კვირის ამბები

ნათია აფხაზავა ბათუმის ლოგოს შესახებ

13.08.2014 • 2139
ნათია აფხაზავა ბათუმის ლოგოს შესახებ

 

ნათია, თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო ქალაქისთვის ლოგოს შერჩევის პროცესი და არის თუ არა 150 000-მდე ბათუმელის რეალური არჩევანი ლოგო, რომელმაც ონლაინგამოკითხვით 1243 ხმა დააგროვა?

 

ვფიქრობ, ტენდერი რომ გამოცხადდა, კარგია. თავიდან მერიას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც არავინ მიიღო მონაწილეობა და ჩავარდა. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია და გვაინტერესებს, თუ როგორ ჩამოაყალიბეს იგი. როგორც ვიცი, სატენდერო წინადადებაში პირველი კომპონენტი იყო მოსახლეობის კვლევა, უნდა გამოეკვლიათ დამოკიდებულება ბათუმისადმი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ჩაედოთ ამ წინადადებაში ერთ-ერთ კომპონენტად ის, რომ შემსრულებელ კომპანია „ACT“-ს გამოეცხადებინა კონკურსი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, მათ ჰყავთ თავიანთი დიზაინერები და შემოქმედებითი ჯგუფი, მაგრამ კარგი იქნებოდა უფრო ფართო წრისათვის მიეწვდინათ ხმა იმის შესახებ, რომ ბათუმისთვის ახალი ლოგო იქმნებოდა და მეტი დიზაინერისთვის მიეცათ საშუალება, შეექმნათ თავიანთი ვერსიები. ბევრმა დიზაინერმა არ იცოდა, რომ ბათუმის ლოგოზე მიმდინარეობდა მუშაობა, ალბათ ასეთ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვექნებოდა და არა მხოლოდ სამი ვერსია.

 

ძირითადი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ არ იყო არჩევანის საშუალება.

 

რამდენად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ონლაინგამოკითხვით შერჩეული ლოგო ბათუმელების არჩევანია?

 

 

მართალია, საზოგადოებრივი გამოკითხვა სრულად ვერ მოიცავს მთელ ქალაქს, მაგრამ ცალკე საკითხია, რამდენად რეპრეზენტაბელური იყო ეს გამოკითხვა იმ პირობებში, როცა ახალშემოერთებულ ტერიტორიებს ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ამის მიუხედავად, ვფიქრობ 0.1% ფოკუსჯგუფის მონაწილეობაც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოების აზრი დაფიქსირდეს, რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია როგორ ვაწოდებთ ამ აზრს საზოგადოებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები. ამ შემთხვევაში ხარვეზი იყო ისიც, რომ არ გვქონდა არჩევანის საშუალება. პასუხებში უნდა დამატებულიყო კიდევ ერთი ველი – „არც ერთი“. თუ მეკითხები, აზრის დაფიქსირების საშუალებაც უნდა მომცე.

 

 

პირადად ჩემთვის ეს გამოკითხვა მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელმა გამოაქვეყნა იგი ფეისბუქზე. მეორე ხარვეზია ის, რომ ამ გამოკითხვის მასშტაბები იყო ვიწრო, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ყველას, პერიოდიც ცუდია – აგვისტოში ყველა დასასვენებლადაა წასული და ხალხი არ არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

 

მე როგორც ვიცი, ეს გამოკითხვა არ იყო აუცილებელი, კონტრაქტში წერია, რომ ლოგო უნდა აარჩიოს კომისიამ. უბრალოდ კომისიამ გადაწყვიტა გამოეკითხა საზოგადოების აზრი. ასე, რომ კომისიამ არა მარტო უნდა მიიღოს ხმათა უმრავლესობით არჩეული ლოგო, არამედ გაითვალისწინოს ის ნეგატიური გამოხმაურებაც, რაც ამ ლოგოს მოჰყვა.

 

 

თქვენი, როგორც მოქალაქის, ბათუმელის აზრით, რამდენად შეეფერება შერჩეული ლოგო ბათუმს?

 

 

პირველი, რაც ბათუმთან კავშირში მახსენდება, ეს არის ზღვა. როცა ბათუმს სხვა ქალაქებს ვადარებ, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ზღვის ფაქტორი. სხვებიც ფიქრობენ, რომ ეს ლოგო არ ასოცირდება ზღვასთან და ბათუმთან, იგი არის სრულიად განყენებული ბათუმის ცნებისგან. ვფიქრობ, ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ზღვა და ლოგოში აქცენტები უნდა ყოფილიყო ზღვაზე გაკეთებული. შეიძლება ზღვა არ გამოდგება ლოგოდ, მაგრამ ზღვის ფერი, იგივე ტონალობები, ზღვასთან დაკავშირებული სიმბოლოები შეიძლებოდა გამოეყენებინათ.  

 

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას უბრალოდ აქვს ქალაქის ძველი სიმბოლოს, ქოლგიანი დელფინის ნოსტალგია და ქალაქის ლოგოსადმი ინტერესიც და უკმაყოფილებაც იმით არის გამოწვეული, რომ ბათუმელები მიიჩნევენ, რომ ძველი ლოგო ჯობს? თქვენ ამჩნევ საზოგადოების ასეთ განწყობას

 

 

ჩემი პირველი პროტესტი იყო სწორედ ის, რომ შეგრძნება მქონდა, თითქოს ვქმნიდით რაღაც ახალი ქალაქისთვის ლოგოს. როცა ბათუმს აქვს ისტორია, აქვს შეგრძნებები, ხასიათი… ლოგოში ეს შეიძლება ვერ გამოისახოს, მაგრამ კონცეფციაში მაინც უნდა ჩანდეს.

 

 

ის, რომ ვიღაცას აქვს ქოლგიანი დელფინისადმი ნოსტალგია, გასაგებია, თუმცა თუ  განვითარება გვინდა, უნდა მომხდარიყო იმის გაანალიზებაც, თუ რამდენად ასახავდა ქოლგიანი დელფინი ბათუმის იმ სახეს, რაც მას დღეს აქვს, ამიტომ კარგია, რომ ამაზე კვლევები დაიწყო. როცა მოქალაქეებს გააჩნიათ ნოსტალგიური დამოკიდებულება ქალაქის ძველი სიმბოლოსადმი და ეუბნებიან მათ, რომ ეს ლოგო არ ვარგა, უნდა აუხსნან და დაუსაბუთონ, თუ რატომ არა დელფინი და რატომ მზე თუ ბაბუაწვერა მის ნაცვლად. თუ თქვენ ამ ლოგოს კონცეფციას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ თავად ანოტაციაც არის აბსტრაქტული და შეუსაბამო, როგორ შეიძლება ამდენი რამ იყოს ლოგოში გამოსახული. ვფიქრობ, ლოგოზე კიდევ ბევრი სამუშაოა, როგორც დიზაინერული კუთხით, ისე აზრობრივადაც.

 

რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რა არის თქვენი აზრით გამოსავალი?

 

კარგია რომ მომზადდა პეტიცია, რადგანაც როცა მე ვამბობდი, რომ ლოგო არ მომწონს, აღიქმებოდა, როგორც უბრალოდ სუბიექტური აზრი და როცა უკვე უშუალოდ დიზაინერების მხრიდან დასაბუთებული დასკვნა დაიდო ამ საკითხზე, ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი, ვგულისხმობ აქტიური მოქალაქეების, შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ მივმართეთ უშუალოდ მერიას, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვთხოვთ, რომ გაიმართოს შეხვედრა სამივე მხარის: გადაწყვეტილების მიმღების – ბათუმის მერიის კომისიის, შემსრულებელი კომპანიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი დიზაინერების თუ სხვა პირების. იმედია, ეს შეხვედრა არ იქნება უშედეგო.

 

დისკუსიებში მოპასუხე მხარედ ყოველთვის გვევლინებოდა მერია და სანამ პროდუქტი არ იქნება ჩაბარებული, გადაწყვეტილება – მიღებული, მოპასუხე უნდა იყოს შემსრულებელი, ამ შემთხვევაში „ACT“. მინდოდა თვითონ „ACT“-ს  გაეცა პასუხი საზოგადოებისთვის და დაესაბუთებინა, თუ რატომ ეს ლოგო? როგორ პასუხობდა იგი დიზაინერთა დასკვნებს და რეკომენდაციებს, გვინდა პასუხები მათგან მოვისმინოთ.

 

ჩვენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახელით შევიტანეთ განცხადება, რომ გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა.

 

საზოგადოების ისეთი აქტიურობა გამოიწვია ამ საკითხმა, რომ გონივრული იქნება გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: