კვირის ამბები

ბათუმის ეზოს ამბები იწყება

28.08.2014 • 2138
ბათუმის ეზოს ამბები იწყება

 

ეზოს ამბები წელს ბათუმში მესამედ იმართება. 2012 წელს ექსპერიმენტული ხასიათის მქონე პროექტი, ახლა უკვე აგვისტოს ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა. პროექტის მხარდამჭერი აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, ხოლო პროექტის პარტნიორი  –  „პრესკაფე“.

 

„ბათუმის ეზოს ამბები“ კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა. გამორჩეულია იმით, რომ მასში არტისტებთან ერთად იმ ქუჩის, ეზოს მცხოვრებლებიც ერთვებიან, რომელ ქუჩებზეც პროექტი ხორციელდება. წელს ასეთი ორი ქუჩა იქნება ძველ ბათუმში – ქუთაისისა და საიათნოვას.

 

„ეს პროცესზე დამყარებული პროექტია, საბოლოო შედეგს კი გახსნებზე ვნახულობთ. ხელოვნება არ არის მხოლოდ ის, რაც ჰკიდია გალერეაში ან რაც ჰკიდია სადღაც მუზეუმში,“  -ამბობს „ბათუმის ეზოს ამბების“ კურატორი მაგდა გურული.

 

მუსია ქებურია

 

გრაფიკოს დიზაინერი მუსია ქებურია „ბათუმის ეზოს ამბების“ წლევანდელი მონაწილეა. ერთდროულად რამდენიმე ნამუშევარზე მუშაობს. ერთ-ერთი ნამუშევარი ძველი ბათუმის ურბანულ გარემოსა და  გამწვანებას გამოეხმაურება.

 

„ძველი ბათუმის ქუჩებში რაც დამაკლდა, იყო სიმწვანე. ხეები არაა. ქუჩაზე, სადაც გამოფენა გაიმართება, ვიპოვე ერთი მიტოვებული კიბე, რომელსაც არავინ იყენებს. ამ კიბეზე მოვაწყობთ მწვანე აქციას, მწვანე ჯეჯილებით დავფარავთ“, –  ამბობს მუსია. 

 

„ბათუმის ეზოს ამბების“ მონაწილე არტისტებს ბათუმის ეზოებში მცხოვრებლებთან  მჭიდრო კონტაქტი აქვთ. იაპონელი არტისტის მასარუ ივაის პერფორმანსი „100 თევზი“ უშუალოდ ეზოს მცხოვრებლების ჩართულობით განხორციელდება. მთელი პროცესი, რაც თევზის მომზადებას ახლავს თან, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იქნება გავლილი. პროცესში მთავარი წმენდაა. მასარუს ნამუშევრების მთავარი თემაც წმენდაა. ის წმენდს ყველაფერს, რისი გაწმენდაც წარმოგიდგენიათ და რისიც ვერ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, თავის პერფორმანსებში ის სარეცხი საშუალებით წმენდს ხორცს, პურს, სტაფილოს, ფეხსაცმელს. 

 

„ვერავინ გაიგო რატომ მაინტერესებდა წმენდა. იაპონელებს წმენდა უყვართ, მანიაკალურად წმენდენ ყველაფერს, ხანდახან ზედმეტად და სტიქიურად. ერთი მხრივ, რეცხვა კარგი თვისებაა, მაგრამ თუ გადააჭარბებთ, იწყება ქაოსი და რაღაც იკარგება ამ წმენდაში. ჩემი პერფორმანსის იდეაც ესაა. ის, რასაც იდეაში უნდა მოჰყვეს წესრიგი, როდესაც ისტერიაში გადადის, იქმნება ქაოსი,“ – ამბობს მასარუ.

 

მასარუ ივაი

 

წინა წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამუშევრები, რომლებსაც „ბათუმის ეზოს ამბების“ მონაწილეები ქმნიან, გარკვეული პერიოდით სრულიად ცვლიან ურბანულ გარემოს.

 

„რადგან პროექტი ერთგვარად მოსახლეობასთან კომუნიკაციაზეა აგებული, დიდი დოზით ვკონტაქტობ მოსახლეობასთან. დავათვალიერე ეზოები, თითოეული ეზოდან ფიცრები, ხეების ნაწილები, გატეხილი სკამები  შევაგროვე. ამ ყველაფრისგან ვაპირებ გავაკეთო ერთი დიდი სკამი, რომელსაც ერთ-ერთ ქუჩაზე დავდგამთ. ეს იქნება მოსასვენებელი ადგილი ყველასათვის,“ –  ამბობს ანა სოფრომაძე, ეზოს ამბების ერთ-ერთი მონაწილე.

 

ანა სოფრომაძე

 

ანას აზრით პროექტი მნიშვნელოვანი რამდენიმე კუთხითაა, მთავარი კი ისაა, რომ შეცვლის შეხედულებას არტისა და არტისტისადმი.

 

„საქართველოში ცოტა პრობლემაა თანამედროვე ხელოვნების გაგებასთან დაკავშირებით. კონტაქტში როდესაც შემოვლენ მხატვრებთან, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება, უფრო გასაგები გახდება,“ – ამბობს ანა სოფრომაძე.

 

„ბათუმის ეზოს ამბების“ იდეა და მიზანიც ესაა, გახადოს თანამედროვე ხელოვნება საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი. ტრადიციული სივრცეებიდან საჯარო სივრცეში გადატანით თანამედროვე ხელოვნება ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს.

 

წელს ბათუმის ეზოს ამბები ქუთაისისა და საიათნოვას ქუჩაზე 29 აგვისტოს გაიხსნება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. 

გადაბეჭდვის წესი