი ამ სტერეოტიპების დანგრევაში“ – ამბობს ანა.

 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყურადსაღები იყო ის ფაქტიც, რომ ქარტიის საბჭოს სხდომაზე ტელეკომპანიის წარმომადგენელი აპელირებდა იმაზე, რომ წამყვანების მხრიდან გამოყენებული სექსისტური ლექსიკა ხუმრობა იყო. „ჩვენი პოზიციაა, რომ არაადამიანურ მოპყრობაზე, ძალადობაზე, წამებაზე ხუმრობა არაეთიკურია. ის, რომ `ქალს აქვს მენტალური შეზღუდვა და ამიტომ ვერ ატარებს საჭეს ისე, როგორც მამაკაცი“, –  ამას ხუმრობად ვერ მივიღებთ.“

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის შეფასებით, სტერეოტიპებისგან ბოლომდე თავისუფალი არც მედიის წარმომადგენლები არიან, რადგან ისინიც ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და არის შემთხვევები, როცა მგრძნობიარე თემების გაშუქების დროს მედიას უჭირს შინაგანი განწყობების შეკავება.

 

„ჟურნალისტების უმეტესობას უჭირს, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბარი. ავიღოთ 17 მაისის ფაქტი ან სხვა შემთხვევები, როცა ბევრ ჩემს კოლეგას უთქვამს, რომ უჭირს ამ ყველაფერს შეხედოს სხვა პრიზმიდან. იგივე ხდება ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების შემთხვევაშიც. არსებობს შიში უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ, მაგრამ თუ გვინდა ამ საკითხებს მედიამ ეთიკურად შეხედოს, ამოსავალ წერტილად თითოეულმა ჟურნალისტმა, რედაქტორმა თუ პროდიუსერმა უნდა ავიღოთ არა ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობა, არამედ ადამიანი“.

 

როგორც თამარ რუხაძე ამბობს, ჟურნალისტიკის მოვალეობა არ არის „ასიამოვნოს“ მაყურებელს, რადგან ვიღაც შესაძლებელია უპირატესად გრძნობდეს თავს სტერეოტიპულ საზოგადოებაში. მედიის ფუნქცია კი სიმართლის თქმაა და არა კონკრეტული ჯგუფების სიამოვნება.

 

„ავიღოთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტი. ჟურნალისტმა გააკეთა აქცენტი მშობლების ეჭვზე, რომ მკვლელობა რელიგიური რიტუალის საბაბით მოხდა, ეს მაშინ, როცა ამ რელიგიას არ ახასიათებს მსგავსი წესი. ამით ჟურნალისტმა ხელი შეუწყო სიძულვილის ტირაჟირებას, რადგან მკვლელობა დაუკავშირდა კონკრეტულ რელიგიას. ეს, ერთი მხრივ, არის ჟურნალისტის არაკვალიფიციურობაც და სტერეოტიპული მიდგომაც“  – ამბობს თამარ რუხაძე.

 

მისი შეფასებით მედიას ხშირად უჭირს ზღვარის გავლება კონკრეტულ ადამიანსა და რომელიმე ჯგუფს შორის, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი: „ვთქვათ, როცა ხდება რაიმე დანაშაული და აღმოჩნდება, რომ ამ დანაშაულში მონაწილე პირი არ არის ეთნიკურად ქართველი და ან მართლმადიდებელი, სწორედ ამაზე ხდება მინიშნება. ჩვენ ვამბობთ – „ერაყელმა ქალმა ორი ქართველი დაჭრა“, მაგრამ არასდროს ვამბობთ, რომ ქართველმა, მართლმადიდებელმა ვინმე მოკლა ან გაძარცვა. ეთიკური სტანდარტი კი გვეუბნება, რომ ზედმეტად არ უნდა გაუსვა ხაზი ადამიანის რაიმე ნიშნით კუთვნილებას კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არ არის“.

 

თამარ რუხაძე თბილისში 15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობის შემთხვევასაც იხსენებს: „ერთ-ერთ არხზე სიუჟეტის ლაიტმოტივი იყო ის, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს ერაყის მოქალაქეებმა. ხალხს რომ ეჭვი ჰქონდა ერაყის მოქალაქეებზე, ხუთჯერ მაინც იყო გამეორებული. ამას მოჰყვა ის, რომ თურმე ამ უბანში ძირითადად ერაყის მოქალაქეები და სხვა უცხოელები ცხოვრობენ. ერთ ჯგუფს, როგორც დამნაშავეს, დაედო ხელი, მაგრამ სიძულვილი განზოგადდა უცხოელზე, რადგან მაყურებელი, რომელიც ამას უსმენს, ახდენს განზოგადებას, რომ ამ უბანში ყველა კრიმინალი ცხოვრობს და ჩნდება შიშის განცდა, რომელიც გადადის ქსენოფობიაში.

 

სტერეოტიპული მიდგომები კი ქმნის ახალ სტერეოტიპებს: „ადამიანი ფიქრობს, თუ ერთმა განსხვავებულმა ავნო, ესე იგი, სხვა განსხვავებულიც ასეთი იქნება. ამიტომ, ჟურნალისტი უნდა მოერიდოს ისეთი რესპონდენტების აზრის ტირაჟირებასაც, რომლებიც მუდმივად გამოირჩევიან ქსენოფობიური განცხადებებით. ბუნებრივია, ეს არ ეხებათ პოლიტიკოსებს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომელთა აზრს გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ეს უნდა აჩვენოს მედიამ და ამავე დროს აჩვენოს ისიც, რომ ეს არ არის სწორი“ –  ამბობს თამარი.

 

იმისთვის, რომ მედია მოექცეს ეთიკურ საზღვრებში, თამარ რუხაძის აზრით, გარკვეული პროცესია საჭირო. „სანამ იყიდის საზოგადოება გაზეთს, რომელიც სიძულვილის ენას ტირაჟირებს, მანამდე იქნება საზოგადოება სტერეოტიპული. მაგრამ რომ არ ვიყიდო ასეთი გაზეთი, ამისთვის აუცილებელია ცნობიერების ცვლილება, რომელიც განათლებიდან მოდის“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: