კვირის ამბები

ორი თვის ანას საკვები სჭირდება

02.09.2014 • 1251
ორი თვის ანას საკვები სჭირდება


ოჯახის მთავარი საფიქრალი ანას გამოკვებაა – ოჯახში არავინ მუშაობს, პატარას კი ხელოვნური საკვები სჭირდება. ახალშობილის მშობლები არასრულწლოვნები არიან, ოჯახის სხვა წევრებს კი ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ. ვალების გამო ოჯახმა მეწველი ძროხებიც გაყიდა, ბოსლის მასალით კი ოჯახი სახლს ამაგრებს. როგორც ბავშვის დედა – ჟუჟუნა ამბობს, ანას გამოკვებაში მეზობლები და ნათესავები ეხმარებიან. 

 

„არავინ მუშაობს, ნათესავები და მეზობლები გვეხმარებიან და ასე ვყიდულობთ ბავშვისთვის საკვებს. ოროთახიანი სახლი იყო, ბავშვის საწოლი რომ დაგვედგა, ადგილი არ იყო, გაფართოება გადავწყვიტეთ, აქვე, ახლოს ნათესავი სახლს აკეთებს და ძველი სახლის მასალას, რაც გამოდგება, გვაძლევს. ბოსლის მასალასაც ვიყენებთ. ოჯახში ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ, მამამთილს ხელოვნური კუჭი აქვს, დედამთილი ნაოპერაციევია, ქმარს კი ნეკნი აქვს ჩატეხილი და სამკურნალოა, ფიზიკური შრომა არ შეიძლება მისთვის“, – ამბობს ჟუჟუნა.

 

ჟუჟუნას მეზობლად მცხოვრები მისი ნათესავი ზეინაბი ამბობს, რომ სოფელში რთულია ცხოვრება და აქ ყველას უჭირს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოჯახის მდგომარეობას აუცილებლად შეისწავლიან: „აუცილებლად მივალთ და შევისწავლით ოჯახის მდგომარეობას, დღესვე გავარკვევთ რა ვითარებაშია ოჯახი. რაც შეეხება ფინასურ დახმარებას, ოჯახს პროგრამულად ვერ დავეხმარებით, რადგან მსგავსი პროგრამა არ არის, მაგრამ მუნიციპალიტეტი, საჯარო მოხელეები უყურადღებოდ არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ვიცდილებთ ოჯახს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ.“

 

„ბათუმელები“ ოჯახის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: