კვირის ამბები

ფოტოგრაფი გიზო

30.08.2014 • 2763
ფოტოგრაფი გიზო

„ის ბათუმი, მე რომელსაც ვიღებდი, შეიცვალა. ალბათ, ახლა რომ პატარა ბავშვები არიან, ისინი როცა გაიზრდებიან, მათი ბათუმიც სხვა იქნება. შეიცვლება ქალაქი. ეს არც არის გასაკვირი. იცვლება დრო, ყველაფერი იცვლება. ჩემი ბათუმი კი მაინც ჩემი ბათუმია,“ _ ამბობს გიზო, რომელმაც ბათუმი ერთადერთხელ დატოვა, ორი წლით, როცა ჯარში გაიწვიეს. ისევ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც 63 წლის წინ დაიბადა. არც არსად წასვლას არ აპირებს _ „სხვა ქალაქში ვერასდროს ვიცხოვრებო“.

ფოტოგრაფობა მერვე კლასში, პიონერთა სასახლეში ფოტოგრაფიის წრეზე ისწავლა. 13 მანეთიანი „სმენას“ ფოტოაპარატით. არ ფიქრობდა პროფესიონალი ფოტოგრაფი თუ გახდებოდა, თუმცა გახდა. 1970-იანი წლების ბათუმში #1 ფოტო ატელიეს გამგეც იყო.

„მაშინ ბათუმში იყო ბევრი ფოტო ატელიე. ეს არ იყო მარტო ფოტოგრაფია და კომერციული მხარე. ეს იყო კულტურული ცენტრი. „პრივეტ იზ ბატუმა“ რომაა, მანდ იყო ყველაზე ძველი ფოტო ატელიე. საქართველოს მასშტაბით ჰქონდა სახელი განთქმული. კულტურა იყო ფოტოს გადაღების. საგულდაგულოდ ემზადებოდნენ ატელიეში მოსასვლელად. მოდიოდნენ ოჯახებით, მოდიოდნენ ბებიები, ბაბუები, შვილიშვილებთან ერთად. ადამიანები იყვნენ განათლებული ფოტოგრაფიაში. ვერ გაბედავდი და ვერ გადაიღებდი ცუდ სურათს. კლიენტი აუცილებლად მიხვდებოდა და არ მოისურვებდა სხვა დროს მოსვლას.

ახლა ყველა იღებს ფოტოს, ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ მარილის მოყრა აკლია. გამოსახულება შეიძლება კი არის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. შინაარსობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, კომპოზიციური უნდა იყოს. თითოეულ ფოტოგრაფს თავისი ხელწერა უნდა ჰქონდეს. უწინ ფოტოსურათს რომ შევხედავდით, ვიცოდით ვისი გადაღებული იყო. კალიგრაფია ჩანდა ფოტოგრაფის. დღეს წინ წავიდა  ტექნიკა, მაგრამ სულიერება დაკარგა ფოტოგრაფიამ, არ იკითხება. ახლა იმის იმედად იღებენ, მერე კომპიუტერზე რომ გააკეთონ ყველაფერი… მთავარი პროცესი იყო გადაღების მომენტი. ფოტოგრაფი სულ სხვანაირად უდგებოდა. ეს ყველაფერი დაიკარგა. მშრალ ფოტოებს იღებენ ახლა. განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არ არის განათება, არ არის ფოტოგრაფია. კარგი ფოტოგრაფი რეჟისორიც უნდა იყოს, ოპერატორიც, შემოქმედებითადაც უნდა აზროვნებდეს. ფოტოგრაფი წამის მემატიანეა,“ _ ამბობს გიზო ჩიგოგიძე.

ციფრული კამერა არ აქვს. ყოველთვის ფირზე იღებდა. არ მოსწონს ფერადი ფოტოგრაფია. ყველა მისი ფოტო შავ-თეთრია.

„ორი შვილიშვილი მყავს, დემეტრე და დამიანი. ორ თვეში გოგონა ველოდები. ეს არის ახლა ჩემი მთავარი სიმდიდრე. ფოტოგრაფიასაც თავი დამანებებინა და საერთოდ ყველაფერს. 63 წლის კაცი ვარ, იმას კი არ ვამბობ, რომ არ შემიძლია. მიმაჩნია, რომ ჯობია დროზე წახვიდე სცენიდან, ვიდრე საკუთარი ხელწერა გაიფუჭო. მე ვარ ყველაზე გმირი ბაბუა მსოფლიოში. დღეში საშუალოდ 15-20 კილომეტრს დავდივარ. ყოველდღე თუ ქარბუქი არაა _ დილით და საღამოს 5-6 საათი ვარ შვილიშვილებთან ერთად. ვასეირნებ ეტლით. მარტო მე მიჯერებენ. როცა ბავშვები დამყავს, 360 გრადუსით ვფლობ სიტუაციას რა ხდება ირგვლივ. იმისათვის, რომ გარანტირებული მქონდეს უსაფრთხოება“, _ ამბობს გიზო ჩიგოგიძე.

ყოველ ზაფხულს, როცა ტურისტული სეზონის პიკია, გიზოს თავისი ფოტოები გამოაქვს სარდაფიდან, ძირითადად გასული საუკუნი 80-90-იანი წლებში გადაღებული და ქუჩაში ღია გამოფენას აწყობს.

„ეს არის ჩემი უფასო გამოფენა, რომელსაც ვჩუქნი ქალაქს. არც ფულს ვითხოვ, არც არაფერს. ფოტო დაკნინდა ჩვენთან. ფოტოგრაფიის აღქმის კულტურა იმდენად დაბალი დონისაა, რომ ვცდილობ კულტურის რაღაც ელემენტები შევიტანო. მაგრამ ვერაფერი მოვაწონე ქართველებს. ძირითადად მაინც ტურისტების იმედზე ვარ. რუსი შეგაქებს, გერმანელი შეგაქებს, ჰოლანდიელი შეგაქებს, ქართველი ნაკლებად. ერთი ადამიანი მოვიდა, მეუბნება ვისი ნახატებიაო. მე ვუთხარი ნახატები არაა, ფოტოა-მეთქი. აა, ფოტოაო?  გაუკვირდა. არ მესმის 21-ე საუკუნეში ასეთი ნიუანსები როგორ არ უნდა იცოდე.

4-5 წელია ვაკეთებ ამ გამოფენას. თუ გაიყიდება ხომ კარგი, თუ არადა ადამიანებს მაინც ვნახავ. ზოგიერთი საკუთარ თავს იცნობს, ზოგს რაღაც გაახსენდება და ვარ ასე. ისედაც, ვინმეს არ ეგონოს, რომ გიზო ჩიგოგიძე მოკვდა. ნახონ, რომ ცოცხალი ვარ. საგამოფენოდ ვიყენებ ამ ძველი შენობის ფასადს. ძველი ბათუმის არქიტექტურასთან შერწყმულია, ლამაზია. შენობაც გაცოცხლებულია, ჩემი ფოტოებიც გაცოცხლებულია, ბათუმსაც ვაცოცხლებ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია“.

გადაბეჭდვის წესი