კვირის ამბები

ზაფხულში საკითხავი

11.08.2014
ზაფხულში საკითხავი

 

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, საქართველოს პარლამენტის წევრი: „ვინაიდან ზაფხული არის გრძელი და ხანგრძლივი, ამიტომ მკითხველს ვურჩევ ერთი წიგნი, რომელსაც წასაკითხად შეარჩევს, იყოს დიდი, მოცულობითი. მოცულობით დიდი წიგნებიდან სამს ვიტყვი და აქედან ერთ-ერთი რომ წაიკითხოს, კარგი იქნება. პირველს ვურჩევ „ომი და მშვიდობას“, მით უმეტეს, რომ აქტუალურია ჩვენს ხმაურიან დროში. მეორეს ვურჩევ  თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ და ჯეიმს ჯოისის „ულისეს“. ამ სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად წაიკითხონ ამ ზაფხულს.

 

რაც შეეხება უშუალოდ საზაფხულო საკითხავს, ზაფხული რომ იგრძნობა, ვურჩევდი ალბერტ კამიუს „უცხოს“ და „შავ ჭირს“. იმიტომ, რომ ზღვის, ზაფხულისა და მზის გარეშე მათი არც წარმოდგენა შეიძლება და არც წაკითხვა. თუმცა ესენი ცოტა მძიმე წიგნებია. რაც შეეხება უფრო მსუბუქს, ვურჩევდი ჯეინ ოსტინის „სიამაყეს და მცდარ აზრს“. ეს არის შესანიშნავი სასიყვარულო რომანი და ძალიან დიდი ოსტატობით დაწერილი. რაც მთავარია, ზაფხულს რომ უხდება, ისე კარგად ვითარდება და კარგად მთავრდება“. 

 

 

ლია ლიქოკელი, პოეტი: „ზაფხულში ვურჩევდი წაიკითხონ აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“. ბოლო დროს რაც კი წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი წიგნი ეს იყო. ესეით მოყოლილი წიგნია მეცხრამეტე საუკუნის საქართველოზე. შინაური ილია, ვაჟა, გოგებაშვილი. ისეთი ამბები, რაც ალბათ ზღვას უხდება. შეიძლება ასე ახლოს არ იცნობდე ამ ადამიანებს და წიგნიდან გაიცნო.

 

კიდევ ვურჩევდი წაიკითხონ ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. სხვა წიგნებიც შეიძლება, ნატო დავითაშვილის ყველა უნდა წაიკითხონ, რაც წაკითხული არა აქვთ, მაგრამ ეს წიგნი განსაკუთრებით მიყვარს. აქ არის ფენტეზი, თან ქართული მითოსი, ქართული მითოლოგია და თან იმ კუთხითაა გადმოცემული, რაც იშვიათად იციან საქართველოში. ეს წიგნი შეიძლება უფრო საბავშვო ლიტერატურაშიც გადის, მაგრამ მგონი დიდებისთვისაც კარგი საკითხავი იქნება.

 

მესამე წიგნს რაც შეეხება ახლა ვკითხულობ, ვამთავრებ ფოლკნერის „დროშები მტვერში“. ძალიან მიყვარს ფოლკნერი საერთოდ და ძალიან მნიშვნელოვანია მისი წაკითხვა. მაინცადამაინც ზაფხულში საკითხავი ლიტერატურა არ არის, მაგრამ თუ ვინმეს არამსუბუქი მოუნდება, სჯობს, რომ წაიკითხოს“.

 

 

რატი ამაღლობელი, პოეტი: „ზღვაზე ყოველთვის სათავგადასავლო ლიტერატურა არის კარგი და საინტერესო. 12-13 წლის ახალგაზრდებმა სასურველია სერვანტესის „დონ კიხოტი“ წაიკითხონ.  ასევე ახალგაზრდა მკითხველს ვურჩევ „სამი მუშკეტერის“ წაკითხვას. მე ბავშვობაში უფრო ამას ვკითხულობდი, სარაინდოს და სათავგადასავლოს. „ბეჭდების მბრძანებელი“ ასევე ძალიან საინტერესო ტექსტია და ვურჩევ. ეს წიგნები უფროსებსაც შეუძლიათ გადაიკითხონ.

 

 

რაც შეეხება საკითხავს დიდებისთვის, მე მიყვარს ქალაქების ბიოგრაფია. ამ ჟანრის წიგნებში გამოვარჩევდი ორჰან ფამუქის „სტამბულს“ და პიტერ აკროიდის „ლონდონს“. ამ წიგნებში ქალაქები მთელი თავისი ბიოგრაფიებით არის წარმოდგენილი. თითქოს ქალაქის არსება ჩანს, თითქოს ქალაქი  ერთი დიდი ნოველაა, რომელიც ათასწლეულებს სწვდება. ასეთი წიგნები ძალიან მიყვარს“.   

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: